7
Mar
2019

ბილბორდებიდან CNN-მდე – ტედ ტერნერის ბიზნეს ისტორია

7 Mar 2019

მსოფლიო რომ დღესდღეობით მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს შემთხვევითი სულაც არ არის. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრი სიკეთე მოუტანა კაცობრიობას. ადამიანებმა ისწავლეს ტექნოლოგიური რესურსების სწორად გამოყენება და ზუსტად ამიტომაა, რომ დღეს ჩვენთვის უცნობი თითქმის აღარაფერია სამყაროში. უცხოური მედიებისა და საზოგადოების მიერ მავერიკად წოდებულ ტედ ტერნერს ამ საკითხში დიდი როლი მიუძღვის. იგი ყველასთვის კარგად ცნობილი Cable News Network-ის, ანუ CNN-ის დამფუძნებელია. ტედი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც შეძლო და იმ დროისთვის წარმოუდგენელი – 24 საათიანი ნიუს-არხი რეალობად აქცია.

ტედ ტერნერი 1938 წლის 19 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოს შტატში, კერძოდ, ცინცინატში. 1950 წლიდან იგი  მაკკალის ელიტარულ სკოლაში შევიდა, სადაც მისი სასწავლო გეგმა საზღვაო წვრთნებსაც მოიცავდა, ეს კი ტედის საყვარელი საგანი იყო. (სწორედ ამ გატაცების გამო, 1977 წელს ცურვის შეჯიბრში „კაპიტანი უზარმაზარის“ ტიტული მიიღო) სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი გეგმავდა აშშ-ს საზღვაო აკადემიაში ჩაბარებას. მამამისს კი სურდა, ტედს ჰარვარდში ჩაებარებინა, თუმცა, ტერნერს საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ქულები არ ეყო და აქ ვერ მოეწყო. სწორედ ამიტომ, მან Brown University-ში კლასიკოსების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც შემდგომ იგი „ბრაუნის დებატების გაერთიანების“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა, მან მალევე შეიცვალა ფაკულტეტი და ეკონომიკაზე გადავიდა.

ტედის მამა შემოსავალს, ძირითადად, რეკლამების ბილბორდებზე განთავსებით იღებდა. მის კომპანიას Turner Advertising Agency ერქვა. როგორც ჩანს ამ ბიზნესში მას შვილი პატარაობიდანვე ჩართული ჰყავდა – ტედს ერთ-ერთ ინტერვიუში უწერია: „5 წლის განმავლობაში თვითონ ვაწყობდი და ვხატავდი ბილბორდებს. ხოლო როცა 17 წლის გავხდი, ჩავიცვი შარვალ-კოსტუმი და ჩვენს გაყიდვების მენეჯერს მივადექი იმისთვის, რომ გაყიდვების ტექნიკა მესწავლა.“

ბრაუნის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ჯორჯიაში გადასახლდა, რათა მამამისის ბიზნესისთვის ეხელმძღვანელა. 1960 წელს მამამ იგი მენეჯერად დანიშნა. ტედმა მაშინვე გამოავლინა ბიზნესის გაძღოლის ნიჭი. თუმცა, მამის მიერ ვალების აღებამ კომპანიაზე უარყოფითად იმოქმედა. იმდენადაც კი, რომ მას გაკოტრების საშიშროება დაემუქრა. სწორედ ამიტომ, 1963 წელს ტედის მამამ თავი მოიკლა. ტედს სურდა, მამამისის ხსოვნისთვის დაეკავშირებინა მთელი მისი შემდგომი საქმიანობა. იგი 24 წლის ასაკში გახდა Turner Advertising Agency-ის აღმასრულებელი დირექტორი, უნდა ითქვას, რომ დაგროვილი გამოცდილების ფონზე, ეს საქმიანობა მისთვის ოდნავადაც აღარ წარმოადგენდა სირთულეს.

ვიეტნამის ომის პერიოდში ტერნერის ბიზნესი აყვავების გზას დაადგა. მას სრული მონოპოლია ჰქონდა სავანაში, მაკონში, კოლუმბუსში, ჩარლზტონში და იყო ყველაზე მსხვილი გარე სარეკლამო სააგენტო მთელ სამხრეთ ამერიკაში. თუმცა, იგი ამბობდა: “ფინანსური კუთხით, ომი ძალიან დამეხმარა, მაგრამ მე არ მინდა ამ გზით მოპოვებული ფული, მე არ მჭირდება სისხლიანი ფული.” ტედი ხედავდა იმასაც, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილის ყურადღება არა ბილბორდებზე, არამედ ტელევიზიასა და რადიოსკენ იყო მიპყრობილი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა თავადაც აქეთკენ აეღო გეზი.

