ახალი წელი თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე, ჯადოსნური პერიოდია.
31 დეკემბრის ღამიდან 14 იანვრის ჩათვლით უკლებლივ ყველა ახალი წლის მოსვლას აღნიშნავს და ქუჩებში ამაღელვებელი განწყობა იგრძნობა.
თუმცა ამ ჯადოსნურ დღესასწაულს ერთი უსიამოვნება ახლავს თან — ამ პერიოდში უმრავლესობა ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით იღებს და ფხიზელი ადამიანის პოვნა, არც მეტი, არც ნაკლები, ავტომობილის საჭესთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეს.
შედეგად, ქვეყანაში თავზეხელაღებული მოძრაობა იწყება — მოკლე დროში სხვადასხვა მიმართულებით ხშირი გადაადგილება, ზოგჯერ საგზაო წესების უგულებელყოფაც, არაფხიზელი მძღოლები საჭესთან…ამ ყველაფრის ფონზე კი ამ, ერთი შეხედვით, ყველაზე ბედნიერ და მხიარულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგრძნობლად იმატებს.
სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. კამპანიის მთავარი ვიდეო ახალი წლის აღნიშვნის განსხვავებულ, მრავალფეროვან გზებს წარმოაჩენს და ხაზს უსვამს, რომ ყველას ახალ წელთან შეხვედრის საკუთარი საყვარელი ფორმა თუ ტრადიცია გვაქვს. თუმცა ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ ვმართოთ.
ელენე დანელია, კამპანიის კრეატივ სტრატეგი : „ახალი წელი სიახლეების დროა. თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორ უნდა გავატაროთ 31 დეკემბერი. მაგალითად, მთელი დღე კერძები უნდა ვამზადოთ, 12 საათს ოჯახის წევრების გარემოცვაში შევხვდეთ, ნაძვის ხე იდეალურად მოვრთოთ, დილამდე გავერთოთ, არ დავიძინოთ… ამ „წესების” გაუთვალისწინებლობა კი მიუღებლად მიიჩნევა და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, გარშემომყოფებისგან კრიტიკის ობიექტიც კი გახდე. სწორედ ეს დაკვირვება ვაქციეთ ვიდეოს მთავარ შემოქმედებით გადაწყვეტად.
საახალწლო პერიოდში აუდიტორიასთან მძიმე და პრობლემატურ თემებზე საუბარი არც ისე მარტივია. ამ დროს ყველას განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა და ჯადოსნურობის მოლოდინი აქვს. თუმცა, ვფიქრობთ, სათქმელი საინტერესო ფორმით გადმოვეცით, რათა ჩვენი გზავნილი აუდიტორიამდე მაქსიმალურად ეფექტურად მიგვეტანა და ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სადღესასწაულო აურზაურში არ დაკარგულიყო. მთელი ვიდეოს განმავლობაში სიუჟეტებს ჯადოსნური და სადღესასწაულო ელფერი დაჰკრავს. თითოეული სცენა აღნიშვნის მრავალფეროვან, მათ შორის, საზოგადოებისთვის მიღებულ თუ განსხვავებულ გზებს წარმოაჩენს. ამ საზეიმო განწყობისა და ახალი წლისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის ფონზე კი უეცრად კონტრასტული და მნიშვნელოვანი გზავნილი ჟღერდება — აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
ვფიქრობთ, ეს მოულოდნელი დასასრული მაყურებლისთვის ერთგვარი გამოფხიზლების ფუნქციას ასრულებს“.
მარიამ კარკალაია, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი: „თეგეტასთვის ზრუნვა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ეს ორი უმთავრესი ფასეულობა გავაერთიანეთ ჩვენს საახალწლო კამპანიაშიც და გადავწყვიტეთ, მძღოლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. ვფიქრობთ, ამით პრობლემის სიმწვავე თვალნათლივ წარმოვაჩინეთ და აუდიტორიას გზავნილი მკაფიოდ მივაწოდეთ.
