პანდემიის პერიოდში, სამსახურის დატოვების ტენდენცია იმდენად გაიზარდა, რომ პროცესს სპეციალური სახელი – „დიდი გადადგომა“ ეწოდა. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მილიონობით ადამიანს ოფისის მოუხერხებელი მეთოდებისა და სამსახურის არაჰუმანური კომპონენტების იდენტიფიცირებაში დაეხმარა. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სახლიდან მუშაობამ, ოფისის მინუსების დავიწყების პარალელურად, ახალი ტიპის დისკომფორტი გამოიწვია. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანისთვის სამუშაო საათების დასრულება სამსახურის დასრულებას არ ნიშნავს, რადგან სახლიდან ელ. წერილის გაგზავნა ან ამა თუ იმ მონაცემის ბაზაში შეყვანა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ასეთი მოცემულობა გვახვედრებს, რომ პანდემია მხოლოდ ბიძგი იყო იმის გასაანალიზებლად, რომ ნებისმიერ პოზიციაზე და ნებისმიერი მოდელით მუშაობის შემთხვევაში, არაპროპორციულად განაწილებული საქმე და სამუშაო დროსთან შეუსაბამო სავალდებულო ამოცანები, პროცესის დეჰუმანიზაციას იწვევს. ამ სურათის გამოსწორებას თანამედროვე კომპანიები „ჭკვიანი ტექნოლოგიების“ (Smart Technology) გამოყენებით ცდილობენ.
საინტერესოა როგორაა შესაძლებელი, რომ კომპანიებმა სამუშაო პოზიციები უფრო ჰუმანურად, მანქანების გამოყენებით აქციონ?
„ჭკვიანი ტექნოლოგია“ განისაზღვრება როგორც ხელოვნური ინტელექტი და/ან ნებისმიერი სხვა მოწინავე ციფრული ტექნოლოგია, რომლითაც სამუშაო პროცესის ავტომატიზაციაა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, განმეორებადი ამოცანები, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ადამიანები ასრულებდნენ, არაერთ კომპანიაში „ჭკვიანი“ მანქანების საქმე გახდა. თუ ფიქრობთ, რომ ამა თუ იმ ტექნოლოგიის დანერგვა თავისუფალი დაქირავებული თანამშრომლის ინტერესებს აზიანებს და მანქანები ადამიანებთან პირდაპირ კონკურენციაში შედიან, კარგად დაფიქრდით რა გაძლევთ ასეთი დიქოტომიის საფუძველს. სცადეთ რაკურსის შეცვლა და დაუშვით, რომ ჭკვიანი ტექნოლოგია და ადამიანი, სულაც არ ეჯიბრებიან – გუნდის წევრები არიან და ერთმანეთს აძლიერებენ.
ამ რაკურსის შემოთავაზების საფუძველს, 2021 წლის ოქტომბერში Salesforce-ის მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა, რომელიც ავტომატიზაციის 773 შემთხვევას მოიცავს. შედეგების მიხედვით, ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, გამოკითხულთა 89% უფრო კმაყოფილია სამუშაო პროცესით და 76%-ისთვის შემცირდა სტრესი.
მომდევნო რამდენიმე წელიწადში კომპანიები ავტომატიზაციის სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამენ. ფაქტია, რომ განმეორებადი ავტომატური ამოცანების ჩამოშორებით, თანამშრომლებს გაცილებით ნაკლები და მათზე უფრო მეტად მორგებული ამოცანების შესრულება უწევთ. ავტომატიზაცია ასეთ შედეგს, შესაძლოა, ნებისმიერი მიმართულებით იწვევდეს, იქნება ეს ბუღალტერია, მომსახურების სფერო თუ საკომუნიკაციო დეპარტამენტი. თუმცა, როდესაც საკითხი ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვას ეხება, ორგანიზაციის ლიდერებს მრავალი რთული არჩევნის გაკეთება უწევთ. მათ შორის, რომელი მიმართულებით და რა სახის ამოცანებისთვის ღირს მათი გამოყენება. ამას ფრთხილი, ინფორმაციით გაჯერებული, სტრატეგიული აზროვნება სჭირდება, რათა დარწმუნდეთ, რომ ტექნოლოგია პროცესის გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული და არა საზიანოდ.