1960-იან წლებში ტერნერმა დაიწყო სამხრეთ რადიო სადგურების შესყიდვა. 1969 წელს კი გაყიდა ისინი იმისთვის, რომ “მე-17 არხი” შეესყიდა. იმ პერიოდში ეს არხი არ იყო პოპულარული. ტედი ფიქრობდა, რომ ხალხს „რამდენიმე“ არჩევანი არ ჰყოფნიდა, საჭირო იყო არხის გამრავალფეროვნება და მას სახელი გადაარქვა – „WTCG“ ( „watch this channel grow“ – უყურეთ, როგორ გაიზრდება ეს არხი!) ტრადიციულად, ამ არხზე 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების ფილმები და ძველი „დრამა შოუები“ გადიოდა. სწორედ რომ ამგვარი „მენიუს“ გამო არხის პოპულარობა დაეცა და ტერნერმა იაფად შეისყიდა იგი. ტედმა მასზე ახალი კომედიური პროგრამები გაუშვა, მაგალითად, როგორებიცაა: „გილიგანის კუნძული“, „მე მიყვარს ლუსი“, „სტარ ტრეკი“ და სხვ. ასევე, 1973 წელს მოიპოვა უფლება, არხს გადმოეცა Atlanta Braves-ის ბეისბოლის თამაშები. მალევე, მან შეიძინა UHF-ს 36-ე არხი, რომელიც წინა არხის მსგავს რეჟიმზე გადაიყვანა.

1976 წელს WTCG-ს საშუალება მიეცა, გამოეყენებინა სატელიტი იმისათვის, რომ კონტენტი ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით მთელი მსოფლიოსთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამავე წლიდან არხზე გავიდა მულტფილმები, ძველი ფილმები და ყველაფერი მსოფლიო სპორტის შესახებ. საკაბელო სისტემამ ტერნერის მაუწყებლობას გამომწერები 2 მილიონამდე გაუზარდა, ხოლო თავად არხის ღირებულება კი 100 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასობაში, Turner Communications Group გადაკეთდა Turner Broadcasting System-ად (TBS) და, შესაბამისად, WTCG გადაკეთდა WTBS-ად.

1986 წელს ტერნერმა დააფუძნა „Goodwill Games“, შეჯიბრი, რომელიც ცივი ომის შემდგომ არსებული სიტუაციის განსამუხტად დააფუძნა. ამ ყველაფრის გადმოცემის პრივილეგია კი იმ დროს სამ მთავარ ქსელს: ABC-ს, CBS-სა და NBC-ის ჰქონდათ.

1978 წლიდან ტედ ტერნერის ცხოვრებაში იწყება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი, როდესაც მედიის აღმასრულებელ დირექტორს, რიზ შონფლიდს იმ მოტივით ესტუმრა, რომ მასთან ერთად 24 საათიანი ნიუს-არხი დაეარსებინა. შონფილდმა კი მიუგო, რომ მსგავსი მიზნის განხორციელება მინიმუმ 300 კაციანი პერსონალითა და მთლიანად „ელექტრონული“ ნიუსრუმის უზრუნველყოფით იქნებოდა შესაძლებელი. ასევე, საჭირო იყო 15-20 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია, რომელსაც დაემატებოდა სხვა ყოველთვიური ხარჯები. თავდაპირველად, ტედმა თავისი ნიუს-არხი თავისი საკაბელო სისტემის  – Turner Broadcasting System-ის ქვეშ მოაქცია. დასაწყისში ამ არხზე იმედებს არავინ ამყარებდა. დამოუკიდებლად არსებობა CNN-მა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო. 1979 წელს ტედმა გაყიდა ჩრდილო კაროლინის სადგური იმისთვის, რომ მიზანი განეხორციელებინა. შემდეგ იყიდა ატლანტას იაფი მიწები და აქ განათავსა თავისი სიახლეების არხის სათაო ოფისი. რიზ შონფილდი კი „Cable News Network-ის“ (CNN) პირველ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა. CNN-ს გამოცდილი პერსონალი სჭირდებოდა დამწყებ ეტაპზე, ამიტომაც მოიწვიეს NBC-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი ჯიმ კიჩელი, ხოლო CNN-ში იგი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე მოეწყო. CNN-ის ახალი ამბების პირველ კორესპონდენტად კი ყველასთვის კარგად ცნობილი ბერნარდ შოუ დანიშნეს. რეალურად, ეს იყო პირველი არხი მთელი ამერიკული შტატების მასშტაბით, რომელიც 24 საათის განმავლობაში გადმოსცემდა სიახლეებს.

CNN-ის დებიუტიდანვე სტაბილურად იზრდებოდა მისი მაყურებლების რაოდენობა. გარდა იმისა, რომ ამ არხზე გავიდა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიც იყო პოლონეთის რევოლუცია, ნასას 1986 წლის მისია, ბერლინის კედლის დანგრევა და ა.შ იგი იყო ერთადერთი მაუწყებლობა, რომელიც 1991 წელს ერაყის ომიდან პირდაპირ ერთერში ჩაერთო. ასევე, იგი იყო პირველი არხი, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტი გააჟღერა. წლების განმავლობაში ეს მაუწყებლობა აირეკლავდა ყველაფერ საჭიროს, თანაც ექსკლუზიურად. არხის კრედო კი იყო: “იყავი მუდმივად პირდაპირ ეთერში და გახადე მნიშვნელოვანი ის, რასაც აშუქებ!”

