in

Playmakers – ქართულ კრეატიულ სივრცეში ახალი მოთამაშე გამოჩნდა

ქართულ შემოქმედებით სივრცეში ახალი მარკეტინგული სააგენტო დაიბადა, რომელიც კრეატიულ ინდუსტრიაში Playmakers-ის სახელით იასპარეზებს. მის შემადგენლობაში ნაცნობ სახეებს შეხვდებით – დიდი ხნის განმავლობაში, ისინი ერთი გუნდის წევრები იყვნენ. ახლა კი თითქოს იმ ნაკრებად ჩამოყალიბდნენ, რომლებმაც კრეატიული სააგენტოების „ჩემპიონთა ლიგაზე“ საკუთარი სათქმელი უნდა თქვან. მათ სახელებს ხშირად შეხვდებოდით წარმატებულ მარკეტინგული პროდუქტების, კამპანიების, ბრენდინგის თუ კომუნიკაციის ირგვლივ. ხანგრძლივმა ერთობლივმა მუშაობამ Playmakers-ელებს საკუთარი კომპანიის შექმნისკენ უბიძგა და დღეს, ასეთია მისი შემადგენლობა: მმართველი პარტნიორები კოკა ქამუშაძე, ნუკა შევარდნაძე, გიო ფრანგიშვილი და მარიამ ლორთქიფანიძე არიან. შემოქმედებით გუნდს მაშო სამადაშვილი და ქეთევან ბარბაქაძე წარმოადგენენ, დიზაინ გუნდი მარიამ საშას, რუსლან ბერიძესა და სერგო ტიტენკოვს აერთიანებს. პროექტის მენეჯმენტს კი მეგი ცინცაბაძე ხელმძღვანელობს.

M: Playmakers-ელები წლების განმავლობაში ერთი გუნდის წევრები იყავით და ერთად ქმნიდით – რამდენად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, შეგექმნათ საკუთარი კომპანია?

ერთად მუშაობა რომ მოგვწონდა, ამას მაშინ მივხვდით, როცა თიბისის მარკეტინგის გუნდში ერთად აღმოვჩნდით. ეს რამდენიმე წლის წინ იყო. სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, დროთა განმავლობაში იმდენად კარგად შევთამაშდით, გადავწყვიტეთ ეს თამაში გაგვერძელებინა.

უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული იყო. თითოეულ ჩვენგანს კორპორაციულ სივრცეში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ყველას გვქონია ეტაპი, როცა ინდივიდუალურად გადაგვიწყვეტია საკუთარი ბიზნესის წამოწყება და გარანტირებული კარიერის მიტოვება, თუმცა სტაბილური სამსახურის დათმობა მაინც გვიჭირდა. ახლა, ალბათ იმან გაგვაბედინა, რომ ყველას ეს სურვილი დროსა და სივრცეში ერთმანეთს დაემთხვა და ერთმანეთმა გაგვაბედინა ამ რთული ნაბიჯის გაგადგმა.

გვინდოდა გვეკეთებინა საქმე, რომელსაც ბიზნესისთვის შედეგი მოაქვს და რომლის კეთების პროცესიც სასიამოვნოა. ისევ სპორტი რომ მოვიშველიოთ, გვიყვარდა შედეგის მიღწევა, გამარჯვება და თან ეფექტური თამაში. განსაკუთრებით მოგვწონდა ისეთი პროექტების კეთება, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი.

M: რატომ ახლა?

ალბათ ახლა დადგა ის დრო, როცა ვირწმუნეთ საკუთარი ძალების და დავინახეთ ის ადგილი ბაზარზე, რომელიც შეგვიძლია შევავსოთ.

M: როგორია ქართული შემოქმედებითი ბაზარი, თქვენი შეფასებით და რა ნიშის დაკავებას გეგმავს Playmakers? 

ვფიქრობთ, ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და ამას ქვეყნის გარეთ ჩვენი სააგენტოების წარმატებაც ადასტურებს. ჩვენ თვითონაც წლების მანძილზე სხვადასხვა სააგენტოსთან ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გვითანამშრომლია. რაც შეეხება ნიშას, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ისეთი მოთამაშის გამოჩენა, რომელსაც თავად ბიზნესის მხარეს საქმიანობის გამოცდილება აქვს, ასე ვთქვათ, კლიენტის ტყავში აქვს ნაცხოვრები. შეიძლება, ეს დაგვეხმაროს, რომ განსხვავებული პერსპექტივით შევხედოთ შემოქმედებით პროცესს, ვკონცენტრირდეთ დამკვეთების ბიზნეს ამოცანებზე და ისეთი სერვისებიც შევთავაზოთ, რომელიც ტრადიციულად კრეატიულ სააგენტოებს იშვიათად აქვთ ხოლმე მენიუში. მაგალითად, გადაწყვეტები სამომხმარებლო გამოცდილების მართვის, პროდუქტის დიზაინის, შიდა კულტურის მართვის და სხვა კუთხით.

M: რა სერვისებს შესთავაზებთ დამკვეთებს და იქნება თქვენი გამორჩეული მახასიათებელი?

„ფლეიმეიქერსი“ არის შემოქმედებითი და მარკეტინგული სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელშიც გაერთიანებულია კრეატიული სააგენტოს და მარკეტინგის დეპარტამენტის ფუნქციები. ამიტომ გუნდში შემოქმედებითი და პრაქტიკული რესურსები თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. ეს საშუალებას გვაძლევს, პროცესს შევხედოთ დიდი სურათში და წარვმართოთ ისე, რომ ბიზნესმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

რაც შეეხება სერვისებს, ეს იქნება ე.წ. Big idea, სტრატეგიული და ვიზუალური ბრენდინგი, ღონისძიებების კონცეფციები, კონტენტის სტარტეგია, შემოქმედებითი გადაწყვეტები (პროდუქტის შეფუთვის, დიზაინის და სამომხმარებლო გამოცდილების მიმართულებით).

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც დიდ აქცენტს გავაკეთებთ, ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაა და ამაში მაქსიმალურ ძალისხმევას ჩავდებთ, იქნება ეს მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება თუ ე.წ. დედლაინების მკაცრი დაცვა.

M: რას ნიშნავს სახელი Playmakers?

სახელი ფლეიმეიქერსი სპორტიდან მოდის, უფრო სწორად სპორტის გუნდური სახეობებიდან. ეს არის მოთამაშე, რომელიც დირიჟორის როლს ასრულებს – განსაზღვრავს თამაშის ტემპს, რითმს, იწყებს გუნდის შეტევას და რაც მთავარია, მუდმივად ცდილობს საგოლე გადაცემა მიაწოდოს პარტნიორებს. ამ პოზიციას იტალიურად “ფანტაზისტა” ეწოდება, ეს არის პოზიცია, რომელიც საკუთარი ფანტაზიის და არაპროგნოზირებადობის გამოყენებით ცდილობს გუნდს გამარჯვება მოუტანოს.

M: როგორია კომპანიის განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია, მოკლე ვადაში, ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ვიქცეთ, რამდენიმე წელიწადში კი, აქტიურად გავიდეთ საერთოშირისო ბაზარზე.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ უნდა აქციოთ წუხილი თქვენთვის სასარგებლო პროცესად?

Sony და Honda ელექტომობილების ერთობლივ ბრენდს წარადგენენ!