„თეგეტა ჰოლდინგს“ მარკეტინგის ახალი აღმასრულებელი ოფიცერი ჰყავს. გზა „თეგეტა ჰოლდინგამდე“ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ვერიკო სუჯაშვილს მარკეტინგის სფეროში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიული თავგადასავალი, რომელიც საბანკო სექტორიდან დაიწყო, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის ისტორიებს აერთიანებს.
ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგში“ ახალ პოზიციაზე მუშაობა მისთვის გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა სჯერა, რომ მრავალფეროვანი გამოცდილებით შეძლებს, საავტომობილო რუკაზე „თეგეტას“ პოზიციები კიდევ უფრო გაამყაროს.
პირველ რიგში, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა გზა განვლეთ თეგეტამდე?
გზა „თეგეტამდე“ საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. დაახლოებით 14 წელია, მარკეტინგისა და მომხმარებლების გამოცდილების მიმართულებით ვმუშაობ. ჩემი კარიერა იწყება „ბანკი რესპუბლიკადან“, სადაც მარკეტინგის მიმართულებაში ვმუშაობდი. ღვინის ინდუსტრიაშიც ვიმოგზაურე და მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი საინტერესო სფერო ალბათ ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. შემდეგ უკვე საერთაშორისო კომპანიაში გავაგრძელე საქმიანობა. „პეპსიკო კავკასიის“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე მარკეტინგისა და ბრენდის მიმართულებით ვმუშაობდი. ბოლო გაჩერება კი „ფილიპ მორისი“ იყო, სადაც 7 წლის განმავლობაში რამდენიმე პოზიციაზე და არაერთ ბრენდზე ვიმუშავე. ვიყავი ისეთი პროექტების მონაწილე, როგორებიც არის ახალი ბრენდებისა თუ პროდუქტების კომერციალიზაცია ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მომეცა საშუალება, 1 წლის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთაც მემუშავა. კონკრეტულად უკრაინაში, სადაც ბაზრის მასშტაბმა და ბიზნეს გადაწყვეტილებების სისწრაფემ დიდი და უნიკალური გამოცდილება შემძინა.
უკვე ორი წელია, ახალ პროფესიასაც ვითავსებ – ლექციებს ვკითხულობ კავკასიის უნივერსიტეტში, მარკეტინგის მიმართულებით, რამაც დამატებით გამოცდილება შემძინა. ახალ თაობასთან კომუნიკაცია მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
რატომ თეგეტა? რით აღმოჩნდა ავტოინდუსტრია თქვენთვის საინტერესო?
წარმოუდგენელია, „თეგეტას“ განვლილმა გზამ არ აღგაფრთოვანოს. „თეგეტა“ არის ქართული კომპანია, რომელმაც საქმიანობა ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო და საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერად იქცა. ამ დიდი მიღწევის მიუხედავად, არ გაჩერდა და წინ და წინ სვლა გააგრძელა. ჩემთვის დიდი მოტივაციაა ის, რომ ამ გზის ნაწილი უნდა გავხდე და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგა.
რას მოიცავს თქვენი როლი და როგორია მოლოდინი/გეგმები ახალ პოზიციაზე?
ჰოლდინგი დღეს მრავალ მიმართულებას აერთიანებს, ესენია: მსუბუქი, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტი. თეგეტა წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche-ს, Volvo-ს, Toyota-ს, Mazda-ს, MAN-ს, JCB-სა და ა.შ. შესაბამისად, ჩემი როლია, გავაერთიანო „თეგეტა ჰოლდინგის“ ყველა მიმართულება და, მარკეტინგის გუნდთან ერთად, ერთიანი ხედვით, დავგეგმო ყველა ის კამპანია თუ აქტივობა, რაც თითოეულ მიმართულებას სჭირდება და თან გრძელვადიან პერსპექტივაში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს.
უკვე დავიწყეთ საიუბილეო წლისთვის მზადება. გვინდა, ჩვენს მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ „თეგეტას“ გზა წარმატებისკენ არ იყო მარტივი, მაგრამ მას წინსვლა არასდროს შეუჩერებია. ის მარტო არ ყოფილა, მასთან ყოველთვის იყო ერთგული მომხმარებელი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს და მათაც მივცეთ მოტივაცია. შევახსენოთ, რომ არასდროს შეწყვიტონ წინ და წინ სვლა, რადგან ერთად ყველაფერს შევძლებთ.
ჩვენი მომხმარებელი სადაც უნდა იყოს და რაც უნდა დასჭირდეს, „თეგეტა“ ყოველთვის მათ გვერდით იქნება. ჩვენთვის ყოველი სამუშაო დღე სწორედ მომხმარებლით იწყება და სრულდება, ეს თითოეული თანამშრომლისთვის უმნიშვნელოვანესია.
თეგეტა წლების განმავლობაში იქცევს აუდიტორიის ყურადღებას და თავის ნიშას ამყარებს. ამ ფონზე საკმაოდ დიდია პასუხისმგებლობა და მოლოდინი კომპანიის ახალი მარკეტერის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რას შესძენს თქვენი გამოცდილება და ხედვები კომპანიას?
გეთანხმებით, პასუხისმგებლობა ნამდვილად ძალიან დიდია. ბოლო წლებში „თეგეტა“ წარმატებული იყო მარკეტინგული აქტივობების მიმართულებით. ამის მაგალითია კომპანიის მომდევნო კამპანიაც, რომელზედაც ჩემს გუნდს მუშაობა მანამდე ჰქონდა დაწყებული, სანამ „თეგეტას“ შემოვუერთდებოდი. ვფიქრობ, რომ საინტერესო და კარგი ნამუშევარია. ნამდვილად საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე ვდგავარ, თუმცა ჩემი მრავალფეროვანი გამოცდილებით, ხედვებითა და უნარ-ჩვევებით შევეცდები, კიდევ უფრო მეტად საინტერესო გავხადო ჩვენი საერთო, მომავალი ნამუშევრები.
მარკეტინგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რა სახის ხედვა სჭირდება ბრენდის წარმატებისთვის მარკეტინგის ლიდს და რა განაპირობებს წარმატებას?
რთული კითხვაა და ალბათ ასე, ერთ წინადადებაში გამიჭირდება პასუხის გაცემა, თან წარმატებაც საკმაოდ სუბიექტური ცნებაა. რაც დანამდვილებით ვიცი, არის შემდეგი: მომხმარებელი და მხოლოდ მომხმარებელია მთავარი ყოველთვის და ყველგან. სანამ რაიმეს დაგეგმავ, თუ გააკეთებ, ყოველთვის უნდა შეხედო მომხმარებლის მხრიდან, რადგან ბოლოს ყველა ძლიერი ბრენდის უკან სწორედ მომხმარებელი დგას. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომელი. ვერცერთი ლიდერი ვერ იქნება წარმატებული ძლიერი გუნდის გარეშე. ორივე როლში გამომიცდია ჩემი თავი და ზუსტად ვიცი პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდის ძალა.
[პარტნიორის კონტენტი]