in

TedxTbilisi – ინოვაციისა და ტრადიციის შეპირისპირება !

TED დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღონისძიებაა. სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად ხდება ამ ღონისძიების ფარგლებში გადაღებული ვიდეოების გაზიარება. Ideas worth spreading – ღონისძიების სლოგანია, თუმცა საქართველოში TEDx Tbilisi–ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერი გაბაშვილმა სლოგანის გადმოქართულება სცადა და ასეთი ფორმირება მისცა – იდეების ეპიდემია თბილისში. მისი აზრით, TED-ი და მის ფარგლებში გაჟღერებული იდეები ნელ-ნელა ეპიდემიასავით ედება საზოგადოებას. წელს, 2012 წლისგან განსხვავებით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ამ ღონისძიების შესახებ არ სმენია. მარკეტერს პროექტის შესახებ სწორედ მერი გაბაშვილი ესაუბრა.

M:  TEDის შესახებ მოუყევით ჩვენს მკითხველს 

პროექტმა სათავე ამერიკის შეერთებულ შტატებში აიღო. მისი ძირითადი დანიშნულება კრეატიული და ინოვაციური იდეების ხელშეწყობა იყო. ეს აბრევიატურა ასე იშიფრება – Technology, Entertainment, Design. სწორედ ამ სამ სფეროზე იყო თავდაპირველად ორიენტირებული ღონისძიება, თუმცა ნელ-ნელა პროექტი იმდენად გაიზარდა, რომ ახლა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ეს არის ერთ-ერთი მოწინავე სცენა ახალი იდეებისთვის. ძალიან ბევრი ისეთი იდეა გაჟღერდა პირველად TED-ის სცენაზე, რაც დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა. მაგალითად, ელექტრონული წიგნი ან თუნდაც 3D ფორმატის პრინტი. პროექტის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ წელიწადში ერთხელ მისი ჩატარება აღარ იყო საკმარისი, ამიტომაც შეიქმნა რეგიონალური ფორმატი – TEDx. მთელს მსოფლიოში უკვე 350-მდე TEDx არსებობს. მიზანი, რა თქმა უნდა, იგივეა – ინოვაციების ხელშეწყობა, უბრალოდ ადგილობრივ კონტექსტში.

M: როგორ გაჩნდა იდეა საქართველოშიც გადმოგეტანათ ეს ფორმატი ?

ჩვენ საქართველოში TEDx-ზე მუშაობა 2012 წელს დავიწყეთ. ხშირად ვიკრიბებოდით მეგობრები სულ სხვა კონტექსტში, თუმცა ხშირად განვიხილავდით ამ ღონისძიებას და ვიდეოებს, რომელიც ყველა ჩვენგანს ძალიან მოგვწონდა. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, უცხოელია და ის იყო ერთ-ერთი სპიკერი TEDx ერევანზე. სწორედ მას გაუჩნდა პირველად იდეა, რომ საქართველოშიც ჩატარებულიყო მსგავსი ღონისძიება. ასე დავიწყეთ.

მნიშვნელოვანია, რომ TED არის საზოგადოებრივ საწყისებზე ორგანიზებული ღონისძიება. ჩვენ ყველა ვინც ამ პროექტს მოვკიდეთ ხელი რეალურად მოხალისეები ვართ, ნამდვილად გვჯერა იმ იდეის, რომელსაც ვემსახურებით და დიდ ძალისხმევას ვდებთ ამაში. სულ მაკლია ხოლმე საქართველოში ასეთი მოხალისეების წამოწყებები, რომლებიც ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან და არა იმიტომ, რომ ამაში ხელფასს უხდიან. TED-ის დინამიკაში მოხალისეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თვითონ გვიკავშირდებიან და გვთხოვენ მოხალისეებად აყვანას.

cover2.

M: რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ღონისძიების მზადების პროცესში ?

პირველ რიგში მივმართეთ TED-ს, ვთხოვეთ ლიცენზია, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ბუნებრივია, მათ თავიანთი, ძალიან მკაცრი წესები აქვთ. გავიარეთ ყველა პროცედურა და 2012 წელს პირველი ღონისძიება ჩავატარეთ. წელს მეოთხე ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ძალიან გვახარებს დინამიკა, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პროექტის მიმართ. პირველ წელს თითქმის არავინ არ იცოდა ღონისძიების შესახებ, შესაბამისად კიდევ ერთი სირთულე სპონსორებისა და სპიკერების მოძიება და დათანხმება იყო. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკი და სასტუმრო “რუმსი” იყვნენ პირველები, ვინც თავიდანვე გვენდო, გაიზიარეს ჩვენი სულისკვეთება და დღემდე მხარს გვიჭერენ. როგორც აღვნიშნე, რთული იყო სპიკერების დარწმუნებაც, მოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ მათთვის უცნობ ფორმატში. გაგვიმართლა, რომ პირველი ღონისძიების რამდენიმე სპიკერი უკვე იყო TED-ის აქტიური გულშემატკივარი და ისინი მარტივად დაგვთანხმდნენ. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენი სპიკერები არ იყვნენ საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი ადამიანები, არამედ გავუხსნათ გზა მათ, ვისაც აქვს საინტერესო იდეა და შეუძლია ამ იდეით საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოს.

M: რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, წელს როგორი იქნება ღონისძიება ?

