in

ქალები, რომლებმაც ტექნოლოგიური სამყარო გარდაქმნეს

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ეს არის დღე, როდესაც ყველა განსაკუთრებით აღვნიშნავთ ქალების როლს მთელ მსოფლიოში — როგორც ყოველდღიურობაში, ისე ამა თუ იმ ინდუსტრიასა და სფეროში. სტატიაში კი იმ ქალებზე გიამბობთ, რომლებმაც ტექნოლოგიური სამყარო სამუდამოდ შეცვალეს.

1. ადა ლავლეისი: მსოფლიოს პირველი კომპიუტერული პროგრამისტი

ადა რომანტიკოსი პოეტის, ლორდ ბაირონის ქალიშვილი იყო. მისი მათემატიკური ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოვლინდა, შესაძლებლობებსა და მანქანის მექანიზმების მუშაობისადმი ინტერესში. ამიტომაც, ადა ჩარლზ ბაბიჯთან მუშაობდა, რომელმაც 1834 წელს პირველი „ანალიტიკური მექანიზმი“ შექმნა — რეალურად, ის თანამედროვე კომპიუტერის ფუნდამენტურ ელემენტებს შეიცავდა. სწორედ ამ მოწყობილობაზე მუშაობდა ადაც და ასე იქცა მსოფლიოს პირველ პროგრამისტად… მოგვიანებით, 1940-იან წლებში ალან ტიურინგმა ჩარლზისა და ადას ნიმუშის პრინციპი გამოიყენა, თანამედროვე კომპიუტერის შესაქმნელად.

2. გრეის ჰოპერი: საპატიო კომპიუტერული მეცნიერი

ტექნოლოგიური სამყაროსთვის უდავოდ ცნობილი პიროვნება, გრეის ჰოპერი, კომპიუტერული მეცნიერი იყო — ის მსოფლიოს წამყვან პროგრამისტებთან მუშაობდა Harvard Mark I-ის შექმნაზე. გრეისის დამსახურებებს შორისაა COBOL-ის, ადრეული პროგრამული ენის შემუშავება, რომელსაც დღესდღეობითაც აქტიურად იყენებენ. 1947 წელს მან პირველი კომპიუტერული ბაგი გამოასწორა და ეს ფრაზაც წარმოთქვა: „ზოგჯერ პატიების თხოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღების“. 

3. ჰედი ლამარი: WiFi-ის გამომგონებელი

საზოგადოების ნაწილი ჰედის თავისი სამსახიობო კარიერით იცნობს, თუმცა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დიდი წვლილი მიუძღვის… იგი თვითნასწავლი გამომგონებელი იყო, რომელმაც 1942 წელს ჯილდოც კი მიიღო „საიდუმლო საკომუნიკაციო სისტემის“ პატენტის შექმნისთვის. საბოლოოდ, იდეამ ხელი შეუწყო WiFi-ის, GPS-ისა და Bluetooth-ის განვითარებას, რომლებიც დღეისათვის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

4. ენი ისლი: რაკეტის მეცნიერი NASA-ში

ენი NASA-ში რაკეტის მეცნიერის პოზიციაზე მუშაობდა და ამავდროულად, STEM-ის გენდერულ და რასობრივ მრავალფეროვნებას იკვლევდა. ის 4 იღბლიან აფროამერიკელს შორის მოხვდა — 34 წლის თავზე კი უამრავი პროექტის ნაწილი იყო, როგორც კომპიუტერული მეცნიერი. ენი იქცა იმის ნათელ ვიზუალიზაციად, თუ როგორ დაიმსხვრა ბარიერები თანაბარი დასაქმების სასიკეთოდ.

5. მერი უილკესი: პირველი ადამიანი, რომელიც პერსონალურ კომპიუტერს სახლში მოიხმარდა

მერი ყოფილი კომპიუტერული პროგრამისტია, რომელმაც LINC-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იმუშავა — ეს პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სისტემა იყო. ამ უკანასკნელის შექმნამ კი 1965 წელს მერის საშუალება მისცა, პირველი „სახლის კომპიუტერის მომხმარებელი“ გამხდარიყო.

6. ადელ გოლდბერგი: GUI-ის შთაგონება

Smalltalk-80 — ასე გქვია ადელის მიერ შემუშავებულ პროგრამულ ენას, რომელმაც Apple-ის პირველი კომპიუტერის შექმნას შეუწყო ხელი. ამასთან, ადელისა და მისი გუნდის კონცეფციები მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისების (GUI) საფუძვლად იქცა, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

7. რადია პერლმანი: „ინტერნეტის დედა“

ამ მეტსახელით ცნობილი რადია Spanning Tree Protocol (STP)-ის ალგორითმის უკან დგას, რამაც დღევანდელი ინტერნეტის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისმა ნამუშევარმა დიდი გავლენა იქონია ქსელების თვითორგანიზებასა და მონაცემების გადაადგილებაზე, ასევე, ინტერნეტ ტრაფიკის ძირითადი წესების დანერგვაზე.

აღსანიშნავია, რომ რადია კვლავ Dell EMC-ის კომპიუტერული პროგრამისტი და ინჟინერია.

8. კათრინ ჯონსონი: NASA-ს მათემატიკოსი

კათრინის, როგორც ნასას მათემატიკოსის, ტრაექტორიული ანალიზი გადამწყვეტი აღმოჩნდა აშშ-ის პირველი კოსმოსური ფრენის განხორციელებისთვის. მისი კომპლექსური გამოთვლები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სხვა, სამომავლო მისიებისთვისაც — 97 წლის ასაკში კათრინი „პრეზიდენტის თავისუფლების მედლითაც“ დააჯილდოვა ბარაკ ობამამ.

9. კარენ სპერკი-ჯოუნსი: პიონერი ინფორმაციულ მეცნიერებაში

კარენი ინფორმაციული მეცნიერების სფეროში პიონერი იყო… კერძოდ, მან შექმნა Inverse Document Frequency (IDF) — ფაქტორი, რომელიც დოკუმენტში სიტყვის მნიშვნელობას განსაზღვრავს. ამჟამად ეს უკანასკნელი საძიებო სისტემებში გამოიყენება, რათა მომხმარებლებმა რელევანტური შედეგები მიიღონ. კარენი 2007 წელს Lovelace Medal-ით დააჯილდოვეს.

10. ელიზაბეთ ფეინლერი: ორიგინალი საძიებო სისტემის ავტორი

1972-1989 წლებში ელიზაბეთი Network Information Center-ს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ე. წ. „პრეისტორიული გუგლი“ შექმნა. NIC იყო პირველი ვებგვერდი, რომელიც სხვადასხვა რესურსის ინტერნეტში განთავსებას უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ელიზაბეთის გუნდა შეიმუშავა ისეთი დომენები, როგორებიცაა: .com, .edu, .gov, .net და ა. შ.

განსაკუთრებული დედის დღე Moore-ში!

Udemy – პლატფორმა ხარისხიანი განათლების მსურველებისთვის, რომლის იდეაც სკოლის მოსწავლის ენთუზიაზმით დაიწყო