მთავარი მიდგომა, რომელიც ავტომატიზაციის ეფექტურ დანერგვას სჭირდება, ადამიანებისა და მანქანების ჰარმონიულ კომბინირებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება, განმეორებადი, რუტინული, ფორმალური და ავტომატური ამოცანებისთვის, ადამიანებს მეტ დროს აძლევს იმის შესასრულებლად, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით. იგულისხმება, ნებისმიერი ამოცანა სადაც ურთიერთობის წარმოება, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების გადაჭრის უნარი, ლოგიკური აზროვნება, თანაგრძნობა თუ შემოქმედებითი ხედვაა საჭირო.
ამდენად, ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვამ და ავტომატიზაციამ, შესაძლოა, სამსახური უფრო სრულფასოვანი და ნაკლებად დამღლელი გახადოს. თუმცა, ასეთი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, გონივრული და ეთიკური მიდგომა, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით, არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ დააზიანებს, გაზრდის შესრულებული სამუშაოს ეფექტურობას და შეამცირებს სტრესს თანამშრომლებისთვის.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საწყისი ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც დაგეხმარებათ, ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, თქვენი კომპანიის სამუშაო პოზიციებზე უფრო ჰუმანური პირობები შექმნათ.
განსაზღვრეთ ამოცანები, რომლებიც ყველაზე მეტად მოითხოვს ავტომატიზაციას
ავტომატიზაცია ფოკუსირებული უნდა იყოს სამუშაოზე, სადაც ჭკვიან ტექნოლოგიას შეუძლია შეუცდომლად შეასრულოს ამოცანები, რომელთა ჩამოშორებაც თანამშრომლების დატვირთვას მაქსიმალურად შეამსუბუქებს და მათი სტრესის შემცირებას გამოიწვევს. აუცილებელია, ზუსტად იყოს განსაზღვრული, თუ რას აკეთებენ მანქანები და რას ადამიანები. მათ შორის, უნდა შეიქმნას ავტომატიზაციის ზედამხედველობის სტრუქტურა, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, დარწმუნებული იყავით, რომ ამოცანები, რომლებიც მოითხოვს თანაგრძნობას და ინტუიციას, დაევალებათ ადამიანებს, ხოლო ამოცანები, როგორიცაა მონაცემთა შეყვანა ან დიდი ინფორმაციის ანალიზი, დაეკისრება ჭკვიან ტექნოლოგიას – და არა პირიქით.
აირჩიეთ შესაფერისი ჭკვიანი ტექნოლოგია
დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ არჩეული პროდუქტი ან სისტემა, სწორ ბალანსს შექმნის . აუცილებელია განსაზღვროთ, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ტექნოლოგია, კომპანიის ღირებულებებს. მაგალითად, დაფიქრება გმართებთ CultureX-ის დანერგვამდე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს, თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვასა და სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებაში იყენებს ან Bossware-ის შემთხვევაში, რომელიც ციფრულ მოწყობილობებშია ინტეგრირებული და ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებას იძლევა. სანამ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვას გადაწყვეტდეთ, აუცილებელია განსაზღვროთ დაინტერესებული მხარეების ეთიკური დამოკიდებულება მათ მიმართ. ამ მაგალითის მსგავსად, ნებისმიერი მიმართულებით დანერგილი ჭკვიანი ტექნოლოგია, კომპანიის სამუშაო სპეციფიკასა თუ ეთიკურ ღირებულებებს უნდა მოერგოს და პროცესის ორგანულ ნაწილად იქცეს.
შექმენით ტესტირების, სწავლისა და გაუმჯობესების ციკლი
იმოქმედეთ ფრთხილად და ნელა, რადგან მომენტიდან, როდესაც ჭკვიანი ტექნოლოგია ამოქმედდება ავტომატიზაციის ზიანის აღმოფხვრა რთულია. შექმენით საპილოტე მოდელები – ტექნოლოგიის საბოლოოდ დანერგვამდე გამოცადეთ ის სამუშაო პროცესში, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე დამყარებული იმედები და ვარაუდები გამართლდება. ხოლო ტექნოლოგიის საბოლოოდ დანერგვის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი ზედამხედველობა და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
წყარო: HBR










