in

ნინო ოხანაშვილი „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახდა

„თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულება ნინო ოხანაშვილმა ჩაიბარა. HR ექსპერტი გუნდს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ოქტომბერში შეუერთდა. მისი 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს მენეჯერულ პოზიციებს სხვადასხვა დიდ კომპანიაში. აქედან, ბოლო 13 წელი HR მიმართულებით კონსულტაციას ბიზნეს და სახელმწიფო სექტორს უწევდა.

საკონსულტაციო სფეროდან კორპორაციულ სამყაროს დიდი გეგმებით დაუბრუნდა:

„წლების წინ, კარიერა საბანკო სექტორში დავიწყე. სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნის დროს ახლოს გავიცანი ბიზნესი, მისი მუშაობის პრინციპები, წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ შეიძლება ცალკეულმა ადამიანმა, თუ ადამიანთა ჯგუფმა (ორგანიზაციამ), იპოვოს და რეალიზება გაუკეთოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს;  ან – კომპანიაში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანთა ერთობლიობა მათ ინდივიდუალურ ძალისხმევაზე ბევრად მეტ შედეგს იძლევა, ანუ სადაც ერთობა მეტია, ვიდრე ინდივიდების ჯამი.

ამ ინტერესმა წამიყვანა საკონსულტაციო სფეროში. ორგანიზაციული განვითარების და HR სისტემების შექმნის მიმართულებით ვთანამშრომლობდი  მსხვილ და საშუალო ზომის კომპანიებთან და სახელმწიფო უწყებებთან. ბოლო წლებში დიდი ყურადღება დავუთმე  თვითშემეცნებას, თვითგანვითარებასა და ზოგადად, ადამიანის შესწავლას. გავხდი სერტიფიცირებული ქოუჩი, NLP მასტერ პრაქტიკოსი, სომატური თერაპევტი, ცვლილებების პრაქტიკოსი. საინტერესო, წარმატებული, ახლის შექმნის უნარის მქონე ადამიანების უკეთ გასაცნობად, მათი მოდელირების მიზნით, ახლოს მივდიოდი მიმართულების შექმნის წყაროსთან. ასე ვიყავი ვორქშოპებსა თუ სწავლებებზე ისეთი საინტერესო ადამიანებისა, როგორიცაა ეკჰარტ ტოლე (power of now-ს ავტორი), ტონი რობინსი, სტივენ გილიგანი, რიჩად ბენდლერი, დევიდ ბოადელა (ბიოსინთეზის შემქმნელი), ლიბზეტ მარჩერი (ბოდინამიკის შემქმნელი); რობერტ დილტსი (მესამე თაობის ნლპ-ის შემქმნელი) და ა.შ.

ღრმა, გრძელი და ინტენსიური შინაგანი მოგზაურობის შემდეგ, გაძლიერებული პიროვნული რესურსებით, გამოცდილებით და ცოდნით, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი ბიზნესში და თვითონ განმეხორციელებინა ცვლილებები. მჯერა, რომ ეს ყველაფერი კომპანიას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შედეგად კი, დასაქმებული ადამიანების ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლის.

არჩევანი „თეგეტაზე“ შევაჩერე. ჩემთვის ეს არის უაღრესად საინტერესო კომპანია, რომელიც მუდმივად საკუთარ თავთან შეჯიბრშია და არ ეშინია ცვლილების. ერთდროულად ახერხებს, რომ შეინარჩუნოს ტრადიციები და თან ატაროს ექსპერიმენტები. აღწევს წარმატებას და არ კმაყოფილდება, ახალ-ახალ გამოწვევებს ისახავს. დირექტორთა საბჭოს წევრობა, ის ნდობა და განწყობები, რაც მენეჯმენტის წევრებისგან ვიგრძენი, ჩემთვის დასტური იყო იმისა, რომ კომპანია აღიარებს ადამიანების ღირებულებას ორგანიზაციის წარმატებაში და მზადაა სისტემური ცვლილებებისთვის.

„თეგეტამ“, ბოლო პერიოდში, დიდი ტრანსფორმაცია გაიარა, რასაც საკადრო კუთხით ახალი, სტრატეგიული ხედვა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ეჯაილ სტრუქტურაში ყველა მიმართულებას ჰყავდეს სტრატეგიული პარტნიორი კადრების კუთხით, რომელიც მთელი რიგი სიახლეების ინიციატორი და განმახორციელებელი იქნება. ეჯაილ სამყაროში განსხვავებული მოქნილობა და უნარებია მნიშვნელოვანი, რომელთა განვითარებაც ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება“, – ამბობს ნინო ოხანაშვილი.

ადამიანური რესურსების მიმართულების როლს ბიზნესის სტრატეგიულ პარტნიორად ხედავს. გეგმავს, რომ კიდევ უფრო მეტად იზრუნოს თანამშრომლებზე და მუდმივად ესმოდეს მათი. ამისათვის თანამედროვე პროგრამების, კვლევებისა და ანალიტიკური სისტემების გამოყენება უკვე დაიწყო.

ნინო ოხანაშვილი: „ჩემი მიზანია, „თეგეტა“ იყოს კომპანია, სადაც თანამშრომელს  ყოველ დილით უხარია მოსვლა. მინდა, რომ ჩვენს თანამშრომლებს მოწოდნეთ, უყვარდეთ საკუთარი საქმე, ვითარდებოდნენ თავად და ამით ნაბიჯს დგამდნენ კომპანიის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, გრძნობდნენ, რომ ქმნიან წარმატების ისტორიას რეგიონში.

ჩემი მიზანია, რომ „თეგეტა“, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, გახდეს ინოვატორი და მიმართულების ამინდის შემქმნელი. 

მრავალწლიანმა გამოცდილებამ კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ კლიენტი და თანამშრომელი ბიზნესისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ჩემთვის თითოეული ადამიანია საინტერესო და მინდა, მათ ცხოვრებაში რაღაც გაუმჯობესდეს. თუნდაც ის 8 საათი, რომელსაც სამსახურში გაატარებენ, მათთვის კიდევ უფრო ბედნიერი გახდეს. მეორე მხრივ კი მინდა, ჩვენი ბიზნესი ქვეყნის წარმატებას კიდევ უფრო მეტად უწყობდეს ხელს.

 

[R]

Spotify-ზე სიმღერის ტექსტები გლობალურად ხელმისაწვდომი ხდება

მეცნიერებმა ეკოლოგიურად სუფთა ბრჭყვიალა ფერი მცენარეებისგან შექმნეს