„ყველა კომპანია ტექნოლოგიურია“, – ეს აზრი ბიზნესის ლიდერებისა და აღმასრულებელი დირექტორების თავში, სულ რამდენიმე წლის წინ ამოტივტივდა და ყოველდღიურად უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამის მიზეზი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპი, არამედ ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო პოზიციების მზარდი მაჩვენებელია.
ასეთი ცვლილებები, დამსაქმებლებს მიუთითებს ახალი მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, თანამშრომელთა ტექნოლოგიური უზრუნველყოფის განსხვავებულ საჭიროებებსა და იმ ოპტიმალური მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ჰიბრიდულად მომუშავე ტექნოლოგიურ სამყაროზე იქნება ადაპტირებული.
რამდენადაც დისტანციური (ან ჰიბრიდული) სამუშაო რეჟიმის პირობებში თანამშრომლები ფიზიკურად ნაკლებად ცენტრალიზებულნი ხდებიან, ტრადიციული აქცენტი, რომელიც საოფისე პრივილეგიებზე კეთდებოდა, სწრაფად მცირდება. ხოლო ტექნოლოგიების როლი იზრდება. ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გამოცდილებას იღებს თანამშრომელი. ხოლო, მეორე მხრივ, კომპანიებისთვის ცენტრალური ფაქტორი ხდება ახალი ტალანტის მოზიდვა-შენარჩუნების მიმართულებით, ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებაში, პროდუქტიულობის ზრდის მიღწევის საკითხში და სხვა.
Qualtrics-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამშრომლები 230%-ით უფრო მეტად არიან ჩართული და 85%-ით უფრო მეტად დარჩებიან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამუშაოდ, თუ გრძნობენ, რომ აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიური მხარდაჭერა. არსებობს მთელი რიგი სარგებელი, რომელიც მოდის სამუშაო ადგილზე სწორი ტექნოლოგიის დანერგვით, მათ შორის, ინკლუზიის კულტურის ხელშეწყობა, ორგანიზაციების ადაპტაციის შესაძლებლობა და საუკეთესო ტალანტის შენარჩუნება.
ამდენად, კომპანიების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია დაადგინონ, როგორაა შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიურ ერაში ჯანსაღი სამუშაო კულტურის შენარჩუნება. უკანასკნელ წლებში, როცა ყველა კომპანია ტექნოლოგიური კომპანია გახდა, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა თანამედროვეობის გამოწვევებს უპასუხო. ქვემოთ სწორედ ამ ნაბიჯებზე მოგიყვებით.
ინფორმაციის მიღება
დამსაქმებლებმა უნდა დაუსვან კითხვები თანამშრომლებს – აქვთ თუ არა მათ შესაბამისი სამუშაო ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა საქმის შესასრულებლად, განსაკუთრებით ჰიბრიდულ ან დისტანციურ სამუშაო გარემოში. ნურასოდეს ივარაუდებთ, რომ თანამშრომელი ფლობს ძლიერ მოწყობილობას და აქვს სწრაფი ინტერნეტი. Microsoft-ში დისტანციურად მუშაობის ერთი წლის შემდეგ, თანამშრომლების 42% ამბობს, რომ მათ აკლიათ აუცილებელი საოფისე ინვენტარი, ხოლო 10-დან 1-ს არ აქვს ადეკვატური ინტერნეტ კავშირი, თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ასევე, Microsoft-ის სამუშაო ტენდენციის ინდექსმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა 46%-ზე მეტის თქმით, მათ დისტანციური სამუშაოს ხარჯებში კომპანია არ ეხმარება – რაც ფუნდამენტური ნაბიჯი უნდა იყოს თანამშრომლების პროდუქტიულობის დასახმარებლად.
IT სპეციალისტებმა, მენეჯერებმა თუ კომპანიის ლიდერებმა რეგულარულად უნდა ითანამშრომლონ HR-თან. გაარკვიონ, რას ფიქრობენ ადამიანები იმ ინსტრუმენტებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლებსაც მათ კომპანია სთავაზობს და რა ტექნოლოგიის დანერგვა დაეხმარებათ, საქმის უფრო ეფექტურად შესასრულებლად. მხოლოდ ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა შეიცვალოს არსებული რესურსები და/ან პროცესები უკეთესობისკენ – დადგინდეს, სად სჯობს ინვესტირება ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებისა და თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდისთვის.
მოქმედება
როგორც კი დამსაქმებლები გააცნობიერებენ ციფრული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანია, მიიღონ კონკრეტული ზომები ნებისმიერი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. გარდა ამისა, ისინი გამჭვირვალე უნდა იყვნენ პრიორიტეტებისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, რადგან აქტიური, ჯანსაღი კომუნიკაცია და სამუშაო კულტურა აგენერირებს წინ გადადგმულ ნაბიჯებს.
თანამშრომლებს სჭირდებათ იცოდნენ, რომ კომპანია მხოლოდ საუბრით არაა დაკავებული და ის რეალურად, მოქმედებით ცდილობს უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნაზე. ამისთვის ლიდერების მხრიდან მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკმარისის არაა. მნიშვნელოვანია, კომპანიას ჰქონდეს თანამშრომელთა მოსმენის მუდმივი მზაობა, ზრუნავდეს გარემოზე, სადაც ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლა მაქსიმალურად დიდი დოზით მოხდება, ამყარებდეს უკუკავშირს, არიგებდეს შეფასებებსა თუ რეკომენდაციებს და ა. შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ოდესღაც სიახლეს წარმოადგენს მუდმივად ეფექტური არ იქნება. როგორც პანდემიამ არაერთხელ დაგვანახა, კომპანიის მთავარი საზრუნავი მოქნილობა უნდა იყოს, რათა ნებისმიერ ცვლილებაზე ადაპტირება შეძლოს.
კარი ღია უნდა დატოვოთ
ტექნოლოგიები იცვლება, ვითარდება, ძველდება – ოდესღაც ეფექტური საშუალებები, შესაძლოა, გამოუსადეგარი და/ან საქმისათვის საზიანო გახდეს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ მექანიზმების მუდმივი არსებობა, რომლითაც თანამშრომელთა განწყობებსა და აზრებს მოვისმენთ. კერძოდ, რამდენად კარგად იყენებენ ისინი შეთავაზებულ სამუშაო ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, ასევე, რა სჭირდებათ ამ მიმართულებით იმისთვის, რომ უფრო პროდუქტიულები გახდნენ. დამსაქმებლებმა უნდა გააგრძელონ იმის მოსმენა, თუ რა სურთ და სჭირდებათ მათ თანამშრომლებს – რა მუშაობს და რა არა – და შესაბამისად რა შეცვალონ.
პანდემიამ შეგვახსენა, რომ მომავალი ნამდვილად გაურკვეველია და მოულოდნელობებით არის სავსე. თუმცა, მონაცემების მუდმივი მიღებით, თანამშრომლებისა თუ მომხმარებლებისგან და მოქნილობის უზრუნველყოფით, კომპანიებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა შექმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო.
წყარო: HBR