წელს სპონსორებისა და სპიკერების თვალსაზრისითაც უკეთესი სიტუაცია გვაქვს. ნაკლებია ადამიანი ვინც არ იცის TEDx რა არის. 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სპიკერების რაოდენობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წელს მხოლოდ 2 უცხოელი სპიკერი გვეყოლება. ეს არის ლოკალური ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაა.

ყოველ წელს ჩვენ ვიღებთ ლიცენზიას ღონისძიების ჩატარებისთვის, სადაც ასევე განსაზღვრულია თუ რამდენ ადამიანზე გათვლილი ღონისძიების ჩატარების უფლება გვაქვს. წელს ყველაზე დიდი, ულიმიტო ლიცენზია მივიღეთ, რადგან წინა წლები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ ვფრთხილობთ და სტუმრების რაოდენობა ულიმიტო არ იქნება, ამჯერად 500 ადამიანს ვუმასპინძლებთ.

tedx

M: როგორ შეიძლება ღონისძიებაზე დასწრება ?

ჩვენი ლიცენზიის თანახმად, ვალდებულები ვართ TED-ს მივაწოდოთ ინფორმაცია თითოეული დამსწრეს შესახებ, რაც გულისხმობს მათი ელექტრონული ფოსტის მისამართების აღრიცხავს, რისი მეშვეობითაც შემდეგ TED-ს ეძლევა უკუკავშირის მიღების საშუალება, რაც ხარისხის კონტროლის ერთგვარი მექანიზმიც არის. ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კონკრეტულ ვადებში და ისინი შეძლებენ ბილეთის აღებას, რომლის ფასიც 25 ლარია. ეს თანხა დღის ხარჯებს ფარავს. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ სამი კვება გვაქვს გათვალისწინებული. ღონისძიების შემდეგ კი იმართება სპეციალური მიღება, სადაც დამსწრე საზოგადოებას სპიკერებთან კომუნიკაციის საშუალება ეძლევა.

წელს რეგისტრაცია biletebi.ge-ს მეშვეობით იქნება შესაძლებელი, ყველანაირი ინფორმაცია ჩვენს გვერდზე წინასწარ დაიდება.

M: როდის იგეგმება წლევანდელი ღონისძიების ჩატარება ?

ღონისძიება 17 აპრილს არის დაგეგმილი,თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიში. თუ მსურველები ჩვენს ვებ გვერდზე გამოიწერენ ნიუსლეთერს, ისინი პირველები შეიტყობენ ყველა სიახლის შესახებ.

M: წლევანდელი ღონისძიების თემა რა იქნება ?

ყოველ წელს ვცდილობთ, რომ გლობალური თემა ავარჩიოთ, TED-ის თავისებურება არის ის, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე არ ხდება ჩაძიება, სხვადასხვა სფეროდან მოგვყავს ადამიანები და ისინი სხვადასხვა კუთხით საუბრობენ კონკრეტული თემის ირგვლივ. წლევანდელი ღონისძიების თემა არის ინოვაციისა და ტრადიციის შეპირისპირება. გვყავს რამდენიმე სპიკერი, რომლებიც ცდილობენ თავის სფეროში აღმოაჩინონ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ ორის – ინოვაციისა და ტრადიციის გადაკვეთაზე. მაგალითისთვის, ყველასათვის ცნობილი შეფ მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ისაუბრებს თემაზე “მომავლის ჩაქაფული”, ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება, თუ როგორ შეიძლება ქართული ტრადიციული სამზარეულოს გამდიდრება ინოვაციური დეტალების დამატებით. გვყავს ადამიანი, რომელიც აგრესიაზე და ძალადობაზე ისაუბრებს, დაუპირისპირებს ტრადიციულ ხედვას და შედარებით განსხვავებულ ინოვაციურ ხედვას. გვეყოლება ასტროფიზიკოსი ქალბატონი, რომელიც ასევე თავისი სფეროდან გამომდინარე ისაუბრებს.

cover1.

 M: გამოსვლები მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ?

დიახ, მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრობენ ჩვენი სპიკერები, რაც ზოგჯერ ბუნებრივია ბარიერს ჰქმნის, თუმცა ესეც TED-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუ ვიდეოები იქნება ინგლისურად, ისინი შემდეგ ატვირთავენ მათ თავიანთ საიტზე, რაც ძალიან დიდი წარმატების ტოლფასია. ასე საქართველო ჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან საინტერესო იდეებით. რამდენიმე მილიარდი ადამიანი ჩვენი მაყურებელიც ხდება. წინა წლებში ჩვენი სპიკერების გამოსვლებს ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა. ვფიქრობთ, რომ წელს ენის ბარიერს შევამცირებთ და გამოსვლებს სუბტიტრებს დავურთავთ.

M: რა არის TEDx Tbilisi-ის მიზანი?

ეს არ არის რიგითი ინტელექტუალური კონფერენცია, ეს არის იდეების ფორუმი, იდეების ზეიმი. რეალურად მიზანი არის დამსწრე საზოგადოებაც აენთოს, გაუჩნდეს სურვილი რომ თავიანთი იდეით გააკეთონ რაიმე სასარგებლო. წინა წლებში ეს ნამდვილად მოვახერხეთ. რამდენიმე ახალი პროექტი დაიბადა ჩვენი ღონისძიების ინსპირაციით. იმედი გვაქვს, ამას წელსაც შევძლებთ.

ავარიული სიტუაციების გამომწვევი მიზეზები – სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი კამპანია

„National Geographic Channel“-თან ერთად ყველაფერი მართლაც ახლოსაა