in

როგორ იმოქმედებს ტექნოლოგიური კომპანიების ბოიკოტი რუსეთზე?

ცნობილი ბრენდების ავტომობილებიდან ცხენებამდე და ორთვალებამდე…

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინასთან ომი და “წარსულში დაბრუნება” დაიწყო. აქ დროის მანქანაზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ… ეს ეხება ტექნოლოგიურ უკუსვლას, რომლის დაჩქარებულ რიტმშიც აქტიურად ჩაერთო რუსეთი (ნებსით თუ უნებლიედ). უფრო კონკრეტულად, საომარი მოქმედებების დაწყების პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპული ქვეყნების უმეტესობამ პროდუქციის ფართო ნაკრების ექსპორტის შეზღუდვა დაიწყო.

სწრაფად მზარდი სანქციების ფონზე, ჩინეთმაც უარი განაცხადა რუსული ნავთობის შეძენაზე, ხოლო ირლანდიამ რუსეთისთვის ლიზინგის წესით მიქირავებული თვითმფრინავების უკან დაბრუნება მოითხოვა. რუსეთის თვითმფრინავების აბსოლუტური უმრავლესობა კი სწორედ ლიზინგის წესითაა ირლანდიისგან დაქირავებული. ისინი თვითმფრინავების დაბრუნებას ერთი ან ორი კვირის ვადაში მოითხოვენ… შედეგად, 2-3 თვის შემდეგ, შესაძლოა, ვლადივასტოკში მატარებლით ან კერძო ავტომობილით მოუწიოთ ადამიანებს მგზავრობა. შესაძლოა, ზოგიერთ ქალაქში ჩასვლას ორი კვირაც კი დასჭირდეს.

ამას მოსდევს ტაივანი და მისგან მიკროსქემების შეძენის საკითხი — კერძოდ, ტაივანმა უარი განაცხადა რუსეთისთვის მიკროსქემების მიწოდებაზე. თავის მხრივ, აღნიშნული მიკროსქემები რუსული ავიაციისა და ყველა სხვა მსხვილი ტექნოლოგიის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მოკლე პერიოდში მთელი მათი დანადგარები ერთ დიდ ჯართის გროვად იქცევა. 

რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდებას აჩერებენ AMD და Intel-იც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც დამზადებულია აზიაში და განკუთვნილია რუსეთისთვის, მოიცავს ჩიპებს, რომლებიც აშშ-ის ხელსაწყოებით არის შექმნილი.

ეს ყველაფერი არ არის… რუსეთის მოსახლეობა არა მხოლოდ თვითმფრინავების, არამედ ცნობილი ბრენდების ავტომობილების გარეშეც დარჩება. მალე ქვეყანაში იმპორტირებული აღარ იქნება ისეთი კომპანიების ავტომობილები, როგორიცაა BMW, Audi, Mercedes, Porshce. შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების მანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ცხენებით მოგვიწევს სიარული… ცხენები ხომ მაინც გვყავს საკუთარი?

კი, ცხენები ნამდვილად ჰყავთ და ორთვალების გამოყენებაც არ გაუჭირდებათ.

ცხადია, შეზღუდვები ავტომობილების ნაწილების მოწოდებასაც ეხება. “ჩვენ, სულ ელემენტარულს — გაფუჭებული მუხრუჭების შეცვლასაც კი ვეღარ შევძლებთ არსებულ ავტომობილებზე. თუმცა, გარდა ამისა, უმწვავესი პრობლემის წინაშე დავდგებით, რაც დაკავშირებული იქნება სამედიცინო აღჭურვილობის მოვლა-შენახვასთან. მაგალითად, ხვალ ვიღაც დაინფიცირდება კოვიდით და მას დასჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, ან ოპერაცია… ამგვარი დანადგარებიც და მათი ნაწილებიც ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებულია, სანქციების გავლენით კი მათი მოწოდება შეწყდება”, — აცხადებს ოლეგ მითვოლი, რუსი ბიზნესმენი.

სამედიცინო თვალსაზრისით, საგულისხმოა დაშავებულ ჯარისკაცთა მდგომარეობაც. ამ დრომდე, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობა საუკეთესო პროთეზს გერმანიაში იღებდა. ახლა კი ამ კუთხითაც შეიქმნა პრობლემა.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს, ისინი ამ ეტაპზე ნებადართულია მანამ, სანამ არ გაეგზავნება რუსეთის მთავრობის თანამშრომლებს ან გარკვეულ დაწესებულებებს. ასევე, შეზღუდული არ არის მომხმარებელთა დაშიფვრის ტექნოლოგიები — ამას ერთ-ერთი ექსპერტი იმით ხსნის, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არ სურთ აქტივისტებისთვისა და მედიისთვის ზიანის მიყენება.

ექსპერტების თქმით, შეზღუდვები და სანქციები ისეთი ყოვლისმომცველი არ არის, როგორც აშშ-ის სავაჭრო ქმედებები ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე. თუმცა, შესაძლოა, მათ გაცილებით დიდი შედეგები მოჰყვეს გლობალურად, რადგან რუსეთი მეტად გადაჯაჭვულია მსოფლიო ეკონომიკასთან.

ავტორი: ქეთია ბელქანია

ლექციები საგამომცემლო საკითხებზე – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ახალი პროექტი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უფროსს თქვენს ეფექტურობაში ეჭვი შეაქვს?