in

„ხელოვნება ის სივრცეა, სადაც არსებობა ღირს“ — თედო რეხვიაშვილი და მისი შემოქმედება


„ხელოვნებაა სივრცე, სადაც მუდმივი ძიება, შეიძლება მტკივნეულიც და დამღლელიც, მაძლევს სტიმულსა და ძალას, გავაგრძელო ყოველი შემდეგი დღე რაღაც ამოუცნობთან შესახვედრად, შესახებად“,ასე აღწერს ხელოვნებას თედო რეხვიაშვილი. ხატავდა ღრმა ბავშვობიდან, პროფესიული გაკვეთილები კი აღმოჩნდა ორიენტირი, რომ მისთვის სახვითი ხელოვნება ყოფილიყო არა მხოლოდ გატაცება, არამედ პროფესია, რომელსაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა.

7 წლის ასაკიდან აკადემიურ პროფესიულ სამხატვრო სასწავლებელში მოხვდა, საიდანაც მხატვრობასთან გადაკვეთა დაიწყო. და ცხადია, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე დიდი პერიოდის გავლა გვიწევს, ვიდრე მივხვდებით, რომ რაღაცას გაცნობიერებულად ვირჩევთ და არა, მხოლოდ ემოციების თუ გრძნობების დონეზე. თედოს შემთხვევაშიც ასე იყო — ახლა კონკრეტულ ფერთა პალიტრას ისე თუ ირჩევს, როგორც მხატვარი, სულ პატარაობისას ფერადი ფლომასტერების დანახვისას ჟრუანტელი უვლიდა.

მაშინ იმ გამიდან ყველაზე მეტად მიყვარდა ინტენსიური, მჭახე იასამნისფერი.

როგორც ყველა „გულწრფელ“ და ნამდვილ ხელოვანს, თედოსაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ის მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც აუცილებელია ავთენტური ხელოვნების შესაქმნელად. კერძოდ, მას არასდროს უყვარდა საიდანღაც გადმოხატვა, იმთავითვე ვნებას პოულობდა ფანტაზიით მუშაობისას და იმის აღბეჭდვისას, რასაც გარშემო აფიქსირებდა. რა თქმა უნდა, ამას სასწავლებელმაც შეუწყო ხელი: „სახვითში აკადემიური პროცესის დროს, შუა კლასებში უეცრად გამოჩნდა მასწავლებელი — სრულიად პროგრესულად, ნახატსა და თეორიაში ძალიან გამოცდილი თანამედროვე ადამიანი, რომელთანაც პირველად გადავეყარე პოსტმოდერნულ აზროვნებასა და თეორიას. ეს იმდენად მცირე ასაკში მოხდა, რომ ვერც ვაცნობიერებდი, მაგრამ მახსოვს ის მანამდე არგანცდილი თავისუფლება და ახალი ჩასუნთქვა, რომელიც მოგვიანებით უკვე სამხატვრო აკადემიაში დამეხმარა, რომ სიახლისა და ექსპერიმენტებისადმი შიში არ მქონოდა და თამამად გამებედა მემუშავა აბსტრაქციაზე, დესტრუქციულ ფიგურატიულ მხატვრობაში, თანამედროვე წიგნის დიზაინსა და სხვა მიმართულებებზე“.

Tribeca

ამჟამად თედო მუშაობს ტილოზე, ქაღალდზე, მეტალზე, ლინოლეუმსა და ხეზე. გამოცდილება აქვს კერამიკისა და თაბაშირის ქანდაკებების მიმართულებითაც. ამავდროულად, პერიოდულად მუშაობს ინსტალაციებზე, ვიდეოსა და გამოყენებით ხელოვნებაზე (ე. წ. „craft“).

Loma

M: ხელოვნება ერთგვარი მდგომარეობა რომ იყოს, როგორ აღწერდი მას?

თითქოს, დაკარგული ხარ უსასრულო სიბნელეში, სადაც შეიძლება გადაეყარო იდეას, ფერს და ელფერს, ფორმას, რომელიც ანათებს და რომელიც მანამდე არავის უნახავს. შემდეგ ეს მონაპოვარი გადის ფორმირებას სანამ ნამუშევარი არ დასრულდება და არის შანსი, რომ ის იქცეს ხელოვნების ნიმუშად. ხელოვნება ხომ მხოლოდ ნამუშევრების კრებული არაა, ის პროცესებისგან შედგება, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შევაბიჯებთ პროცესში, როგორ და რისთვის ვიმუშავებთ, რა დონეზე გულწრფელი და ფანტაზიაგახსნილი ვიქნებით, როგორ დავიჭერთ რეალობის სიმძაფრეს და როგორ შევკრებთ ამ ყველაფერს ჩვენს სამეტყველო ენაში, ჩვენს წერის ენაში. ისევ იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე და ვიტყვი, რომ ხელოვნების ძალითა და დახმარებით შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები, ჩვენი არსებები გახდნენ საინტერესო და სამყაროსთან შემხებლები, სული კი იქცეს განახლებად, დაუშრეტელ მდინარედ.