1995 წელს შეიქმნა CNN-ის ვებგვერდი, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ ონლაინ მედია პლატფორმას წარმოადგენს. მაუწყებლობას დღესდღეობით 42 ოფისი აქვს, (11 ადგილობრივი, 31 საერთაშორისო), ასევე, 900-მდე ადგილობრივი სადგური, სადაც იღებს სიახლეებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას CNN Newsource-ის მეშვეობით. ასევე, ფლობს რამდენიმე რეგიონულ და უცხოენოვან ქსელს მსოფლიოს გარშემო.

CNN დროთა განმავლობაში ხდებოდა ის პლატფორმა, რომელიც მთავრობის ლიდერებისა და მნიშვნელოვანი პირებისთვის ყოველდღიურად იძლეოდა საზოგადოებასთან კონტაქტის შესაძლებლობას. 1992 წელს ტედ ტერნერმა მოიპოვა დიდი აღიარება – Time-მა ტედი და მისი მაუწყებლობა ჟურნალის გარეკანზე გამოსახა და მას „წლის მამაკაცის“ ტიტული მიანიჭა.

როგორც ცნობილია, ტედი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ადამიანი იყო, მისი ამბიციები და ზრახვები კი არავის უკვირდა. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ფიქრობდა. ტედმა ერთხელ Time-ს განუცხადა: „არ მაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი, მე ვარ შესაბამისი კანდიდატი შესაბამის ადგილზე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ფიქრობენ რომ ტელეკომუნიკაციას შეუძლია მთელი მსოფლიოს ერთ ჩარჩოში მოქცევა.“ 1983 წელს New Yourk Times-მა საწყისი გვერდი მიუძღვნა ტედს ზედ წარწერით „ტელევიზიის ცუდი ბიჭი კარგ საქმეს აკეთებს“. ამასობაში კი, CNN-ის პოპულარობის გლობალურმა ზრდამ პიკს მიაღწია. 1995 წლისთვის მას 140 ქვეყანაში 156 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

ამბიციური ტედი მთელი თავისი ცხოვრება ქონების გაფართოებით იყო დაკავებული. ამას მოწმობს შემდეგი ფაქტები: 1988 წელს ტერნერმა დააფუძნა Turner Network Television (TNT), რომლის პროგრამაც მოიცავდა ძველ ფილმებსა და ტელე-შოუებს. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ 1976 წელს მან იყიდა ბეისბოლის მთავარი გუნდი Atlanta Braves, ხოლო 1977-ში კი საკალათბურთო გუნდი Atlanta Hawks – ესეც იმისთვის, რომ საკუთარ არხზე ექსკლუზიურად გაეშუქებინა მათი თამაშები. 1986 წელს იყიდა კინოსტუდია MGM/UA Entertainment Company, რომლის კინობიბლიოთეკაც მოიცავდა Metro-Goldwyn-Mayer’s -ის 4000 ფილმს. ამდენი კომპანიის შესყიდვამ ტერნერი ცუდ სიტუაციაში ჩააგდო. ფაქტობრივად, მას ნაყიდის უკან გაყიდვა უწევდა, თუმცა, როგორღაც მოახერხა და დაამყარა კონტროლი თავის ხარჯებზე და სტაბილურობა შეინარჩუნა. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ კი, ტერნერმა 1992 და 1994 წლებში განაახლა თავისი მედია იმპერიის გაფართოება 1990 წელს Cartoon Network-ისა და Turner Movie Classics-ის შექმნით. იგი ამბობდა: “ცხოვრება თამაშია, ფული კი განსაზღვრავს, რა ანგარიშით დავასრულებთ ამ თამაშს..”

ყველაფერ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტედ ტერნერის ფილანტროპიული საქმიანობაც, რომელიც, ძირითადად, გარემოს დაცვას შეეხება. იგი დრო და დრო ეხმარება გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დამცველ ორგანიზაციებს. ასევე, ტედი საკმაოდ ბევრ და ვრცელ მიწას ფლობს ამერიკაში და მათ მაქსიმალურად უვლის. მას აქვს 1800-მდე პროექტი განხორციელებული, რომლებიც სკოლის მოსწავლეების მეშვეობით განახორციელა და ისინი გულისხმობდნენ სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების გარემოს გაუმჯობესებას. ტერნერი აქტიურად იყო ჩართული ბირთვული იარაღის საწინააღმდეგო პროგრამებშიც. ასევე, იცავდა ქალთა უფლებებსაც.

ერთი სიტყვით, იგი თავისი მაუწყებლობების მიერ გადმოცემულ ნიუსებში აქტიურად იყო ჩაბმული და არა მარტო ზრუნავდა მათ გადმოცემაზე, არამედ ამ საქმეში მთელ თავის ენერგიას დებდა. ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ ახალ მიზანზე ორიენტირდებოდა – არ ჩერდებოდა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ამბობდა: “უნდა დაისახო ისეთი მიზნები, რომლებიც ზედმეტად მიუღწეველი გეჩვენება. ეს კი იმისთვის უნდა გააკეთო, რომ ამ ცხოვრებაში გქონდეს რაღაც, რის გამოც ეღირება სიცოცხლე.”

 

განხილვა