„გაეროს გლობალური შეთანხმების“ (UN Global Compact) საქართველოს ქსელის წევრობის შეთანხმებას „თეგეტა მოტორსმა“ ხელი ახლახან მოაწერა.
UN Global Compact წარმოადენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კორპორაციულ ინიციატივას, რომელიც წევრ ორგანიზაციებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, დაიცვან ათი გლობალური ძირითადი პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
„თეგეტა მოტორსისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არა დამატებითი საქმიანობა, არამედ მისი განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში, კომპანია განსხვავებულ CSR პროექტებშია ჩართული და საინტერესო ინიციატივებს ლობირებს – გარემოს დაცვის, განათლების, ინოვაციებისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.

„თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული ამბობს, რომ „ გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს პლატფორმა წევრი კომპანიებისთვის მეტი მხარდაჭერის, საერთაშორისო და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა“.
„თეგეტა მოტორსი“, წელს, „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს“ მონაწილეთა სიაშია. დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია – „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი,” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ:
ჰოლდინგური კომპანია 26-წლიანი გამოცდილებით, 25 კომპანიას აერთიანებს. აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ახორციელებს საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე.
„თეგეტა მოტორსი“ 2012 წლიდან, Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდს „პორშე“, შვედურ საავტომობილო გიგანტს „ვოლვო“ და იაპონურ „ტოიოტასა“ და „მაზდას“. მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: „მანი“, „ჯეი-სი-ბი“, „ჰინო“ და სხვები.
„თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს, საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად მიიჩნევა.
[R]