in

როგორ ცვლიან UNFPA და „თეგეტა” გენდერულ სტერეოტიპებს კერძო სექტორში

© თეგეტა ჰოლდინგი

მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც მსოფლიო განიცდის, გენდერული თანასწორობის მიღწევა 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ქალები, კაცები, გოგოები და ბიჭები დღემდე აწყდებიან გენდერულ სტერეოტიპებს ოჯახში, საზოგადოებაში, სამუშაო ადგილას, პროფესიის არჩევისას თუ მემკვიდრეობის განაწილებისას. მსოფლიო მასშტაბით არაერთი კვლევა და მონაცემი უსვამს ხაზს, რომ იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, არსებობს თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებები ორგანიზაციული კულტურის ნაწილია, თანამშრომლები ახერხებენ მარტივად მიაღწიონ დასახულ მიზნებს, გახდნენ უფრო პროდუქტიულები და ამ გზით ხელი შეუწყონ კომპანიის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას.

თანასწორობის წახალისება ხელს უწყობს ნიჭიერი, პერსპექტიული სამუშაო ძალის მოზიდვასა თუ შენარჩუნებას სამუშაო ადგილებზე და, ზოგადად, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. თანასწორი და ხელშემწყობი გარემოს წახალისება მოითხოვს დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და შეხედულებების ანალიზს. დამკვიდრებული სტრეოტიპები ქალებისა და კაცების შესახებ, ხშირად ქმნის ბარიერს და ხელს უშლის ადამიანური კაპიტალის სრული რეალიზების შესაძლებლობას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად (კვლევა „ქალები, კაცები და გენდერული ურთიერთობები“, 2020), როგორც ქალები (74,2%), ასევე კაცები (79,5%) თანხმდებიან, რომ „ქალის უმთავრესი მოვალეობაა შინ დარჩენა და ოჯახზე ზრუნვა“. კაცების 68% ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს მხოლოდ კაცები უნდა იღებდნენ, ხოლო გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ კაცები, ქალებთან შედარებით უკეთესი ბიზნეს ლიდერები არიან. კაცებისა და ქალების როლების ამგვარი გამიჯვნა საოჯახო და პროფესიულ საქმეებთან მიმართებით ხელს უშლის ქალების კარიერულ წინსვლას და განაპირობებს კაცების ნაკლებ ჩართულობას როგორც შვილების მოვლის, ისე საოჯახო საქმეების განაწილების კუთხით. ამგვარი უთანასწორობა აფერხებს განვითარებას საზოგადოების ყველა წევრისთვის, სამუშაო გარემოსა და მის მიღმა, შესაბამისად, კაცები ჩართულობა თანასწორი გარემოს მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

გაეროს მოსახლეობის ფონდიც (UNFPA) იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომელიც კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით, აქტიურად მუშაობს სოციალური ცვლილებებისთვის და ცდილობს პარტნიორებთან ერთად, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი თანასწორი საზოგადოების მშნებლობასა და მდგრად განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი პროექტისთვის ის კომპანია „თეგეტასთან” გაერთიანდა, რომელიც იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს სტერეოტიპების მსხვრევას საქართველოში, რათა თოთოეული ადამიანის კაპიტალი სრულად იყოს რელიზებული. ამას კი თეგეტა საკუთარი ორგანიზაციის შიგნით, თანამშრომელთა მგრძნობელობის გაზრდითა და თანასწორობაზე ორიენტირებული გზავნილების მიტანით იწყებს. ამ მიზნის გამოძახილია კამპანია „კაცები ზრუნავენ“-თან დამეგობრება, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით 2016 წლიდან ხორციელდება.

©თეგეტა ჰოლდინგი

წელს გაეროს მოსახლეობის ფონდსა და „თეგეტა ჰოლდინგს” შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად, კამპანიის ფარგლებში „თეგეტას” თანამშრომელი კაცებისთვის დაიწყო ტრენინგების ჩატარება. ტრენინგ-მოდულს „მამაკაცური საუბრები” ჰქვია და ის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Promundo US-თან პარტნიორობით მომზადდა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკასა და კვლევით მონაცემებს. 

