in

5 ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ევროპაში, რომელზეც უნდა იცოდეთ

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების სფერო სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში. ბუნებრივია, ინტერესი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ სულ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სპეციალობას და ეძებს სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს, სადაც სფეროს პროფესიონალურად დაუფლებას შეძლებს. საქართველოში, ტექნოლოგიური მიმართულებით, რამდენიმე სასწავლებელი ფუნქციონირებს, თუმცა დიდია ინტერესი საერთაშორისო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი, ევროპული უნივერსიტეტების მიმართ. თუკი გაინტერესებთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტების რა ალტერნატივა შეგიძლიათ განიხილოთ, ევროპის მასშტაბით, მოგვყევით, ამ სტატიაში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტებზე მოგითხრობთ.

TalTech – ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ესტონეთის ერთადერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. Skype-ის სამშობლო თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტექნოლოგიური და ინოვაციური ჰაბია, რომელიც ამ ტიპის სტარტაპერებისა და სხვა სპეციალისტებისთვისაც განსაკუთრებულად მიმზიდველია. იმ ფონზე, რომ Glassdoor-ის ანალიტიკოსების დასკვნით, ესტონეთში შემოსავლები და ძირითადი ხარჯები – ბინის ქირა, კვების პროდუქტების და ტრანსპორტის ღირებულება, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია, ხოლო სახელმწიფო სერვისების 99% ონლაინ ხორციელდება, ეს ქვეყანა მიმზიდველია როგორც სწავლას მოწყურებულთათვის, ისე დასაქმების მსურველთათვის. ბიზნესის დარეგისტრირება, ონლაინ რეჟიმში, 15 წუთშია შესაძლებელი, შესაბამისად, ბიზნესმენებს ესტონეთი ამითაც ხიბლავს.

TalTech-ის უნივერსიტეტი 102 წლისაა და ის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 2.5%-ს შორისაა. გარდა იმისა, რომ “ტალტეკი” ტექნოლოგიური და ინჟინრული გადაწყვეტითაა ცნობილი (მათ შორის, 5G ინტერნეტითა და უპილოტო ავტომობილებით), თანამშრომლობს 500 უნივერსიტეტთან, აერთიანებს 10 300 სტუდენტსა და 1800-ზე მეტ თანამშრომელს და 1700-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს, 100 ქვეყნიდან. International Student Barometer (ISB)-ის ბოლო მონაცემებით, “ტალტეკს”, სტუდენტების შეფასებით, ევროპის 48 უნივერსიტეტს შორის, ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აქვს – კურსდამთავრებულთა 82% ამბობს, რომ “ტალტეკს” სხვებსაც ურჩევდა – ევროპის სხვა უნივერსიტეტებში ეს ნიშნული 78-79%-ია. “ტალტეკს” აქვს გამორჩეული დიზაინისა და ეკიპირების კამპუსი და ბიბლიოთეკა. ერთ კამპუსში გაერთიანებულია სამეცნიერო პარკი, 150 მაღალტექნოლოგიური კომპანიით, სტარტაპ ინკუბატორი, სტარტაპის პრე-ინკუბატორის პროგრამა, ტარდება სტარტაპ-კონკურსები, კვლევები, სტაჟირება. აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს Microsoft-თან, Google-თან, IBM-თან, Samsung-თან და სხვა გლობალურ ბრენდებთან. ამდენად, სტუდენტს აქვს იდეალური გარემო, რომ სფეროში შეაბიჯოს და დაიმკვიდროს თავი. ტექნოლოგიური მიმართულების გარდა, “ტალტეკში” ესტონეთის უდიდესი ბიზნეს სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ერთ სივრცეში ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამებს აერთიანებს.

ძირითადი პროგრამები: კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული და სისტემური ინჟინერია, პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, ინდუსტრიული ინჟინერია, მომავლის დიზაინი და ტექნოლოგიები, მასალების ტექნოლოგიები და სხვა.

