17
Oct
2017

როგორი იყო TedxTbilisi 2017

17 Oct 2017

#TEDxTbilisi 2017-ის მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება 2017 წლის 15 ოქტომბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. „ახალი ეტაპი“ წლევანდელი „ტედის“ საორიენტაციო თემა გახლდათ და შესაბამისად, 14 მოწვეული სპიკერი საკუთარი კარიერის საუკეთესო პრეზენტაციის წარდგენას შეეცადა. ღონისძიების მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის ინსპირაციის წყაროს როლის შესრულებას, თავის მხრივ, უკუკავშირის სახით კი ღონისძების სტუმრებისგან იდეების გავრცელებას გულისხმობს.

წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი TEDxTbilisi ქართული ენაზე წარიმართა, მხოლოდ რამდენიმე მონაწილემ, მათ შორის, გიორგი მინდიაშვილმა (ჰოქსტონის სასტუმროების ქსელი, კვებისა და სასმელის მიმართულება, დირექტორი), პოლ სტეფანსმა („ტრანსკავკასიული ბილიკი“, თანადამფუძნებელი), ალექსანდრა კუნიომ („კოდა სთორი“, ანიმაცია), მიშელ ლარუმ (შარლუზი, საფრანგეთი, ქალაქი ბორსოდ მუნიციპალიტეტი, ურბანული დაგეგმვის დირექტორი) და სანდრა ელისაბედ რულოვსმა (საქართველო პირველი ლედი 2004-2013, სამედიცინო არასამთავრობო ორგანიზაცია „სოკო“, დირექტორი; საქართელოს უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, ხელმძღვანელი) წარადგინა საკუთარი პრეზენტაცია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომელთა სინქრონული თარგმანის მოსმენაც ყურსასმენებით შეეძლო აუდიტორიას.

გამომსვლელთა საქმიანობის სრულიად სხვადასხვა სფერომ, მათმა გენდერულმა, ასაკობრივმა თუ ნაციონალურმა მრავალფეროვნებამ ღონისძიება მეტად საინტერესო და მარტივად აღქმადი გახადა. მაგალითად, ნინი ჩიქოვანმა, „თამაშობანას“ დამფუძნებელმა ისაუბრა ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მნიშვნელობასა და იმ ძვირადღირებულ გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც სათამაშოს უვნებლობის შემოწმებას სჭირდება.
ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ („პოსტ რედ აუდიოს“ დამაარსებელი) აუდიტორიას, იუმორის საშუალებით, გაუზიარა ის გამოცდილება, რაც მან ევროპისმცოდნეობის ფაკულტეტზე საზოგადოებაში მიღებული ნორმების ზეგავლენის შედეგად ჩაბარებამ, შემდეგ კი საკუთარ ინტერესებსა და გულისხმას მინდობილს, ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხმის დიზაინერობამ მოუტანა. ნესტან ნიჟარაძემ (თბილისის ფოტოფესტივალის დამაარსებელი და კრეატიული დირექტორი) კი ისაუბრა თბილისის ფოტოფესტივალის 7 წლიან გამოცდილებაზე, მის კულტურულ თუ ისტორიულ ღირებულებებსა და მნიშვნელობაზე.

გარდა უშუალოდ დარბაზში მყოფი გამომსვლელებისა, „ტედის“ სტუმრებს საშუალება მიეცათ, უცხოური, გლობალური Tedx-ის რამდენიმე სხვადასხვა სპიკერის გამოსვლისთვის მოესმინათ, მაგალითად: ტიმ ურბანის პრეზენტაცია პროკრესტინატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ყოველთვის სხვა დღისთვის გადადებენ ხოლმე, კელი მაკგონიგალის მიგნება, როგორ გავხადოთ სტრესი ჩვენი მეგობარი და დაან როსეგარდეს გამოცდილება მავნებელი ნისლის მტვერსასრუტსა და ქალაქის სხვა ჯადოსნური დიზაინის შექმნაზე, ჩინეთში.

TEDxTbilisi 2017-ს, Premium Events-ის გაფორმებული სცენიდან, რომელიც მიუზიკლ „ლა ლა ლენდს“ მოგაგონებდათ, უძღვებოდნენ ღონისძიების დამფუძნებელი, მერი გაბაშვილი და ილუზიონისტი „გრიზლი“.
დარბაზში, სტუმრებს კონკრეტულად თავიანთი ადგილი არ ჰქონდათ მინიჭებული ბილეთისა თუ მოსაწვევის მიხედვით, თუმცა დღის ბოლომდე, ყველამ დაიმახსოვრა, ვინ სად იჯდა. 4 სესიიანი ღონისძიება უზრუნველყოფილი იყო ყავის შესვენებებითა და ლანჩით, საღამოს კი, ღონისძიების არაფორმალურ ნაწილში სტუმრებმა Tbilisi Rooms Hotel-ში გადაინაცვლეს.

ერთდღიანი კონფერენცია „ტედექს-თბილისი“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია. 

ფოტოკრედიტი: ანდრო დგებუაძე

განხილვა