დრონებით ამანათების მიტანის იდეის გაჟღერებიდან ათწლეულზე მეტი გავიდა და დღეს, Amazon ამ კონცეფციას დალასის გარეუბნებსა და სხვა ლოკაციებზე აქტიურად ცდის. რეაქცია არაერთგვაროვანია. მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი აღფრთოვანებულია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ხმაურზე, დისკომფორტსა და პირადი სივრცის დარღვევაზე ჩივის. სამეზობლო გაერთიანებების ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, რომ საცხოვრებელ უბნებში დრონების მუდმივი ფრენა სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მოულოდნელი არ გახლავთ, თუმცა ბოლო პერიოდში ინოვაციები საზოგადოებაში მკვეთრ პოლარიზაციას იწვევს. დრონებით მიწოდების სერვისის გარდა, Meta-ს ჭკვიანმა სათვალეებმა და სანომრე ნიშნების ამომცნობმა სისტემებმა ცხარე პროტესტი და მოწყობილობების ფიზიკური დაზიანების შემთხვევებიც კი გამოიწვია. ამას ემატება დისკუსია ხელოვნური ინტელექტის გარშემო – დაწყებული მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარებით, დამთავრებული განათლებასა და შემოქმედებით პროცესზე მისი გავლენით.
ადაპტაციის გზა
ნებისმიერ ინოვაციას ყოველთვის ჰყავდა კრიტიკოსები, სკეპტიკოსები და ღია მოწინააღმდეგეები. ინტერნეტის მთელი ისტორია ციფრულ სიახლეებსა და მათ შესაძლო შედეგებზე უწყვეტი დებატების ჯაჭვი გახლავთ.
იყო დრო, 2016 წელს გამოჩენილმა Apple-ის AirPods-მა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სადენიანი ყურსასმენების ჩანაცვლებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაღალ ფასს აკრიტიკებდა და დიზაინს დასცინოდა, თუმცა დღეს უსადენო ყურსასმნები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ანალოგიურად, პირველ iPod-საც გადაფასებულ ექსპერიმენტად მიიჩნევდნენ, საბოლოოდ კი მან წარმატებული პროდუქტის სახელი დაიმკვიდრა და გზა iPhone-ის გამოჩენას გაუხსნა.
დღევანდელი ტალღა განსხვავებულია იმით, რომ სკეპტიკოსები გაცილებით აქტიურები და ხმამაღლები არიან. თავის დროზე მუსიკალური პლეერების გამო საჯარო სივრცისა და პირადი ცხოვრების ზღვრის წაშლაზე საკრებულოს შეხვდრებსა თუ საპარლამენტო მოსმენებზე არავინ მსჯელობდა. დღეს მომხმარებელთა გარკვეული წილი ადრეულ ეტაპზევე პასიურ როლს კი არ ირჩევს, კამათში აქტიურად ერთვება.
კრიტიკა როგორც განვითარების რესურსი
ინოვაციის გავრცელების თეორიის მთავარი არსი ისაა, რომ ცოცხალი საუბრები და დისკუსია კულტურაში ახალ იდეებს გაცილებით უკეთ ამკვიდრებს, ვიდრე ნებისმიერი თავსმოხვეული მეთოდი. არსებული გამოცდილება აჩვენებს, რომ უარყოფითი გამოხმაურებაც კი კომპანიებს სუსტი წერტილების პოვნასა და გამოსწორებაში ეხმარება. Meta-მ უკვე შეცვალა ჭკვიანი სათვალეების გარკვეული დეტალები, უსაფრთხოების სისტემების მწარმოებლები კრიტიკის საპასუხოდ პროგრამულ ცვლილებებს ნერგავენ, ხოლო დრონების სერვისები რეალურ მომხმარებლებთან ურთიერთობით საკუთარ მიდგომებს ხვეწენ.
წყარო: Fastcompany