ETH Zurich – ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჯერ კიდევ, 1855 წლიდან არსებობს და ევროპის საუკეთესო ხუთეულსა და მსოფლიო უნივერსიტეტების ტოპ ათეულში ღირსეული ადგილი უჭირავს. შვეიცარიის ჩრდილოეთ მხარეში მდებარე ეს ტექნოლოგიური სასწავლებელი მსოფლიო დონის საგანმანათლებლო ჰაბია, რომელმაც ნობელის 21 ლაურეატი გამოზარდა, მათ შორის, ალბერტ ეინშტეინი. თუმცა, შვეიცარია, ესტონეთთან შედარებით, ბევრად ძვირი დაგიჯდებათ, ცხოვრების თვალსაზრისით. ETH Zurich 530 პროფესორსა და 120 ქვეყნის 21 400-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. უნივერსიტეტის სახელზეა პატენტის 109 აპლიკაცია და ყოველწლიურად, დაახლოებით, 205 ახალი გამოგონება. სწორედ, ამ უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს მსოფლიოს პირველი მფრინავი მანქანა, რომელსაც ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია ფრენა. მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ რობოტიკაში, სატრანსპორტო საშუალებებში, ქარის ტურბინებისა და ბირთვული მიმართულებით.

კამპუსი – შთამბეჭდავი, ისტორიული და თანამედროვედროვე არქიტექტურის ნაზავია.

რაც შეეხება სასწავლო სფეროებს, უნივერსიტეტი ძირითადად მედიცინის, მონაცემების, მდგრადი განვითარების, ანალიტიკური აზროვნებისა და ინოვაციების გარშემო ოპერირებს, რაც, მაგალითად “ტალტეკის” ორიენტირისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტალინთან შედარებით, უფრო მეტად, ამ სფეროს “კლასიკურ” მიმართულებებს მიჰყვება.

ძირითადი პროგრამები: მექანიკური ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიოლოგია, ინტერდისციპლინური მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მენეჯმენტი, ტექნოლოგია & ეკონომიკა, სისტემაზე ორიენტირებული ბუნებრივი მეცნიერებები და სხვა.

The Technical University Munich (TUM) – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 1868 წლიდან არსებობს. ის 43 000 სტუდენტის განათლებაზე ზრუნავს, რომელთაგან მესამედზე მეტი ქალია. მიუნხენის უნივერსიტეტის ანგარიშზე 17 ნობელიანტი კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტი ბავარიის ისტორიულ მხარეშია განთავსებული. ეს მხარე საინტერესოა არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ გასართობი და სამოგზაურო თვალსაზრისითაც. აქ იმართება ოქტობერფესტი, BMW-ის მუზეუმიც აქაა და მიუნხენი ბევრისთვის საკულტო საფეხბურთო კლუბის მშობლიური ქალაქიცაა. ქალაქი მდიდარია როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე ღირსშესანიშნაობით. ასევე, კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადასაადგილებლად და შოპინგისთვისაც. უნივერსიტეტის 15 დეპარტამენტი ოთხ ქალაქში: მიუნხენში, გარხინგში, ვაიხენშტეფანსა და შტრაუბინგშია განაწილებული.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა სწავლებისა და კურსდამთავრებულების დონით. TUM-ის ცხრა მკვლევარი მსოფლიოს ყველაზე აღიარებულ მეცნიერთა შორისაა. TUM ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკურ უნივერსიტეტადაა მიჩნეული. ამ უნივერსიტეტში დაეუფლებით მიკრობიოლოგიურ, ბიოქიმიურ, ნეიროინჟინრულ, საავტომობილო თუ კოსმოსურ მეცნიერებებს, ტექნოლოგიებსა და ინჟინრულ მიგნებებს. უნივერსიტეტი სტუდენტურ ცხოვრებასაც ითვალისწინებს და მათთვის სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობებს უწევს ორგანიზებას, ასე რომ, TUM-ში მოსაწყენად ნამდვილად არ გეცლებათ.

ძირითადი პროგრამები: საავიაციო ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები, კვების ტექნოლოგია, გეიმ-ინჟინერია, ინდუსტრიული ბიოტექნოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგიები, საავტომობილო ტექნოლოგიები…

Delft University (TU Delft) – დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ნიდერლანდებში მდებარეობს. დელფტი ზღაპრული ქალაქია, რომელსაც პატარა ამსტერდამსაც უწოდებენ. TU Delft თავის სტუდენტებს ტექნოლოგიურ ცოდნას უკვე 170 წელზე მეტია, რაც გადასცემს. Reuters-ის შეფასებით, TU Delft ევროპის 10 ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტებს შორის იკავებს საპატიო ადგილს. სასწავლებელი არაერთი ანტრეპრენერის მხარდამჭერი ყოფილა – მის ჭერქვეშ 70-ზე მეტი სტარტაპ კომპანია იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულებთა მიღწევებს შორის 25 კომპანია ირიცხება.