ალბათ, ესაა ველი და საშუალება, სადაც ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს და შექმნას რაღაც ჭეშმარიტი, რასაც დასაბამი არ აქვს. დაიჭიროს, აირეკლოს ის, რაც გულს და სულს ეხება და აბსურდულად აუხსნელია.

M: მომენტი, როცა მიხვდი, რომ ხელოვნებაში ხედავ საკუთარ თავს…

ეს იყო პირველად აღქმული მზის ამოსვლა ჩემს სოფელში, პირველად დანახული ფერების, ფორმების განწყობა და მიხვედრა, რომ ამის დახატვა შეიძლებოდა.

Break-even

M: და, ზოგადად, რა ხდება ხოლმე შენი შთაგონების წყარო? სად ეძებ ინსპირაციის „წერტილებს“?

ინსპირაცია, შეიძლება, გარშემო ან ჩემს ფანტაზიაში არსებული ბევრი რამ გახდეს. ჩემს ბოლო დროინდელ ფიგურატიულ ნამუშევრებში ხშირად მივმართავ სარკაზმსა და სატირას. აი, მაგალითად: შეიძლება ნამუშევარში ერთად აღმოჩნდეს მოსიყვარულე წყვილი, ლირიკული თვალებითა და მოძრაობით, მათ უკან კი სადმე თეთრი მტრედი მიედოს კაქტუსს, რომელიც შეერჭობა და ჩაგესმება მისი ყვირილი, რაც მოსიყვარულე წყვილის მოტანილ იმ თავდაპირველ განწყობას არევს.

de-aztec

ასე, შეიძლება, რაღაც ერთში დაიმალოს მეორე, ერთი განწყობის ქვეშ იყოს სხვა შრეებიც, რაც ჩემთვის საინტერესოა. ზემოხსენებული მაგალითი პირობითია. შესაძლოა, ნახატისთვის საკმარისი აღმოჩნდეს ერთი კიპარისი, რომელსაც მზის უკანასკნელი სხივები მისწვდა, ქვეშ კი დაღლილი ხელოსნები ტოვებდნენ უზარმაზარ საწარმოს. შეიძლება ინსპირაცია გახდეს რაიმე ფუნქციადაკარგული ფორმა, მაგალითად, სკამის ზურგი, რომელიც განსაზღვრება „სკამის“ გარეშე თავისუფალი ფორმაა, აბსტრაქტული ობიექტი, რომელიც მზადაა, შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომელსაც მხატვარი მიანიჭებს ნებისმიერ მედიუმში.

M: როგორ იქმნი იმ გარემოს, რომელიც ხატვისთვის სრულ კომფორტს გიქმნის?

მიყვარს დიდ სივრცეში მუშაობა, სადაც არ შემეშინდება, რომ რაიმეს დავსვრი ან გავაფუჭებ, ზოგჯერ დაბალ ხმაზე ვუსმენ კინომუსიკას. ძირითადად, ღამით ვმუშაობ და სესიები შეიძლება იყოს 15-საათიანიც. არ მიყვარს, როცა მუშაობისას შემოდის ხმა ამბებით, ახალი რა ჭამეს, რა იყიდეს და ხვალ რა გეგმები აქვთ — ხატვის დროს მაღიზიანებს.

Medea

M: ალბათ, რთულია ერთი კონკრეტული ნამუშევრის გამორჩევა, მაგრამ რომელია ის კომპოზიცია, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს?

