in

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენს ინიციატივას არ უსმენენ

მოდით, მაგალითის განხილვით დავიწყოთ. ელენა საწარმოო ოპერაციების გუნდის ახალი წევრია. ის უსაფრთხოების გაუმჯობესების შესაძლებლობებს ხედავს. უფიქრია კიდეც, რა უნდა უთხრას გუნდს, მაგრამ ნერვიულობს აზრის გამოთქმისას. ის ფრთხილობს თავისი ახალი უფროსის, რაიას გამო. თანაც, არც არის დარწმუნებული, რომ მისი იდეები იმუშავებს.

შეხვედრისას, რაია სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს ელენას, თუმცა ამ უკანასკნელს არ გამოსდის პრეზენტაცია ეფექტურად. ხელმძღვანელი მერყევ უკუკავშირს აძლევს და შეხვედრას ამთავრებს. შედეგად ელენა მიიჩნევს, რომ ინიციატივით გამოსვლა შეცდომა იყო. რაია არ აგრძელებს საუბარს ელენასთან, რადგან დაკავებულია და ავიწყდება ეს დიალოგიც. დროთა განმავლობაში, რაია ასკვნის, რომ ელენა უფრო აქტიური უნდა იყოს შეხვედრებზე – ის ბევრს არ საუბრობს და როცა რაიმეს ამბობს, მერყევი ჩანს. რაია ვერ აცნობიერებს, რამდენად გაამყარა მისმა რეაქციამ ელენას ვარაუდი, რომ შეხვედრებზე აზრის გამოთქმა შეცდომაა.

აზრის გამოთქმის მნიშვნელობა

აზრის გამოთქმა – და მოსმენა – ორგანიზაციებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა ითქმება და რა არა, განსაზღვრავს ეთიკურ ქცევას, ინოვაციურობას, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობას. კორპორაციული ინიციატივები აზრის გამოთქმის წახალისებისა და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შესაქმნელად კარგი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ხშირად იპარება მსგავსი ხარვეზები. ინიციატივით გამოსვლისას პასუხისმგებლობა ეკისრება მსმენელსაც, რომელმაც ყურადღება უნდა გამოიჩინოს მოსაუბრის მიმართ.

აზრის გამოთქმის წარუმატებელი მცდელობები ხშირია სამსახურებში. ამას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი, რადგან არაეფექტური გამოსვლის შედეგად, ადამიანები მიდრეკილები არიან პასიურობისკენ. შედეგად, გუნდის პოტენციალი ნელ-ნელა ირღვევა, ან ახალ წევრებს არ შეუძლიათ იმ წვლილის შეტანა, რისთვისაც ისინი აიყვანეს.

რატომ არის ასე რთული ამ ტიპის მარცხისგან სწავლა?

ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ წარუმატებლობას: სწავლისთვის ჯერ უნდა შევნიშნოთ, რომ იყო რაღაც, რისგანაც უნდა გვესწავლა. სამწუხაროდ, მაღალი რანგის ლიდერებს, ხშირად სჯერათ, რომ ისინი უკეთესი მსმენელები არიან, ვიდრე სინამდვილეში ავლენენ ამას, და რომ ისინი უფრო ღია არიან, ვიდრე სხვები ხედავენ. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები ხშირად ვერ ამჩნევენ სიტუაციებს, სადაც მათმა ქცევამ გააჩუმა სხვები.

განვიცდით არაპროდუქტიულ ემოციებს

ხშირად საყვედურს ვეუბნებით საკუთარ თავს წარუმატებელი მომენტებისთვის. ვგრძნობთ უხერხულობას ან სირცხვილს – არასასიამოვნო ემოციებს, რაც გვაიძულებს თავი ავარიდოთ უფრო დიდ ძალისხმევას. ელენამ ჩაახშო საკუთარ თავში სამომავლოც ინიციატივის გამოჩენა, ნაცვლად იმისა, რომ უფრო უკეთესად ეცადა.

კომუნიკაციის ჩაშლისას, ადამიანები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს. ეს რეაქცია გასაგებია, თუმცა – უსარგებლო. ელენა, რაიას აბრალებს უყურადღებოდ მოსმენას. რაია კი, შეიძლება გაღიზიანებული იყოს ელენას მიერ არასწორი დროის შერჩევით. დადანაშაულება გვიფანტავს ყურადღებას რეალური როლის დანახვისგან, რომელიც შევითავსეთ.

ისწავლეთ კომუნიკაციისგან. საუბრისა და მოსმენისთვის მზადყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიყოთ მზად ვისწავლოთ ურთიერთობებიდან. მიაქციეთ ყურადღება სწავლის როლს თქვენი გუნდის ეფექტურობაში.

მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ ის ფაქტორები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს ინიციატივა. ამავდროულად, გუნდის წევრებმა უნდა გააცნობიერონ, უკეთ როგორ გადმოსცენ სათქმელი.

ყურადღება მიაქციეთ სირცხვილის ან იმედგაცრუების შეგრძნებებს დისკუსიის დროს – და აღიარეთ ისინი, როგორც მინიშნებები დაფიქრებისა და გამოკითხვისთვის.

თუ თქვენ ისეთ გარემოცვაში ხართ, სადაც იშვიათია უხერხული საუბარი, შეიძლება პრობლემები გქონდეთ. იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ახალი ტერიტორიის ათვისებისაკენ გიბიძგებენ, თავისი ბუნებით გამომწვევია ხოლმე. საუბრისას დაშვებული შეცდომების დანახვა გუნდის სიჯანსაღის დასტურია. ჩავარდნების აღიარება ნიშნავს, რომ ადამიანები ამბობენ ახალ და განსხვავებულ სათქმელს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ გაიარონ ის, რაც უკვე კარგად გათელილია.

წყარო: HBR



სპრეი, რომელიც ფეხსაცმელს 6 წუთში ქმნის — Lightspray

პირდაპირი გაყიდვების ძალა: სასტუმროს შემოსავლებისა და სტუმართა კმაყოფილების გაზრდა