ეს კამპანია ჩვენი წინა პროექტის — საგზაო მოძრაობის კულტურის ერთგვარი გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია. გასულ ზაფხულს, თანამოქალაქეებთან ერთად, მძღოლებისა და ქვეითების მანკიერი ჩვევები გამოვავლინეთ. საზოგადოების წუხილებზე დაყრდნობით ალტერნატიული საგზაო ნიშნები შევქმენით, რომლებიც ადამიანებს ქალაქში გადაადგილებისას დაფიქრებისა და მანკიერი ქცევების ცვლილებისკენ უბიძგებდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კი ამ ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საკითხი იყო. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის“.
კამპანიის ფარგლებში, ამ მნიშვნელოვანი გზავნილის გასაჟღერებლად და მძღოლებთან პირისპირ სასაუბროდ ბრენდი სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. საახალწლო პერიოდში თეგეტა მძღოლებისთვის ერთგვარი შემახსენებლის ფუნქციას შეითავსებს და ამისთვის კომპანიებთან აპირებს თანამშრომლობას.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ამ პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, აუდიტორიისთვის რეგულარულ შემახსენებლად ვიქცეთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. შესაბამისად, ჩვენი ყველა აქტივობა და საკომუნიკაციო ხაზი სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ამისთვის ჩვენს თანამოაზრე კომპანიებსაც დავუმეგობრდით — ვგეგმავთ პარტნიორობას კომპანია „ბოლტთან“, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ახალი წლის პირველ დღეებში თეგეტას სპეციალური პრომო კოდებით სარგებლობა და ტაქსის უფასოდ გამოძახება შეეძლებათ. ვფიქრობთ, ამით მათ კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ნაცვლად, ტაქსის გამოძახებას წავახალისებთ.
ამავდროულად ვთანამშრომლობთ ბარებთან და რესტორნებთან, რომლებსაც საახალწლო ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი. ჩვენს პარტნიორ ობიექტებში ადამიანებს საახალწლოდ ჩვენი გზავნილის ამსახველი ნიშანი დახვდებათ – „აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
ასევე ვთანამშრომლობთ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებთან: „8000 მოსავალი“, „ალკორიუმი“, „ვისკის სახლი“. პარტნიორები ჩვენს გზავნილს საახალწლო შეფუთვებზე დაიტანენ. შესაბამისად, ჩვენი მესიჯი ადამიანებს თავს რეგულარულად, უშუალოდ იმ დროს შეახსენებს, როცა აღნიშვნის პროცესში იქნებიან. ეს კი კიდევ უფრო ზრდის ალბათობას, რომ მძღოლებს დავაფიქრებთ და ამ მანკიერი ქმედებისგან თავის შეკავების სტიმულს მივცემთ. და საბოლოოდ, როგორც უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს, ერთობლივი ძალისხმევით სასიკეთო ცვლილებების მიღწევას შევძლებთ“.
ისინი, ვინც „თეგეტას“ საქმიანობას თვალს ადევნებენ, დაგვეთანხმებიან, რომ ბრენდი უკვე დიდი ხანია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიურად საუბრობს და ცდილობს, საკუთარი პლატფორმა სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად გამოიყენოს.
ბოლო პერიოდის აქტივობებიდან სწორედ ამის მაგალითებია საგზაო მოძრაობის კულტურის მასშტაბური პროექტი და წინა წლის საახალწლო კამპანია, რომლის ფარგლებშიც თეგეტამ ზრუნვის პლატფორმა შექმნა. წლის დასასრულს კი ახალი კამპანიით ბრენდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გააცხადა თეგეტას კურსი და მისწრაფება — ზრუნვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
როგორც თეგეტაში ამბობენ, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ამიტომაც ამ ჯადოსნურ პერიოდში მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა არ დაივიწყოს და გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.
გახსოვდეს — საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.
[პარტნიორის კონტენტი]