ახლა თქვენთან, ამ სტატიის მკითხველთან ერთად, ერთი აპლიკაცია გადმოვწეროთ ჩვენი სმარტფონებიდან. Google play-ის მომხმარებლებისთვის ბმული ეს არის, ხოლო ios-ისთვის, ეს. აპლიკაციას ჰქვია „თედო და ნუცა”, ის სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, თუმცა თამაშის პრინციპზეა აგებული და ბავშვებს სიმღერ-სიმღერით ასწავლის ისეთ აუცილებელ ყოველდღიურ აქტივობებს, როგორებიცაა: ხელ-პირის დაბანა, კბილების გახეხვა და სხვა. გარდა ამისა, აპლიკაციაში თქვენი პატარები ისწავლიან ფერების ცნობას, წელიწადის დროებს, ტრანსპორტის სახეობებს; გაეცნობიან ჯანსაღი ცხოვრების წესებს და მთავარ გმირებთან ერთად მხიარულად გაერთობიან.
გარდა თავად აპლიკაციისა, საინტერესოა მისი შექმნის ისტორიაც. მის უკან ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი, პროფესიით განათლების სპეციალისტი, თამარ ლორია დგას. იგი 2008 წელს სრული დაფინანსებით მოხვდა ოსლოს უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა შემდეგ ისევ დაბრუნდა ნორვეგიაში და უკვე 10 წელია სკოლამდელი და სასკოლო განათლების სფეროში საქმიანობს. ამჟამად იგი ნორვეგიის განათლების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველია მასწავლებელთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში.
დაახლოებით 5 წლის წინ მან საქართველოში გამოსცა ბარათებად დაბეჭდილი წიგნი, რომელსაც „თედოს და ნუცას თავგადასავალი” ერქვა. წიგნი ნორვეგიული საბავშვო მეთოდოლოგიითაა აწყობილი და მისი ინსპირაციით შეიქმნა ზემოთ ნახსენები მობილური აპლიკაციაც. მთელ ამ ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ აპლიკაციის მუსიკალურ გაფორმებაზე აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა, ლიკა შუბითიძემ და არჩილ გეგეჭკორმა იზრუნეს.
დანარჩენს უფრო უკეთ თავად თამარი მოგვიყვება.
M: თამარ, მიუხედავად საზღვარგარეთ წარმატებული საქმიანობისა, თქვენ არ წყვეტთ კავშირს საქართველოსთან. რას ემსახურება თქვენ მიერ შექმნილი ქართული პროექტები, როგორებიცაა „თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავალი” და ახალი აპლიკაცია?
ნორვეგიაში წასვლამდეც და წასვლის შემდეგაც აქტიურად ვმუშაობ საქართველოში ბავშვთა განათლების საკითხებზე. ვარ სტრატეგიული დოკუმენტების, სკოლამდელი პედაგოგების გზამკვლევის ავტორი და თანაავტორი. ვიყავი ასევე აქტიურად ჩართული სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების გადამზადების პროცესში.
იდეა თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავლის შესახებ სწორედ ამ ორი ქვეყნის – ნორვეგიისა და საქართველოს გამოცდილებით დაიბადა. ჩემი შვილი, თეოდორე (თედო) ნორვეგიულ საბავშვო ბაღში მივიდა და სწორედ ჩემს შვილზე გამოვცადე, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მუსიკას ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებში; თუ რამხელა ხალისი შემოჰქონდა ბავშვებისთვის ბარათებად დაბეჭდილ მუსიკალურ წიგნებს. ასევე, როგორ უწყობდა ეს ხელს მეტყველების განვითარებას. სწორედ ამ პერიოდში ვმუშაობდი ქ. ოსლოს სკოლამდელ დაწესებულებაში და სამუშაო პრაქტიკაშიც აქტიურად ვიყენებდი ბარათებად დაბეჭდილ წიგნებს.
ის გამოცდილება, რაც ჩემმა შვილმა მიიღო და რაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიცი, რომ ბავშვის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მომინდა ქართველი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ასე დაიბადა იდეა – ვსწავლობთ სიმღერ-სიმღერით – თედოს და ნუცას მუსიკალური თავგადასავლის შესახებ, რომელიც პირველად გამოიცა, როგორც ბარათებად დაბეჭდილი წიგნი და ახლა უკვე წიგნის ელექტრონული ვერსია გვაქვს აპლიკაციის სახით. აპლიკაციის მოხმარება საკმაოდ მარტივია და სხვადასხვა სიტუაციაშიც უფრო მოსახერხებელია. მაგალითად, ბავშვებთან ერთად მანქანით/მატარებლით მგზავრობისას.
M: კარგად ჩავშალოთ ის ფუნქციები, რომლებიც აპლიკაციას აქვს: რას ასწავლის ის ბავშვებს, რა ასაკზეა გათვლილი და რამდენად მარტივია ბავშვისთვის?