ამ უნივერსიტეტში შეგიძლიათ აითვისოთ ტექნოლოგიები მრავალი მიმართულებით, მათ შორის: არქიტექტურა, ინდუსტრიული დიზაინის ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, საჰაერო სივრცის ინჟინერია და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დელფტის უნივერსიტეტი ნამდვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომებით დაიკვეხნის. მარტო კამპუსის გამწვანებული სახურავები რად ღირს, სეზონის ცვლილებასთან ერთად რომ იცვლის ფერს, უნივერსიტეტში ნარჩენების გადამუშავებასაც დიდ ყურადღებას აქცევენ და კამპუსიც ჭკვიანი შენობებისგან არის დაპროექტებული, გამოიყენება მზისა და ქარის ენერგია და ა.შ. ასე რომ, თუკი გადამუშავებით მიღებული ენერგია და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება გაინტერესებთ, დელფტი ძალიან მოგეწონებათ.

ძირითადი პროგრამები: საავიაციო ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, კლინიკური ტექნოლოგიები, საზღვაო ტექნოლოგიები, მოლეკულური ტექნოლოგიები, მექანიკური ინჟინერია…

RWTH Aachen(რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი აახენში) გერმანიის უდიდესი ტექნოლოგიაზე ორიენტირებული უნივერსიტეტია. კამპუსი ქალაქ აახენში მდებარეობს, გერმანიისა და ბელგიის საზღვარზე. აახენი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და ეკონომიკური ცენტრია. არის ქვანახშირის აუზის ცენტრი, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, კვებისა და ქიმიური მრეწველობა, ასევე ბალნეოლოგიური კურორტი. ასე რომ, ეს ლამაზი ისტორიული მხარე, თავისუფლად იტევს ტექნოლოგიურ ტვინებსაც.

RWTH Aachen უნივერსიტეტი საუკეთესო ადგილად მიიჩნევა გერმანიაში, მექანიკური ინჟინერიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. უნივერსიტეტის ბაზაზე 1400 სტარტაპი შეიქმნა. სწორედ RWTH-ის კურსდამთავსებული იყო თანამედროვე აეროდინამიკის პიონერი თეოდორ ფონ კარმანი.

აახენის უნივერსიტეტი 41 300 სტუდენტს იტევს. მათგან 8000 უცხოელია და 120 ქვეყნიდანაა წარმოდგენილი. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 3000 ადამიანისგან შედგება. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მეტწილად ინდუსტრიულ, კომერციულ და პროფესიულ საჭიროებებზე ორიენტირდება. სწორედ ამ უნივერსიტეტში შეიქმნა მეტალის პირველი საჰაერო აპარატი, დიზელის ფილტრი, ნაწილაკების პირველი დამაჩქარებელი და ქარის პირველი ტურბინაც.

ძირითადი პროგრამები: ელექტრული ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიომეცნიერებები, ციფრული მედია ტექნოლოგიები, მონაცემთა მეცნიერება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვა, საავიაციო ტექნოლოგიები…

ეს მხოლოდ ნაწილია ტექნოლოგიური უნივერსიტეტებისა, რა არჩევანსაც ევროპის საგანმანათლებლო ბაზარი სთავაზობს სწავლის მსურველებს. თუმცა, თითოეული მათგანი გამორჩეულია და თუკი ტექნოლოგიური პროფილის სასწავლებელს ეძებთ, ხოლო შემდეგ გსურთ ამ მიმართულებით განვითარდეთ, ან, თუნდაც საკუთარი სტარტაპი შექმნათ და განავითაროთ, არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ შევაჩეროთ დაუსრულებელი ბრძოლა ოფისში არსებულ ტემპერატურაზე?

ნინო გვაზავა

ცვლილებები, რომლისთვისაც მზად ვართ – Industry 4.0