in

ტექნოლოგიური გიგანტები და რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთ-უკრაინის ომის სცენარი უარესდება და ასეთ დროს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. Google, Meta, Grammarly და მსოფლიოში ცნობილი სხვა ტექგიგანტები, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობენ რეაგირებას და უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეაგირება უკრაინის მხარდაჭერაში გამოიხატება, რაც ცალსახად პოზიციონირებასაც ნიშნავს მათი მხრიდან.

ჩვენ თვალი გადავავლეთ იმ კომპანიების სიას, რომლებმაც გარკვეული სანქციები დააწესეს რეკლამებზე ან შეზღუდეს გამოყენების ფუნქციები თავიანთ პლატფორმებზე. მაგალითად, Google-მა მედიასაშუალება RT-ს ფულის მიღების საშუალება აუკრძალა როგორც ვებსაიტებზე, ისე აპლიკაციებსა და YouTube-ის ვიდეოებზე.

თავის მხრივ, უკრაინელი ლიდერები დაუკავშირდნენ მსოფლიოს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის Google-სა და Apple-ს, რათა შეზღუდონ მათი სერვისები რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილო ფედეროვმა წერილები მისწერა ამ ორ უდიდეს ტექნიკურ კომპანიას. ტვიტერში ფედეროვი აღნიშნავს, რომ დაუკავშირდა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს, რათა კომპანიას დაებლოკა Apple Store-ის სერვისები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობის სანქციების პაკეტს. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მიმართა Google-ს, რუსეთის ფედერაციაში კომპანიის სერვისების შეწყვეტის მოთხოვნით, მათ შორის Google Pay სერვისისაც.

როგორ გამოეხმაურა “გუგლი”?

 “გუგლის” ერთეულმა YouTube-მა განაცხადა, რომ ის რამდენიმე რუსულ არხზე მონეტიზაციის შესაძლებლობას თიშავს. მოგვიანებით დაამატა, რომ ის ასევე უკრძალავს რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებს, გამოიყენონ მისი სარეკლამო ტექნოლოგია საკუთარ ვებსაიტებზე და აპლიკაციებზე შემოსავლის მისაღებად.

გარდა ამისა, რუსული მედია ვერ შეძლებს რეკლამების შეძენას Google Tools-ის მეშვეობით და ვერც განათავსებს რეკლამას Google სერვისებზე, როგორიცაა Search და Gmail, განაცხადა სპიკერმა მაიკლ აციმანმა.

”ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ახალ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შემდგომ ნაბიჯებს”, – დასძენს ის.

თუკი ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის, აქვე განგიმარტავთ, რომ მარტო YouTube არხებიდან რუსეთმა დაახლოებით 7-დან 32 მილიონ დოლარამდე მიიღო ბოლო 2 წლის განმავლობაში. გარდა მონეტიზაციის გათიშვისა, ეს არხები მომხმარებლისთვის რეკომენდებულ არხთა სიაშიც აღარ გამოჩნდება.

Meta

Meta-ს უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა 2022 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა, რომ “მეტა” აუკრძალავს რუსულ სახელმწიფო მედიას რეკლამების გაშვებას, ასევე პლატფორმაზე მონეტიზაციას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ინსტაგრამზე კი კომპანიამ გამოაქვეყნა გაფრთხილება უკრაინაში კონფიდენციალურობისა და ანგარიშის უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული ნაბიჯებით, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ანგარიში.

თავად მოსკოვმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე დღესვე Meta Platforms Inc-ის Facebook-ზე წვდომის შეზღუდვაზე ისაუბრა და დაადანაშაულა ის რუსული მედიის „ცენზურაში“.

მიმდინარე ამბებს მიკრობლოგების ცნობილი ჩიტიც ეხმიანება. Twitter-მა დროებით შეაჩერა რეკლამები უკრაინასა და რუსეთში, რათა უზრუნველყოს კრიტიკული, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინფორმაცია და რეკლამებმა არ იმოქმედოს შემაწუხებლად მასზე. პლატფორმა ასევე აკონტროლებს მომხმარებელთა აქტივობებს, ე.წ. “ტვიტებს”, რათა თავიდან აიცილოს მანიპულირება.

ინტერნეტის ობსერვატორია NetBlocks-მა განაცხადა, რომ Twitter-ი შეიზღუდა რუსეთის წამყვან ქსელებზე. Reuters-ის რეპორტიორმა მოსკოვში შაბათს თქვა, რომ საიტი ნელი იყო და უჭირდა ტვიტების გაგზავნა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი წლებია ცდილობს, განახორციელოს უფრო მკაცრი კონტროლი ინტერნეტზე და დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მცდელობებით, რომლებიც კრიტიკოსების თქმით, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ და კორპორატიულ თავისუფლებას და წარმოადგენს კრემლის აშკარა ოპონენტების დარბევის ნაწილს.

რაც შეეხება Grammarly-ს, ენობრივი გადაწყვეტების კომპანიამ მოამზადა საგანგებო გეგმები სხვადასხვა სცენარისთვის – ფინანსურ და ლოჯისტიკურ დახმარებასთან ერთად, უკრაინაში თავისი გუნდის წევრების მხარდასაჭერად. Grammarly-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ ჰუვერმა LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ კომპანია გააგრძელებს სხვადასხვა როლის დაქირავებას და Grammarly-ს უფასოდ შესთავაზებს ყველა არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციას.

“უკრაინას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში”, – წერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავის LinkedIn-ზე.

სანტერესოა რას აპირებს Apple, რომლის პასუხიც ჯერ არ ვიცით, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიურ კომპანიას ჯერ არ განუმარტავს თავისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ გახდა ამერიკა ფერერა ამერიკის რჩეული – შთამაგონებელი ამბავი

კარფურის 10 წლის იუბილე და მორიგი კამპანია ბრენდის ერთგული მომხმარებლებისთვის