განათლების მიღება არ შეიძლება იყოს ფუფუნების საგანი. იმ დროში, როდესაც თანამედროვე პროფესიების შეთვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ტექნოლოგიურ განვითარებას ავუწყოთ ფეხი, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ქალია, რომელსაც არ აქვს შესაბამის ცოდნაზე ხელმისაწვდომობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა რეგიონებში, სადაც სათანადო განათლების არქონა უამრავი ქალის თვითრეალიზაციის დამაბრკოლებელი ფაქტორია. ქალებს მეტი პროფესიული შესაძლებლობა. სწორედ ამისათვის გააერთიანეს ძალისხმევა თეონა ქავთარაშვილმა, ნონა სამხარაძემ და ნინო საბაურმა და ქალებისთვის ტექნოლოგიური განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის სოციალური საწარმო „ტექგოგო“ შექმნეს. პროექტი მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლისკენ. როგორაა გათვალისწინებული სწავლება და შემდეგ, დასაქმება, „ტექგოგოს“ აღმასრულებელი დირექტორმა თეონა ქავთარაშვილმა გვიამბო.
M: რა საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეთ პროექტი?
„ტექგოგოს“ მისიაა ქალების ყველა ჯგუფისთვის შექმნას თანასწორი გარემო და მისცეს შესაძლებლობები განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. სწორედ ქალების საჭიროებებიდან და სამიზნე რეგიონში არსებული კულტურული, გენდერული, სოციალური ბარიერებიდან გამომდინარე, ქალები სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან. ეთნიკური უმცირესობები არ ფლობენ ქართულ ენას, რაც კიდევ უფრო ართულებს ქალების ინტეგრაციას, სოციუმთან და შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ამ რეგიონში ქალები ახალ შესაძლებლობებს საჭიროებენ.
M: რას შესაძლებლობებს ქმნის ქალების პროფესიული განვითარებისთვის ტექგოგო?
„ტექგოგო“ სოციალური საწარმოების ეკოსისტემაში უნიკალური მოდელის მქონე ციფრული საწარმოა. ერთი მხრივ, „ტექგოგო“ შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიები, მეორე მხრივ, დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. საწარმო ქალების მოწყვლადი ჯგუფებისთვისა და ამ ეტაპზე, მარტოხელა დედებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის დასაქმების ადგილებს ქმნის.
M: ვის შეუძლია ჩაერთოს უფასო სასწავლო პროექტში და რის სწავლას შეძლებს?
ამ ეტაპზე, პროექტში ჩართვა შეუძლიათ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებსმ 18 წლიდან ზევით. ასაკობრივი შეზრუდვა არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ როდესაც საკუთარი ცხოვრების შეცვლა და განვითარება გსურს, ამისთვის არ არსებობს განსაზღვრული ასაკი. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია 40 წელს გადაცილებული ორი მარტოხელა დედა, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან. ისინი სწავლობენ ციფრულ მარკეტინგს, გრაფიკულ დიზაინსა და UI/UX დიზაინს.
M: სწავლის გარდა, როგორც ახსენეთ, მონაწილეებს დასაქმებაშიც დაეხმარებით, როგორ გეგმავთ ამას?
პირველ რიგში, ქალების ნაწილს დავასაქმებთ საწარმოში – სარეკლამო სააგენტოში, დანარჩენ ქალებს საწარმო შრომის ბაზარზე ინტეგრაციაში დაეხმარება. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახვადასხვა კომპანიასთან.

M: რა გამოცდილება დგას „ტექგოგოს“ უკან?
თეონა ქავთარაშვილი 2014 წლიდან არის ქალთა მოძრაობის აქტივისტი. ის აქტიურად იცავს ქალების უფლებებს. ჩართული იყო განათლების სამინისტროსა და UNICEF-ის ერთბლივ პროექტში „ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. ასევე, მონაწილეობდა „საფარისა“ და Human Rights House-ის ერთობლივ პროქტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სკოლა“.
ნინო საბაურს ციფრულ მარკეტინგში აქვს გამოცდილება. ის სარეკლამო სააგენტოს კოორდინატორია. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა კომპანიასთან, საკომუნიკაციო პროექტების ფარგლებში, რაც მოიცავდა კონტენტის შექმნას: კომერციული ან საიმიჯო ვიდეორგოლი, ბლოგები და სცენარები… მუშაობდა ციფრულ მარკეტერად, Tbilisi Photo Festival-ის ჯგუფთან ერთად. 2021 წლიდან, არის კონტენტ სტუდია „სამსარას“ მთავარი პროდისერია.
ნონა სამხარაძე საგანმანათლებლო მიმართლების კოორდინატორია. მან დააფუძნა ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“. სხვადასხვა დროს, იყო ჟურნალისტი, რეგიონული კოორდინატორი და სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩართულია „მერსი ქორფსის“ პროექტში „კავკასიის ალიანსების პროგრამა“. ის გახლავთ გენდერის კვლევის მაგისტრი, მოპოვებული აქვს სახალხო დამცველის პრიზი, როგორც ქალების უფლებებზე მომუშავე ჟურნალისტს და გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსის მეორე ადგილის მფლობელია
ქალთა უფლებების თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისთვის.
M: როგორია მოსალოდნელი შედეგები და როგორ გეგმავთ პროექტის სამომავლო განვითარებას?
„ტექგოგოს“ მისიაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება. საწარმო ეტაპობრივად გადაამზადებს ქალებს ციფრულ პროფესიებში და მათ დასაქმების ადგილებს შესთავაზებს. სოციალურ გავლენას რაც შეეხება, დასაქმებული ქალები გახდებიან როლური მოდელები, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე პროფესიის შეძენა და თვითრეალიზება, ეტაპობრივად, ნორმად იქცევა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











