18
Jun
2019

საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებს ქართულ ბაზარზე შემოსვლა სურთ

18 Jun 2019

ორი  საერთაშორისო მსხვილი აქსელერატორი Techstars და Capital Factory საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. მათ წარმომადგენლებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ტექნოპარკში, Techstars Europe-ის ერთ-ერთ დირექტორს რიჩარდ ვუილიენს (Richard Vuillien) უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რაც Techstars ქართული სტარტაპების ხელშესაწყობად და გასავითარებლად აქვს. Techstars დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. Techstars მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორია, მისი დანიშნულებაა სტარტაპების ხელშეწყობა, განვითარების გზაზე. Techstars აქტიურად თანამშრომლობს ცნობილ კომპანიებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ესენია: Disney, Ford, Barclays, Amazon Alexa და ა.შ. Techstars  აქსელერატორი აძლევს სტარტაპებს წვდომას მენტორებისა და ინვესტორების საერთაშორისო ქსელზე, რომელიც წლების მანძილზე იქმნებოდა და შედგება ისეთი მსოფლიო დონის ინვესტორებისა და სპეციალისტებისგან, როგორიცაა: Mark Cuban, Dallas Mavericks – ის გუნდის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ „ტექსტარის“ სტარტაპების 87% წარმატებით მოღვაწეობს საკუთარ სფეროში“.

GITA-ს ხელმძღვანელი შეხვდა აქსელერატორ Capital Factory-ის საერთაშორისო პარტნიორობის კოორდინატორს ალი საიედსაც (Ali Syed), რომელიც, მათი თქმით, ასევე დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე შემოსვლით.

„Capital Factory აშშ-ში, ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია ამ აქსელერატორს და მიაწოდა ინფორმაცია სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ისაუბრა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მოიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე“.

განხილვა