in

თეიმურაზ ლეჟავა: „განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც იაპონიაში ადამიანებს საქართველოს შესახებ ვუყვები“

„ვფიქრობ, რაც უნდა პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე იყო, ადამიანს თუ ქვეყნის მიმართ სიყვარული და პატივისცემა არ აქვს, წარმატებული დიპლომატი ვერ გახდება“.

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

თეიმურაზ ლეჟავა, დიპლომატი, იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული:

M: თეიმურაზ, რას ნიშნავს თქვენთვის დიპლომატობა? რას მოიცავს იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ყოველდღიური საქმიანობა?

ეს ჩემთვის 2 რამეს ნიშნავს:

        1. დიდი პასუხისმგებლობა;
        2. შესაძლებლობა,  რომ ჩემს ქვეყანას სარგებელი მოვუტანო.

დიპლომატიისა და ზოგადად, საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი მიმართულებით იმუშაო, რაშიც 2 ქვეყანას შორის, ჩემს შემთხვევაში, საქართველო-იაპონიას შორის, ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას ხედავ. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაცაა, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც ისეთ საკითხებთან შეხება გიწევს, რომელიც შენთვის ახალია. თუმცა ვიტყოდი, რომ სამუშაოს ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

M: თქვენ შესახებ რას გვიამბობთ? როგორ გახდა საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობებზე ზრუნვა თქვენი მთავარი საქმე?
იაპონიასთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა. 4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად, ოჯახთან ერთად ამ ქვეყანაში ჩამოვედი და მას შემდეგ, ჯამში, 20 წელიწადზე მეტია, აქ ვცხოვრობ. დავამთავრე იაპონური სკოლა, უნივერსიტეტი (Waseda University) და შემდგომ, იაპონურ 300 წლიანი ისტორიის მქონე ტრადიციულ კომპანია Kikkoman Corporation-ში მუშაობა გავაგრძელე, სადაც ბუნებრივია, იაპონელებთან თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი გამოცდილება და სამუშაო ეთიკა შევიძინე.

ბავშვობიდანვე ყოველთვის მიწევდა იაპონელებისთვის საქართველოს გაცნობა. ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს ბედი+მონდომება და სურვილი. ვინაიდან, მანამდე ბიზნესსექტორში ვსაქმიანობდი, დიპლომატიური კარიერა ჩემს გეგმებში არ შედიოდა, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ, ქვეცნობიერად, ინტერესი ყოველთვის მქონდა. შესაბამისად, როდესაც აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ ეს ცხოვრების დინებამ მოიტანა და რაკი ასე მოხდა, მაქსიმალური ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგე. ეს განწყობა ახლაც და ამის შემდეგაც ურყევი დარჩება.

M: რა არის ის მთავარი უნარ-ჩვევა, რაც დიპლომატისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია? 
ადამიანებთან ურთიერთობა. ეს არის გადამწყვეტი და ამ კითხვაზე ამით შემოვიფარგლები.

M: ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარის გარდა, რა რჩევებს მისცემდით სხვებს, ვისაც თავი დიპლომატიურ საქმიანობაში წარმოუდგენია? 
იაპონელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: “好きこそ物の上手なれ“, რაც ნიშნავს: „საყვარელ საქმეში სწრაფად იწრთობი“.

დიპლომატიურ საქმიანობაში პასუხისმგებლობა და ვალდებულება დიდია. ვფიქრობ, რომ რაც უნდა პროფესიონალი და დიდი გამოცდილების მქონე იყო, ადამიანს თუ ქვეყნის მიმართ სიყვარული და პატივისცემა არ აქვს, წარმატებული დიპლომატი ვერ გახდება. ჩემს შემთხვევაში, საქართველო და ქართული იდენტობა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში, ძალიან დამეხმარა, გამეგო, ვინ ვარ, საიდან ვარ და როგორი ფესვები მაქვს. შესაბამისად, მინდა, ჩემს ქვეყანას ეს მადლიერების გრძნობა, მისსავე სასიკეთოდ გაკეთებული საქმით, უკან დავუბრუნო.

M: როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო გარემო? აქვს პროდუქტიულობისთვის რაიმეს არსებობა-არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ?
ჩემი სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია სხვადასხვა ქართული ელემენტები, მათ შორის, საქართველოს ფოტოები, ვეფხისტყაოსნის იაპონური თარგმანი,  „ნაბეღლავი“, რომელიც იაპონიაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ასევე, იაპონიაში საქართველოს საელჩოს კულტურული სიმბოლო – „ზაზა“.