©თეგეტა ჰოლდინგი

წარმოგიდგენთ ამ კამპანიის მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლებთან ინტერვიუებს, რომლებიც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან პროექტისა და მისი არსის შესახებ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე:

M: როგორ შედგა თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდსა და “თეგეტა ჰოლდინგს” შორის და რა მნიშვნელობის მატარებელია ეს გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის?

გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეებისა და პარტნიორების წრის გაფართოება და იმ ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების შემოკრება, რომლებიც იზიარებენ თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს. მიგვაჩნია, რომ სოციალური ცვლილებები მხოლოდ ხანგრძლივი, თანმიმდევრული და მრავალსექტორული მუშაობით მიიღწევა და სწორედ ამიტომ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს. „თეგეტა ჰოლდინგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს 2022 წელს მოვაწერეთ ხელი. მისასალმებელია დამოკიდებულება და მაღალი მგრძნობელობა, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იჩენს ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

M: ვისაუბროთ მიმდინარე პროექტზე – კაცები ზრუნავენ. რას ემსახურება ეს კამპანია და რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით, რომლებიც მან მოიტანა?

გაეროს მოსახლეობის ფონდი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში კაცები ქალების თანამოაზრეებად ექცია. კვლევა, რომელსაც კამპანია დავაფუძნეთ – „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“, 2014 წელს გამოვაქვეყნეთ და 2020 წელსაც გავიმეორეთ, რათა დაგვენახა და გაგვეზომა ის პროგრესი თუ უკუსვლა, რომელსაც განვიცდით, როგორც საზოგადოება. ეჭვგარეშეა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სიტუაცია დადებითად იცვლება, იცვლება კაცების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის, ქალის საზოგადოებრივი როლის, ოჯახური ურთიერთობების მიმართ. 2020 წლის კვლევის მონაცემებით,  რესპონდენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (50.4%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ  ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. ეს მაჩვენებელი, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 11%-ს შეადგენდა. აგრეთვე, წილი ადამიანებისა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის, 28%-ით შემცირდა. ზემოთხსენებული მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილების მხრივ, და ცხადია, რომ ეს გაუმჯობესება ახალგაზრდა თაობის ხარჯზე ხდება. მიგვაჩნია, რომ კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესში, თუმცა სამუშაოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. 

©თეგეტა ჰოლდინგი

M: რა გამოწვევებია დღეს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერებაში და თქვენი აზრით, რატომ ხდება საჭირო მაინცდამაინც კაცებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება?

გენდერული თანასწორობისთვის მხოლოდ ქალები არ უნდა იბრძოდნენ. ეს ყველას ბრძოლაა, თითოეული ჩვენგანის და თანაც – ყოველდღიური. საქართველოში ჯერ კიდევ უმწვავეს გამოწვევად რჩება ბავშვთა ქორწინებისა და ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკები, ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი უკიდურესი ფორმის – ფემიციდის პრევენცია და აღმოფხვრა მოითხოვს უდიდესი სამუშაოს გაწევას სახელმწიფოსა და ყველა შესაბამისი უწყებისა თუ ორგანიზაციის მხრიდან, კაცების ჩართულობა და ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ინიციატივა კიდევ უფრო საინტერესოა, სადაც კაცი თანამშრომლები დომინირებენ. როგორც არსებული კვლევები გვიჩვენებს, თანამშრომლები, რომლებიც გათვითცნობიერებულნი არიან თანასწორობის მნიშვნელობაში, დადებით მაგალითს აძლევენ სხვა თანამშრომლებს და ამ გზით ხელს უწყობენ თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას. ასევე, კაცები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ოჯახებში არაძალადობრივი და თანასწორი ნორმები მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ჰარმონიული ურთიერთობისთვის, იგივეს აკეთებენ სამსახურშიც. ვიმედოვნებთ, რომ კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ თანამოაზრეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და გენდერულ თანასწორობას მეტი კაცი დაუჭერს მხარს.

კომენტარს აკეთებს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძულიც:

„თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს ხელშეწყობაა. შესაბამისად, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეგეტასათვის სტერეოტიპების მსხვრევა უცხო არ არის. ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც განაცხადა, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და უკვე მეორე წელია ჩვენს სერვის ცენტრებში, საქართველოში პირველად, გვყავს ქალი მექანიკოსები. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა, იმისათვის, რომ ჩვენს კოლეგებს მსგავს თემებზე საუბრის, პოზიციების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. პროექტი ,,მამაკაცური საუბრები“ ამაში ნამდვილად გვეხმარება. 

