წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. დიდი ქართველი მუსიკოსის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს 2 რეგიონში „თეგეტას“ მხარდაჭერით კონცერტებია დაგეგმილი.
პირველ კონცერტს 7 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
მულტიმედიური კონცერტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოტო- და ვიდეოკოლაჟს დაეთმობა, რომელიც ასახავს ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობას სხვადასხვა ჟანრში – ოპერა, სიმფონიური მუსიკა და მის მიერ შესრულებული სიმღერები. მეორე ნაწილში კი გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ „რუსთავისა“ და ვახტანგ კახიძის შესრულებით.
პროექტის ავტორი, წამყვანი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილმა საღამოებმა, რომლებიც თბილისში უკვე გაიმართა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც მსმენელზე, ისე შემსრულებლებზე. ახლა კი სასიამოვნო საღამოები მუსიკის მოყვარულებს საქართველოს რეგიონებშიც ელით. პირველი კონცერტით ქუთაისში წარვდგებით, რის შემდეგაც უკვე თელავს ვესტუმრებით. კონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალურადაც და ვიდეო- და ფოტომასალითაც. აუდიტორია ჯანსუღ კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოისმენს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებით დავხურეთ. სეზონი ძალიან წარმატებული იყო. კონცერტების რაოდენობით მეათე ფესტივალი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, რისი შესაძლებლობაც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერამ განაპირობა. ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.
[R]