M: პანდემია დიპლომატებს როგორ შეგეხოთ?
პანდემიამდე ძალიან დიდი ინტენსივობით მიწევდა სამუშაო შეხვედრებზე, სემინარებზე, მიღებებზე, გამოფენებზე დასწრება. თუმცა COVID-19-ის პირობებში ეს ყველაფერი დროებით შეწყდა. სანაცვლოდ, იაპონიაში საქართველოს საელჩომ მიზნად ციფრული მიმართულებების გაძლიერება დაისახა, რისთვისაც შესაბამისი სტრატეგია შევიმუშავეთ. მაგალითად, იაპონურ ენაზე ვებგვერდი შევქმენით, გავმართეთ ონლაინ სემინარები, გამოვუშვით საქართველოს შესახებ კულტურული და ტურისტული კომიქსი, გავაკეთეთ ჩოხის გაქირავების პროგრამა და კიდევ ასეთი ბევრი აქტივობა შევიმუშავეთ, რისი საშუალებაც პანდემიამ მოგვცა.

მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროგრამებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ცნობადობის ამაღლებაში და 2020 წელს, ჩვენი ქვეყნის აქტივობების შესახებ, უამრავ მედიაში გაშუქდა.

ხაჭაპურის მომზადების ვიდეო:

ძალიან წარმატებული მოდელი აღმოჩნდა „კულინარიული დიპლომატია“. საქართველოს საელჩომ საერთაშორისო მედია-პლატფორმა “BuzzFeed-თან” თანამშრომლობით, ხაჭაპურის მომზადების წესის შესახებ, ვიდეო მოამზადა, რომელსაც 3 დღეში 1 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. ასევე, ადგილობრივ კვების სფეროს წარმომადგენელ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა 6-7 სახეობის ქართული კერძი „შქმერული“, რაც მასშტაბურად გაიყიდა სხვადასხვა არხის (რესტორანი, სუპერმარკეტი, მაღაზიათა ქსელი და ა.შ.) მეშვეობით და საერთო ჯამში, იაპონიის მასშტაბით, 100,000-მდე ადგილზე (SKU) განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციასთან ერთად, საელჩოს რეკომენდაციით, პროდუქტზე ქართული ელემენტებიც (კერძის სახელი, დროშა, ქვეყნის აღწერა, რუკა) დავიტანეთ, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

შქმერულის შესახებ “Viral” ტვიტერ პოსტი, 9 მილიონზე მეტი Impression:

 

M: მომენტი, როდესაც ცხადად იგრძენით პროფესიული კმაყოფილება… მსგავსი განცდა დაგუფლებიათ?
ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინიტრ, ბატონ შინძო აბეს შორის, 2019 წელს გამართულ შეხვედრაზე დასწრება და ასევე, იაპონიის იმპერატორთან შეხვედრა.

თუმცა ჩემთვის, ასევე, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც იაპონიის რეგიონებში ჩასვლისას ადგილობრივ მოსახლეობას პირადად ვხვდები და საქართველოს შესახებ ვესაუბრები.

M: მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, რას გაგვიზიარებთ თქვენს სამუშაო მეთოდებსა თუ ტაქტიკებზე… როგორ გამოიკვეთა სამუშაო პროცესში თქვენი მთავარი ღირებულება?
არა! – „არ გამოვას“
დიპლომატიაში კრეატიულობა, სხვა პროფესიებთან შედარებით,  ნამდვილად არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ახალი იდეების დაგეგმვისას, მისი განხორციელების მცდელობისას, არ უნდა დავუშვათ მიდგომა, როგორიცაა: „არ გამოვა“, „ვიცი, რომ უარს მივიღებთ“. ამ ფასეულობის გუნდის წევრებისთვის გასაზიარებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ თვითონ დაანახო წარმატებული მაგალითები, რაც დიდ შრომასა და მონდომებას მოითხოვს.

აქვე, მსურს, მკითხველს შევახსენო ყველასთვის ცნობილი გზავნილები: „ცდა ბედის მონახევრეაო“, „ვინც ეძებს ის პოულობს!“

გარდა ამისა, დეტალებზე ორიენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი როლი პარტნიორებთან ურთიერთობაში მდგომარეობს და მეც მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავ იმისთვის, რომ პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობაში თავი კომფორტულად იგრძნონ.

M: თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო რა ტიპის საკომუნიკაციო რესურსების გამოყენება გიწევთ?
ტრადიციული აპლიკაცია – წერილის გაგზავნა!

იაპონიაში დღესაც ძალიან აქტუალურია მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის წერილების გაგზავნა. ეს მიიჩნევა, რომ დამატებითი შეხება გაქვს მათთან და უფრო მეტად აღრმავებ ურთიერთობას. შესაბამისად, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ეს ტრადიცია და მათ ხშირად წერილთან ერთად ქართულ ღვინოსაც ვუგზავნი, რაც ძალიან ახარებთ. ხშირ შემთხვევაში, ამ ჟესტით მათთვის ქართული კულტურის გაცნობასაც ვახერხებ.

ანუკ ბელუგა – მხატვარი, რომელიც შემოქმედებას გააზრებულ პროცესს უწოდებს

როგორ ავითარებენ ქალი ანტრეპრენერები თავიანთ ბიზნესს, პანდემიის დროს?