ძალიან მიყვარს ბოლო წლის ერთ-ერთი ნამუშევარი „ბასრი დაშვება“. კომპოზიციაში ვხედავთ ფონს სადაც აგურის ფლორენციულ სახლების უკან მოჩანს მინდვრები, ტყე, მთების სილუეტი. ცა ლურჯია და მზე კაშკაშებს. წინა პლანზე კი კომპოზიციის ცენტში ვხედავთ საცურაო ატრაქციონზე მოსრიალე ქალს, მხიარულს და ადრენალინით სავსეს. ნახატის ქვედა ნაწილში იმალება მთავარი რამ — სამართებელი, რაც გვახსენებს ყოველგვარი არსებულის აბსურდს უკიდეგანო დროსა და სივრცეში. სამართებელია, რაც ერთდროულად ყველაფერს აუქმებს და მნიშვნელობას სძენს, ისაა სიმბოლო „ნული“, როგორც ბედისწერის შეკრების წერტილი. ასევე, ისაა მოულოდნელობისა და არაფრის ცოდნის, არაფრის კუთვნილების სიმბოლო.

Sharp Flow Dirty Games

ზოგადად, ჩემი ნამუშევრები ისეთივე მძაფრია და ექსპრესიული, როგორც ჩემი შინაგანი მდუღარე სამყარო.

ასევე, მომენტი, რომ შეიძლება გამოსახული იყოს რაიმე ან ვინმე კონკრეტული, თუმცა ატარებდეს გლობალური ხასიათის თემატიკას.

M: შენი ხედვით, რითაა გამორჩეული ქართული თანამედროვე ხელოვნება? რამე აკლია მას და რას შეცვლიდი?

ვფიქრობ, თანამედროვე ხელოვნება გამორჩეულია გამომსახველობითი ფორმების მრავალფეროვნებითა და გართულებული კონცეპტუალური ნაწილით. არის რისკებიც, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე კარგი მხატვრობა იქცეს კიჩად ან, დიდი რაოდენობით არაჯანსაღი ხელოვნების პარალელურად, გზის გაკვლევა უწევდეს და უჭირდეს ჭეშმარიტ არტს… თუმცა ეს ბუნებრივია, ხელოვნების მარტივი ხელმისაწვდომობის გამო. ვფიქრობ, მსოფლიოში მთლიანობაში ყველაფერი ნორმალურადაა და მუდმივად ჩნდებიან ახალი და კარგი არტისტები. საქართველოში, გული მწყდება იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ ზრუნავენ ხელოვნების სფეროების განვითარებასა და ეფექტურ დაფინანსებაზე. დღემდე არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რაც გაზრდიდა ხარისხსა და კონკურენციას. ისევ მოძველებულია სწავლების პრინციპები სამხატვრო აკადემიასა და სამხატვრო სასწავლებლებში. ახალგაზრდა ხელოვანები, პირველ რიგში, უნდა იყვნენ მოტივირებულები და იღებდნენ როგორც მინიმუმ მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებთან ახლოს მდგომ განათლებასა და ინფორმაციას. ცალკეული ლექტორები, მენტორები კი არასაკმარისია, როცა მთლიანად სასწავლო სისტემები სტაგნაციაშია და იმპულსები დაბალი.

M: ხშირად ხელოვანებს სტერეოტიპულ შეხედულებას აწებებენ, რომ ის უნდა „იტანჯებოდეს“, რათა რაღაც დიდი შექმნას… შენი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ და ასევე, შენი განწყობა, რომელიც შემოქმედებაში გეხმარება?

Tamo

ეს სტერეოტიპი ზედაპირულად გამოგონილი არაა, ჩემი აზრით. ხელოვნებაში მთელი არსებით შესული მოაზროვნე ადამიანი, როგორი კომფორტითა და პირობებითაც უნდა იყოს ის უზრუნველყოფილი, მუდმივად იტანჯება ძიების და ვერპოვნის პროცესით. მოუსვენრობის განცდა, რომელიც შემოქმედებით პროცესებს ახლავს, მძაფრია და მტანჯველი. ეს ყველაფერი იმის პარალელურად, როცა გააცნობიერებ სიცოცხლის, დროისა და სივრცის აბსურდულობასა და ყოფიერების ტკივილს. ასე რომ, ერთი დიდი ნაზავია უსაზღვრო სევდისა და ტკივილის, რომლის პარალელურადაც გაიელვებს ხოლმე ყველაზე მძაფრი სიხარული, ყველაფრისგან განსხვავებული და ყველაფერზე ამაღლებული. სხვა სტერეოტიპები ინდივიდუალურ შემთხვევებს ეყრდნობა და, შესაბამისად, მრავალნაირია.


ავტორი: ქეთია ბელქანია


Instagram ბრენდებისა და კრეატორებისთვის Broadcast Channels-ის ფუნქციას ტესტავს

რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება?