in

„ავტოინდუსტრიის ავანგარდში ყოფნა ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელია“ – როგორია „თეგეტა ჰოლდინგის“ CMO-ს, ელენკა კოხრეიძის გეგმები

„თეგეტა ჰოლდინგს“  მარკეტინგის ახალი მთავარი ოფიცერი ჰყავს. ელენკა კოხრეიძეს მარკეტინგის სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს და „თეგეტამდე“ მან მრავალფეროვანი კარიერული გზა გაიარა. საავტომობილო ინდუსტრიაში საფინანსო სექტორიდან გადმოინაცვლა. ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ ახალ პოზიციაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა სჯერა, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება საშუალებას მისცემს, ბრენდის წარმატებასა და კომპანიის სტრატეგიული მიზნების აღსრულებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ინოვაციისკენ მუდმივი სწრაფვა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები – ელენკა კოხრეიძე „თეგეტას“ გუნდს საკუთარი ხედვით შეუერთდა. უფრო კონკრეტულად მარკეტინგის მთავარი ოფიცრის  პროფესიული მოგზაურობისა და გეგმების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

რა გზა განვლეთ თეგეტამდე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

უკვე 13 წელზე მეტია, მარკეტინგის სფეროში ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა მარკეტინგული პროექტების მართვისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით. „თეგეტა ჰოლდინგამდე“ ვხელმძღვანელობდი Visa-ს მარკეტინგს კავკასიის რეგიონში, რამაც მომცა მრავალ საერთაშორისო თუ ინოვაციურ პროექტზე მუშაობის საშუალება, ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. Visa-მდე „დანკინისა“ და „ვენდისის“ მარკეტინგის დეპარტამენტებს ვკურირებდი. ორივე ბრენდი დინამიკურობით გამოირჩევა, მომხმარებელს კონკურენტულ და  მათზე მორგებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს ვთავაზობდით.

რატომ თეგეტა? რით აღმოჩნდა ავტოინდუსტრია თქვენთვის საინტერესო?

რატომ თეგეტა? „თეგეტა ჰოლდინგი“ ის იშვიათი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტებს აყალიბებს. მისი ხედვა, მიდგომა და ტრანსფორმაციისკენ მუდმივი სწრაფვა ჩემს ხედვებთან და მიდგომებთან  ახლოსაა. როგორც მარკეტერს, ეს მაძლევს რეალური გავლენების მოხდენის შესაძლებლობას. რატომ ავტოინდუსტრია? ავტომობილები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრანსპორტი, ის ადამიანის იდენტობასა და ცხოვრების სტილთან ძალიან ახლოსაა. ავტოინდუსტრია საოცრად დინამიკური და მრავალფეროვანია: ტექნოლოგიური პროგრესი, ეკოტრენდები, მომხმარებლის ქცევის ცვლილებები… სწორედ ამ ყველაფრის ავანგარდში ყოფნაა ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი.

როგორია თქვენი მოლოდინი/გეგმები ახალ თანამდებობაზე?

მჯერა, რომ ეს პოზიცია საშუალებას მომცემს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო  როგორც ბრენდის კომუნიკაციაში, ისე მისი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო გუნდის ნაწილი, სადაც იბადება ინოვაციური იდეები, იზრდება პროფესიონალების ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურობა და თითოეულ პროექტს აქვს რეალური გავლენა მომხმარებელზე.

ჩემს გეგმებში შედის არსებული პროცესების გაანალიზება, ეფექტიანობის გაზრდა, ახალი ინიციატივები და ისეთი კამპანიების დაგეგმვა/განხორციელება, რომლებიც მარკეტინგს გადააქცევს არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ შთამაგონებელ და ეფექტურ ძალად.

იქიდან გამომდინარე, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ ხშირად ექცევა აუდიტორიის ობიექტივში, ალბათ საკმაოდ დიდია პასუხისმგებლობა და მოლოდინი კომპანიის ახალი მარკეტერის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რას შესძენს თქვენი გამოცდილება და ხედვები კომპანიას?

დიახ, კარგად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც თან ახლავს ისეთი მასშტაბის ბრენდის მართვას, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. ეს არ არის მხოლოდ კომპანიის კომუნიკაცია — ეს არის საზოგადოების მოლოდინები, პარტნიორების ნდობა და ბრენდის რეპუტაცია, რომელიც ყოველდღიურად შენდება და ვითარდება.

ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში მაძლევს საშუალებას, დავგეგმო სტრატეგია ისე, რომ არსებული მაღალი მოლოდინების ფონზე მუდმივად შევინარჩუნოთ სტაბილურობა, გამოვირჩეოდეთ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებითა და კომუნიკაციით, ამავდროულად ვისწრაფოდეთ ინოვაციურობისკენ, რათა გადავაჭარბოთ მომხმარებლის მოლოდინს. მჯერა, რომ ჩემი გამოცდილება შეავსებს „თეგეტას“ ძლიერ მარკეტინგულ გუნდს ისეთი ხედვით, სადაც ბრენდი და მომხმარებელი ერთდროულად ვითარდება — სტრატეგიული გეგმების, ინოვაციური კამპანიებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გზით.

მარკეტინგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა სახის ხედვა სჭირდება ბრენდის წარმატებისთვის მარკეტინგის ხელმძღვანელ რგოლს და რა განაპირობებს წარმატებას?

ბრენდის წარმატებისთვის მარკეტინგის ლიდს, პირველ რიგში, სჭირდება, ფართოდ გააანალიზოს  არა მხოლოდ არსებული ბაზარი, არამედ დაინახოს –  როგორ განავითაროს ბრენდი ხვალ. ამისთვის საჭიროა როგორც სტრატეგიული მიდგომა ისე ბრენდის ემოციური დნმ-ის აღქმა. დღეს წარმატებას განაპირობებს არა მხოლოდ ძლიერი პროდუქტი ან სერვისი, არამედ მნიშვნელობა, რომელიც ბრენდს მომხმარებლის ცხოვრებაში აქვს. შესაბამისად, მარკეტინგის ხელმძღვანელების როლი არის ამ ღირებულების მუდმივი გადმოცემა და ხაზგასმა — სწორი არხებით, სწორ დროს, მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე.

ვფიქრობ, წარმატებას განსაზღვრავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: თანმიმდევრული სტრატეგია, რომელიც ძირეულ მიზნებზეა დაფუძნებული;  სწორი ბალანსი მოკლევადიან შედეგებსა და  ბრენდის გრძელვადიან კაპიტალს შორის; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები; გუნდი! გუნდი და გუნდი – ლიდერის როლია ინსპირაცია, მიმართულების მიცემა და არა მხოლოდ მიკრომენეჯმენტი.

[პარტნიორის კონტენტი]

„აგროჰაბის” მეშვიდე ფილიალი საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ გაიხსნა

სამენტორო პროგრამები სწრაფი პროფესიული ზრდისთვის – გაიგე, რას გთავაზობს „ორვიქსი“