TED-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმაა, TEDxTbilisi კი შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის საფუძველზე თბილისში წელს უკვე მეათედ გაიმართება.
10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, TEDxTbilisi-ის გუნდის წევრები – მერი გაბაშვილი და ნინო ბიგვავა საუბრობენ.
10 წელი საკმაოდ დიდი დროა, ამ ხნის განმავლობაში თბილისმა და ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გამოიარა. ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით, როგორი იყო TEDxTbilisi-ს მიერ განვლილი 10 წელი?
მერი: გასული 10 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა TEDxTbilisi – ის გზაზე. დღეს იგი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფორმატია, რომელსაც ერთგული მაყურებლები ყოველ წელს მოუთმენლად ელოდებიან, რომლისთვისაც 100-ზე მეტი სპიკერი რეგისტრირდება ყოველ წელს და რომლის მხარდაჭერის სურვილი ბევრ ორგანიზაციასა თუ კერძო პირს აქვს. 10 წლის წინანდელ თბილისში სულ სხვა რეალობაში გვიწევდა ღონისძიების ორგანიზება. ბევრმა არც კი იცოდა, რა იყოს TED-ი და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან რთული იყო მაყურებლის, სპიკერებისა თუ პარტნიორების დაჯერება იმაში, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ღირდა.
თუ არ ვცდები, პირველ ღონისძიებას მხოლოდ ერთი პარტნიორი/სპონსორი ყავდა. Მეტის დაინტერესება უბრალოდ ვერ შევძელით. დაბრაზში კი 50-მდე მაყურებელი მოვიდა, ისიც ძირითადად ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ღონისძიებასთან რაღაც ფორმით დაკავშირებული პირები. სპიკერებიც სულ უცხოელები გვყავდა, რაკი, ერთის მხრივ, სცენაზე გამოსვლის ბევრი ქართველი მსურველი არ იყო. ხოლო მეორე მხრივ, ქართული აუდიტორია არ თვლიდა, რომ საინტერესო ქართველი სპიკერები არსებობენ; უფრო მეტი ინტერესი იყო უცხოელების მიმართ. ისეთი განწყობა იყო თითქოს, რომ უცხოული სპიკერი საინტერესო და კარგი იქნება, ყველა შემთხვევაში, ქართველი კი არ ივარგებს; ვერაფერ საინტერესოს ვერ იტყვის. ამიტომ, ქართველ სპიკერზე აუდიტორიის “მოყვანა” უფრო რთული იყო. ძალიან გვიხარია, რომ დაარსებიდან 10 წლის თავზე, წარმატებული ღონისძიებების ორგანიზებით მოვახერხეთ ამ და ბევრი სხვა სტერეოტიპის შეცვლა.
ნინო: 2023 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე TEDx-ის სცენაზე გამოსვლის სურვილი 200-მდე ქართველმა და უცხოელმა სპიკერმა გამოთქვა, შერჩევის პროცესი წარმატებით რამდენიმე მათგანმა გაიარა, რომლებიც 600-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარდგებიან და ეს ყველაფერი 20-ზე მეტი ქართული კომპანიის ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერით მოხდება. ვფიქრობ, ეს სტატისტიკა კარგად ასახავს იმას თუ რამხელა გზა გაიარა TEDxTbilisi -მა გასული 10 წლის განმავლობაში და როგორ განვითარდა ეს ფორმატი.
შეიძლება ითქვას, რომ TEDxTbilisi-მა გაამრთლა ის მოლოდენები, რაც ჩაფიქრებული იყო, როცა იწყებდით?
მერი: დიახ. ვფიქრობთ, სრულებით გაამართლა, მეტიც, სადღაც გადააჭარბა კიდეც. ამ ფორმატის წამოწყებისას ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვქონდა დასახული. ერთის მხრივ, გვინდოდა ქართული საზოგადოებისთვის გაგვეცნო საინტერესო ქართველები, მათი იდეები და ისტორიები. ხოლო მეორე მხრივ, გვინდოდა, რომ საქართველო, აქ მცხოვრები ადამიანები და მათი ინოვაციები მსოფლიო TED რუკაზეც გამოჩენილიყო. ამ უკანასკნელი მიზნის მიღწევისთვის ჩვენი სპიკერების გამოსვლებს ინგლისურ სუბტიტრებს ვუკეთებდით და მრავალმილიონიან მსოფლიო TED აუდიტორიას ვუზიარებდით.
ნინო: და ეს ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებლებში (რასაც ვხედავთ ვიდეოების ნახვების და მოწონების სტატისტიკით) და იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებელი ყოველ წელს ელის ჩვენს ღონისძიებას, გვეხმიანებიან და აზუსტებენ როდის ტარდება, ვინ იქნებიან სპიკერები და ა.შ ვფიქრობთ, რომ ორივე მიზანს მივაღწიეთ. ცხადია, ყოველთვის არის სივრცე მეტის კეთების – მსმენელის და გულშემატკივრის გაზრდის, ქართველი სპიკერების საერთაშორისო TED პლატფორმებზე გაყვანის და ა.შ. თუმცა საწყისი მიზანი, საწყისი მოკრძალებული ამბიცია იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქართული იდეების და მათი ავტორების პოპულარიზაცია მომხდარიყო – მიღწეულია.
ახლა უცებ გონებაში ძველ წლებს რომ გადაავლოთ თვალი, რომელიმე განსაკუთრებით კარგად ხომ არ გახსენდებათ, თუნდაც,რომელიმე სპიკერის გამოსვლა და რატომ?
მერი: თუ არ ვცდები TEDxTbilisi-ის 5 წლის იუბილე იყო, დაახლოებით 2015-16 წელი, როცა აუდიტორიას სრულად ქართული TED-ი შევთავაზეთ, აღარ ჩამოვიყვანეთ არცერთი უცხოელი სპიკერი და აუდიტორია ღონისძიების შემდეგ აღფრთოვანებული იყო გამომსვლელებით. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო: ვიგრძენი, რომ ეს სტერეოტიპი – “უცხოური ყოველთვის ჯობია/უცხოელი სპიკერი უფრო საინტერესოა” – ერთგვარად შეირყა.
ნინო: კონკრეტული სპიკერების გამოყოფა გამიჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ 100-ზე მეტი სპიკერი გვყავდა ამ დროის განმავლობაში, თითოეულის მიმართ დიდი აღტაცება მაქვს, სულ ცოტა იმიტომ, რომ თავისი ისტორიის, თავისი იდეის გაზიარების სითამამე ჰქონდათ. ყველა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, უნიკალური გზით, უნიკალური ხედვით. ამ ადამიანების და მათგან მიღებული მუხტის გამო ვაკეთებთ TEDx ყოველ წელს. ეს არის ის “ჰონორარი” რომლისთვისაც გვიღირს იმ დროის და ენერგიის ჩადება, რაც საჭიროა ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.
და ბოლოს, წლევანდელ ღონისძიებაზე რას გვეტყვით, რას უნდა ელოდოს მსმენელი?
მერი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლევანდელი ღონისძიების მიმართ საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო, TEDxTbilisi-ის სცენაზე გამოსვლის სურვილი 200-მდე ადამიანმა გამოთქვა. მათგან რამდენიმემ კი წარმატებით გაიარა ყველა შესარჩევი ეტაპი. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”, რომლის ირგვლივ ჩვენი წლევანდელი გამომხვლელები 22 აპრილს, Expo Georgia-ში გაერთიანდებიან და საკუთარ ისტორიებსა და გარდამტეხ ეტაპებზე TEDx-ის აუდიტორიას მოუყვებიან.
[პარტნიორის კონტენტი]