კანის ლომების საერთაშორისო კრეატიული ფესტივალი, რომელიც უკვე 72 წელს მოითვლის, მსოფლიო მარკეტერებისა და კრეატორებისთვის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ყოველწლიურად, ფესტივალი საუკეთესო სარეკლამო ნამუშევრებს ავლენს და ახლებურ ხედვას მილიონობით ადამიანს უზიარებს. ამ საერთაშორისო კრეატიულ დღესასწაულს საქართველო 2015 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ, ადგილობრივი კონკურსი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტალანტის ყურადღებას იპყრობს.
წელს ადგილობრივი კონკურსი ხუთ ძირითად კატეგორიაში ტარდება, ესენია: Print, Film, PR, Marketers და Digital. ტრადიციულად, თითოეულ მიმართულებას ინდუსტრიიდან თავისი მხარდამჭერი ბრენდი ჰყავს. თითოეული კატეგორიიდაან, გამარჯვებული გუნდი ივნისში, ქალაქ კანში, მსოფლიო პირველობის მოსაპოვებლად გაემგზავრება და მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს.
წელს, კონკურსის Digital კატეგორიის ოფიციალური წარმდგენი „თეგეტა ჰოლდინგია“. რატომ არის მნიშვნელოვანი კანის ლომების ეკოსისტემის მხარდაჭერა, როგორ ეხმარება ძლიერი კრეატიული იდეა ბრენდს ზრდაში და რას ელიან წლევანდელი მონაწილეებისგან? დეტალებზე მარკეტერს „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი ელენკა კოხრეიძე ესაუბრა.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიისთვის კანის ლომებისახალგაზრდული კონკურსის მხარდაჭერა და რატომ აირჩია „თეგეტა ჰოლდინგმა“ Digital კატეგორია?
Cannes Lions კრეატიული ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა მხოლოდ კონკურსის სპონსორობას არ ნიშნავს – ეს იმ ეკოსისტემის გაძლიერებაა, სადაც იბადება იდეები, რომლებიც შემდგომ ბრენდებს, ბიზნესებსა და, ზოგადად, ინდუსტრიებს ცვლის.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგაზრდა კრეატორების მხარდაჭერაა, რადგან სწორედ ისინი ქმნიან იდეებს, რომლებიც მომავალში კომუნიკაციისა და ბრენდინგის მიმართულებებს განსაზღვრავს. რაც შეეხება Digital კატეგორიას, მისი არჩევა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ სრულიად ბუნებრივია. ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და გვსურს, ამ სივრცეში არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ იდეებისა და კრეატიული აზროვნების დონეზეც ვიყოთ წარმოდგენილნი.
M: თქვენი თვალსაზრისით, რატომ არის კრეატივი ბიზნესისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი?
ძლიერი და საინტერესო კრეატიული იდეა ბრენდს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთან ემოციური კავშირი დაამყაროს, რაც გრძელვადიან ურთიერთობასა და ნდობას აყალიბებს. კრეატიული აზროვნება კომპანიებს ეხმარება, არა მხოლოდ უკეთ წარუდგინონ პროდუქტი მომხმარებელს და აამაღლონ ცნობადობა, არამედ არსებული პრობლემები სრულიად ახალი კუთხით დაინახონ. ბაზარზე, სადაც პროდუქტები ხშირად ერთმანეთის მსგავსია, განსხვავებას სწორედ კრეატივი ქმნის.
M: კონკრეტულად როგორ ეხმარება ძლიერი იდეა ბრენდს ზრდასა და განვითარებაში?
დღეს მომხმარებელი ყოველდღიურად ასობით სარეკლამო გზავნილს იღებს. ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის ბრენდები რჩებიან, რომლებიც საინტერესო, ემოციურ და ადამიანურ ისტორიებს ჰყვებიან. კრეატიული იდეა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც ბრენდს საშუალებას აძლევს, საკუთარი ღირებულებები და ხედვა ისე გადმოსცეს, რომ ადამიანებმა მასთან ნამდვილი კავშირი იგრძნონ.
M: როგორ იქმნება ბრენდის გრძელვადიანი ღირებულება იდეის მეშვეობით?
ძლიერი იდეები ქმნის თანმიმდევრულ ნარატივსა და ისტორიას, რომელსაც ბრენდი სხვადასხვა დროსა და ფორმატში ავითარებს. სწორედ ასეთი იდეები აყალიბებს ბრენდს, რომელსაც ადამიანები არა მხოლოდ იყენებენ, არამედ ენდობიან კიდეც. ბრენდის გრძელვადიანი ღირებულება იქმნება მაშინ, როდესაც იდეა უბრალოდ ერთჯერად კამპანიად კი არ რჩება, არამედ კომპანიის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი ხდება.
M: რას ელით წლევანდელი კონკურსის მონაწილეებისგან?
ყველაზე მეტად გაბედულ და განსხვავებულ იდეებს ველოდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკურად საინტერესო ნამუშევრები, არამედ ისეთი კონცეფციები, რომლებიც რეალურ პრობლემას ხედავს და მის გადასაჭრელად ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. ხშირად, სწორედ ყველაზე მარტივი, მაგრამ მკაფიო იდეები ხდება ყველაზე ძლიერი და რელევანტური.
M: რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა ახალგაზრდა კრეატორებისთვის?
მუშაობის პროცესში მუდმივად დასვით კითხვები. ხშირად, სწორად ფორმულირებულ კითხვებზე პასუხის ძიებას სწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. დასმული ამოცანის გადაჭრა ბევრი საინტერესო გზითაა შესაძლებელი და ზუსტად ეს ძიების პროცესი გეხმარებათ იმაში, რომ დააიდენტიფიციროთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაზე უნდა გაამახვილოთ მთავარი ყურადღება.
Journalist: Nuka Barbare Chokheli
Content & Visuals: David Kupatadze












