in

„გადააგორე ზამთარი“ – როგორ გამოიყენა „თეგეტა მოტორსმა“ AI საგზაო უსაფრთხოების გზავნილის გასაძლიერებლად

თეგეტა მოტორსი“ წლებია, რაც პოზიციონირებულია როგორც ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ავტოსერვისს, არამედ საგზაო მოძრაობის კულტურის განვითარებასაც ემსახურება. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად კომპანია ტრადიციულად ახსენებს ხოლმე მომხმარებლებს ავტომობილის სეზონური მომზადების მნიშვნელობას, თუმცა 2026 წელს კამპანიის ამ გზავნილმა სრულიად ახალი ფორმა მიიღო.

კამპანია „გადააგორე ზამთარი“ მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მოუმზადებელი ავტომობილი საფრთხეს უქმნის როგორც მძღოლს, ისე მგზავრებს. ამჯერად თეგეტა მოტორსმა მარკეტინგულ კომუნიკაციაში კიდევ უფრო თანამედროვე ენა გამოიყენა და კამპანიის ვიზუალური ნაწილი სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა. AI-ვიზუალებით დაწყებული კამპანია შთამბეჭდავი ვიდეორგოლით გაგრძელდა, რომლის კონცეფციაზეც თეგეტა მოტორსმა კრეატიულ სააგენტო CONTACT-თან ერთად იმუშავა, ხოლო ტექნიკური აღსრულება Visual Solutions AI-ს ანდო.

 
კამპანიის არსსა და იდეაზე საუბრობს ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი:

„ავტომობილის სეზონური მომზადება საგზაო მოძრაობის კულტურის ნაწილია, რომლის ამაღლებაზეც წლებია თეგეტა მოტორსი მუშაობს. წელს მარკეტინგულ კომუნიკაციაში ახალი, თანამედროვე ენა გამოვიყენეთ. ჩვენთვის ეს კამპანია მხოლოდ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი არ ყოფილა – მთავარი მიზანი ჩვენი მესიჯის მეტი მკაფიოობა იყო: ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლობას”.

ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, რომ კამპანიის ფარგლებში გამოიკვეთა მომხმარებლის სამი ტიპი: წინასწარ მომზადებული, მარტივი გამოსავლის მაძიებელი და ის, ვინც მხოლოდ კრიტიკულ მომენტში იწყებს მოქმედებას. სწორედ ამ ინსაითს დაეფუძნა კრეატიული გადაწყვეტა, სადაც გამოყენებულია ტარანტინოს, ვეს ანდერსონისა და ინიარიტუს კინემატოგრაფიული ენა.

კრეატიული ტრანსფორმაციის პროცესზე საუბრობს გოგიტა ჩიკვაიძე, სააგენტო CONTACT-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

„თეგეტა მოტორსისგან მივიღეთ მზა გზავნილი „გადააგორე ზამთარი”, ჩვენი ამოცანა კი ამ მესიჯის კრეატიული ტრანსფორმაცია იყო. დავეყრდენით ინსაითს, რომ ზამთრის გზებზე მძღოლების ქცევა და ემოციები მკვეთრად ინდივიდუალურია, ამიტომ ერთი სლოგანი სხვადასხვა კინემატოგრაფიული ენით ავამუშავეთ.

გადააგორე ზამთარი“ სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა კინოჟანრია: ტარანტინოსეული მძაფრი ფერები, აქცენტირებული დეტალები და დაძაბულობა, ვეს ანდერსონის მათემატიკური სიმეტრია და პასტელური ფერები, ინიარიტუსეული ორგანული ვიზუალი, სადაც აქცენტი ბუნებრივ ტექსტურებზე, ატმოსფერულ სიმყუდროვესა და ემოციურ სიღრმეზეა”.

მისი თქმით, AI ამ პროცესში იყო ინსტრუმენტი და არა იდეის ავტორი:

„შემოქმედებით პროცესში AI ჩვენთვის არის ფუნჯი და არა მხატვარი. ადამიანის როლი იწყება იდეის არქიტექტურიდან და ემოციური ანალიზიდან, ხოლო AI იქ ერთვება, სადაც ვიზუალური სიზუსტეა საჭირო”.

ვიდეოს ტექნიკურ და ვიზუალურ აღსრულებაზე პასუხისმგებელი იყო Visual Solutions AI (Los Angeles). კომპანიის დამფუძნებელი და არტდირექტორი დავით გარუჩავა პროცესს ასე აღწერს:

„ჩემი მთავარი ამოცანა ვიზუალური თხრობის ტექნიკური აღსრულება იყო – სცენარის ზუსტი ტექნიკური თარგმნა ვიზუალში. AI-ს „ქაოსური” კრეატივი უნდა მოგვექცია ზუსტ ჩარჩოებში, რათა შენარჩუნებულიყო ბრენდის ესთეტიკა და კინემატოგრაფიული სტილები“.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ტექნიკური სირთულეები იყო:

„ქართული ქუჩების ავთენტური რეპლიკა, ადამიანების ბუნებრივი მოძრაობა, პერსონაჟების ერთგვაროვნება და კონკრეტული სარეჟისორო სტილის იმიტაცია – AI ვიდეოგენერაციაში ყველაზე რთული ამოცანაა, თუმცა სწორედ ამ სირთულეებმა მოგვცა ძლიერი შედეგი. 

როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მემონტაჟემ, კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია კადრის დინამიკა, რიტმი და თხრობის სტრუქტურა. ტრადიციულ მონტაჟში არსებულ მასალას ვამუშავებდი, AI-ში კი საშუალება მაქვს, თავად შევქმნა ეს მასალა ნულიდან, თუმცა მემონტაჟის „თვალი“ აქაც გადამწყვეტია ხარისხიანი შედეგის მისაღებად.

Tegeta-ს პროექტი ამ კუთხით ჩვენთვის ერთგვარი „სატესტო ლაბორატორიაც” იყო, რამაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი მუშაობის პრინციპი. 

დავითმა AI კამპანიების მომავალზეც გაგვიზიარა საკუთარი ხედვა:

„მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. თუ ადრე ეს უბრალოდ ტრენდული სიახლე იყო, ახლა ბიზნესები პრაგმატულ სარგებელს ხედავენ. მისი მომავალი ცალსახად დაკავშირებულია ეფექტურობასთან: AI დრამატულად ამცირებს დროს იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე და, რაც მთავარია, ამცირებს ბიუჯეტს, რაც კრეატიულ გუნდებს მეტ თავისუფლებას აძლევს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში AI ინტეგრაცია აღარ იქნება „არჩევანი“, ეს იქნება ინდუსტრიის სტანდარტი ნებისმიერი მასშტაბის კამპანიისთვის”.

„გადააგორე ზამთარი“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ექსპერიმენტად, არამედ ეფექტურ კომუნიკაციად მარკეტინგში. თეგეტა მოტორსის, CONTACT-ისა და Visual Solutions AI-ს თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ადამიანური ხედვისა და AI-ს სინთეზი ქმნის თანამედროვე, ემოციურ და შედეგიან კამპანიებს. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ AI უკვე არა მომავალი, არამედ დღევანდელი რეალობაა.

[R]

ფსიქოლოგიური პრინციპები, რაც მომხმარებლებთან ინდივიდუალურ მიდგომაში დაგეხმარებათ

ექსპერტების რჩევები ურთიერთობების პროფესიონალურ დონეზე დასამყარებლად