©თეგეტა ჰოლდინგი

ეს ფორმატი, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია გენდერულ თანასწორობაზე სასაუბროდ, სადაც თითოეულ მონაწილეს ეძლევა საშუალება ილაპარაკოს სენსიტიურ თემებზე და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ფასილიტატორებისგან. 

ვიმედოვნებთ, რომ თავის მხრივ პროექტში ჩართული მამაკაცები კარგ მაგალითს მისცემენ სხვებსაც და ამ გზით თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. 

M: სამომავლოდ როგორ გეგმავს თეგეტა გენდერულ თანასწორობას გამოეხმაუროს?

ვგეგმავთ, ამ პროექტით მთლიანად კომპანიის მამაკაცი თანამშრომლები მოვიცვათ, რაც ვფიქრობ, საუკეთესო შედეგი იქნება თეგეტასა და UNFPA-ს თანამშრომლობისთვის.

©თეგეტა ჰოლდინგი

გარდა ამისა, წლის განმავლობაში არაერთ პროექტს ვახორციელებთ ქალთა გაძლიერებისა და თანასწორი გარემოს მხარდასაჭერად. როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც უკვე ჰყავს მექანიკოსი ქალები, როგორც სატვირთო ისე მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით. ასევე წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქალი იკავებს მენეჯერულ პოზიციას ჰოლდინგის მასშტაბით. ვფიქრობთ, მომავალში კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება. 

კამპანიის „კაცები ზრუნავენ” დამფუძნებელი მირიან ჯუღელი:

კამპანია „კაცები ზრუნავენ” უკვე 8 წელია არსებობს და მისი მიზანია, პოზიტიური მშობლობის, გენდერული თანასწორობისა და კაცების ჩართულობის ხელშეწყობა. ამ დროის მანძილზე კამპანიამ დააფუძნა მამის დღე, მამების სკოლა, გამოსცა საბავშვო და საოჯახო საკითხავები, ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებას და ა.შ.

ერთ-ერთი ბოლო სემინარი „მამაკაცური საუბრები”, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება. მხოლოდ 2022 წელს, სემინარს 800-ზე მეტი კაცი დაესწრო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა სემინარი მისი თანამშრომლებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

M: რა მისცა მან თქვენი აზრით ამან იმ ადამიანებს, ვინც ტრენინგები გაიარა?

სემინარის დროს კაცები განიხილავენ ისეთ საკითხებს, რაზეც შესაძლოა ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ, შესაბამისად, ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე. აბსოლუტურად ყველა სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ამბობენ, რომ არ მოელოდნენ ასეთ საინტერესო საუბარს და ფიქრობენ, რომ სემინარს ყველა კაცი უნდა დაესწროს.

©თეგეტა ჰოლდინგი

M: ზოგადად, რა მნიშვნელობისაა საზოგადოებისთვის ასეთი ტრენინგის ჩატარება?

ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი ადამიანია. შესაბამისად, ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა, სადაც ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა თავისი პოტენციალის რეალიზებისა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მამაკაცური საუბრების სემინარს აქვს ის უნიკალური ძალა, რომ კაცებიც ჩართოს თანასწორობის ხელშეწყობის პროცესში. „მამაკაცური საუბრები“ კარგი შესაძლებლობაა ბიზნესში დასაქმებული კაცებისთვის, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე თავიანთ საქმიანობაში. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ეს დადებითად აისახება, როგორც მათ პროდუქტიულობაზე, გუნდურობასა თუ შედეგების ეფექტურ მიღწევაზე, ის ასევე ამცირებს რისკს, რომელიც დაკავშირებულია სტერეოტიპების გაძლიერებასთან, დისკრიმინაციული და არახელშემწყობი სამუშაო გარემოს შექმნასთან ან ისეთი ქმედების თავიდან აცილებასთან, რამაც კომპანიას რეპუტაციული რისკი შეიძლება მიაყენოს.

იხილეთ ვიდეო პროექტის შესახებ:


„მამაკაცური საუბრები” ტარდება პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

[R]

იცოდი, რომ „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი?

იმპლანტის მეშვეობით, პარალიზებულმა ადამიანმა საუბარი შეძლო