აპლიკაცია შედგება 20 საბავშვო სიმღერისგან, რომლის ტექსტებიც დაკავშირებულია ბავშვებისთვის საინტერესო თემებთან და 20 ილუსტრირებული ბარათისგან. ბარათების ერთ მხარეს არის თემატური ილუსტრაციები, რომლებსაც უსაყვარლესი თედო და ნუცა წარმოგვიდგენენ, ხოლო ბარათის შებრუნების შემთხვევაში ჩნდება სიმღერის ტექსტი.
ამ აპლიკაციის საშუალებით ბავშვები სიმღერ-სიმღერით, ანუ ხალისით სწავლობენ კბილების გამოხეხვას, ხელების დაბანას, ჯანსაღ კვებას, ემოციების გამოხატვას, ამინდის შესაბამის ტანსაცმელს, ფერებს, ცხოველებს და სხვა მრავალ საინტერესო თემას. ამ თემატიკებს მათ ილუსტრაციებით თედო და ნუცა აცნობენ. ბავშვებისთვის მოსაწყენი რუტინული აქტივობა, როგორიც არის კბილების გამოხეხვა და ხელების დაბანა, საკმაოდ სახალისო ხდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სიმღერ-სიმღერით სწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეტყველების განვითარების პროცესში.
სასურველია, აპლიკაციას ბავშვები მშობლებთან ერთად გაეცნონ, დაათვალიერონ ერთად ბარათები, ბავშვს მიეცეს საშუალება, აირჩიოს თავისი სასურველი ბარათი და მოუსმინოს სიმღერას, სურვილის შემთხვევაში გააკეთოს ტექსტთან შესაბამისი მოძრაობები. ბარათის შებრუნების შემთხვევაში ჩნდება სიმღერის ტექსტი, რომელიც შეიძლება მშობელმა წაუკითხოს ბავშვს და ერთად აჰყვნენ სიმღერის ტექსტს. აპლიკაცია ძირითადად გათვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.
M: როგორ შედგა თანამშრომლობა თქვენსა და აშშ-ში მოღვაწე მუსიკოსებს შორის?
იდეა როგორც კი გამიჩნდა, დავიწყე პროფესიონალთა გუნდის ჩამოყალიბება, რომლებიც დამეხმარებოდნენ როგორც მუსიკალური ნაწილის, ისე ილუსტრაციების ჩამოყალიბებაში. საკმაოდ რთული იყო მუსიკოსების მოძებნა. ანაზღაურებაც ძალიან მწირი იყო, რადგან ბიუჯეტად მხოლოდ ჩემი დანაზოგი იყო, ანუ ეს საქმე დიდ ენთუზიაზმს მოითხოვდა. ლიკასთან ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა და ის აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეძლო სიმღერების შექმნა. ასევე მან ჩართო თავისი მეუღლე, არჩილი, რომელმაც არანჟირება გაგვიკეთა. ასე სკაიპით, მე ნორვეგიიდან, ლიკა და არჩილი ამერიკიდან, ანა (ილუსტრატორი) საქართველოდან, ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საგანმანათლებლო მასალაზე. პროცესი იყო ენთუზიაზმით სავსე, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. არაერთი ღამე გაგვითენებია მუსიკის ტექსტის გასწორებაზე, ილუსტრაციის ფერების შერჩევასა და სხვა საკითხების გადაჭრაზე.
M: რამ გაგაერთიანათ ქართველები სხვადასხვა ქვეყნიდან, რა იყო თქვენი ინსპირაცია და საბოლოო მიზანი?
ვფიქრობ ლიკამ, არჩილმა და ანამაც ძალიან სწრაფად დაინახეს ამ სასწავლო-საგანმანათლებლო მასალის მნიშვნელობა ბავშვებისთვის. არა მარტო საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვისაც. განსაკუთრებით, ქართულად მეტყველების განვითარების თვალსაზრისით. არა ერთ ემიგრანტ ქართველთან მაქვს ურთიერთობა, რომელთა შვილები ამაყობენ ამ სიმღერებით და სწორედ ამ აპლიკაციით, სიმღერ-სიმღერით აცნობენ თავიანთ მეგობრებს ქართულ ენას. მათ შორის არიან ჩემი შვილებიც.
M: და ბოლოს გვითხარით, რაში ეხმარება მსგავსი პროექტები ბავშვებს?
აპლიკაცია „თედო და ნუცა” ეხმარება ბავშვებს სწავლისა და განვითარების პროცესში. ასევე, უხალისებს მათ ყოველდღიურ აქტივობებს და ეხმარება მეტყველების განვითარებაში. ჰიგიენის აქტივობები, რომლებიც ხშირად მოსაწყენია, საკმაოდ სახალისო ხდება ბავშვებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოჯახში მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ამ აპლიკაციის გამოყენება ქმნის სასიამოვნო და სახალისო გარემოს, რაც ბავშვების განვითარებაზე პოზიტიურად აისახება. იგივე შემიძლია ვთქვა სკოლამდელ დაწესებულებებში პოზიტიური გარემოს შექმნაზე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი