დღევანდელ ციფრულ ქაოსში, სადაც მომხმარებლის ყურადღების მოსაპოვებლად მხოლოდ რამდენიმე წამი გაქვთ, საერთაშორისო ბაზარზე ფეხის მოკიდება ადამიანური ქცევისა და კულტურული ნიუანსების ღრმა გააზრებას საჭიროებს. სწორედ ამ მიდგომით შეძლო ქართულმა სტარტაპმა, Talkpal-მა, გლობალურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში საკუთარი სიტყვა ეთქვა. დღეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეს პლატფორმა 180-ზე მეტ ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს 130-ზე მეტი ენის ათვისებაში ეხმარება – როგორც ვებსივრცეში, ისე მობილურ აპლიკაციაში. თუმცა, მილიონობით მომხმარებლამდე მისასვლელი გზა მხოლოდ მშრალ ალგორითმებზე არ გადის. მის მიღმა დგას პერფორმანს-მარკეტინგი, სადაც ზუსტი ანალიტიკა და შემოქმედებითი თავისუფლება ერთმანეთს ავსებს. როგორ ახერხებს გუნდი სრულიად განსხვავებული კულტურის აუდიტორიასთან საერთო ენის გამონახვას? Talkpal-ის შიდა სამზარეულოსა და ანალიტიკისა და კრეატივის სინთეზზე კომპანიის პერფორმანს მარკეტერი, თეკლა გოგსაძე გვიამბობს.
M: თეკლა, თქვენს საქმიანობაში ანალიტიკა და კრეატივი ერთმანეთს ერწყმის. როგორ იპოვეთ ბალანსი ამ ორ მიმართულებას შორის და რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
ბავშვობიდან განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართ. რიცხვებთან მუშაობა ყოველთვის მარტივად გამომდიოდა, თუმცა პროფესიული არჩევანის ეტაპზე მივხვდი, რომ ყოველდღიური რუტინა ჩემს შემოქმედებით პოტენციალს ვერ გამოავლენდა. მჭირდებოდა სივრცე, სადაც იდეებსა და კრეატიულ ხედვას რეალიზების საშუალება ექნებოდა.
სწორედ ამ ძიების პროცესში აღმოვაჩინე ციფრული მარკეტინგი, სადაც ანალიტიკა და კრეატივი ერთმანეთს აძლიერებს. მონაცემები და მეტრიკები გვაჩვენებს რეალურ სურათს – რა მუშაობს და რა არა, ხოლო კრეატივი ეხმარება ამ მონაცემების ადამიანურ ენაზე თარგმნაში, საინტერესო კონტენტის შექმნასა და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში. ეს სინთეზი მეხმარება, ყოველდღიურ სამუშაოში შევინარჩუნო როგორც რაციონალური სიზუსტე, ისე შემოქმედებითი თავისუფლება.
M: რა გამოცდილება დააგროვეთ Talkpal-მდე სხვა ციფრულ პროდუქტებზე მუშაობისას და როგორ აღმოჩნდით კომპანიის გუნდში?
ჩემი პროფესიული გზა უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც ციფრული მარკეტინგის ლექტორმა, ტატო ნორაკიძემ, თავისი თანამედროვე მიდგომით ჩამომიყალიბა ინტერესი ამ სფეროს მიმართ და დამანახა, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული ტექნოლოგიები. ამან მიბიძგა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადამეტანა.
მოგვიანებით, მუშაობა დავიწყე საბანკო და ფინანსურ პროდუქტებზე. ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი პროფესიული ეტაპი აღმოჩნდა – კამპანიების მართვა მიწევდა როგორც საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით. თითოეულ ბაზარს სრულიად განსხვავებული სპეციფიკა, მომხმარებლის ქცევა და კულტურული თავისებურებები ახასიათებდა, რამაც მოქნილობა და სტრატეგიების სწრაფი ადაპტაცია მასწავლა.
Talkpal-ის გუნდში ჩემი ცხოვრების საკმაოდ საინტერესო, გარდამავალ ეტაპზე აღმოვჩნდი, მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში. ეს იყო სრულიად მოულოდნელი, მაგრამ ძალიან დროული ნაბიჯი. Talkpal-ის ინოვაციური პროდუქტი და გუნდის ხედვა ზუსტად დაემთხვა ჩემს სურვილს, ვყოფილიყავი ისეთი გლობალური პროექტის ნაწილი, რომელიც ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანებს ყოველდღიურობას უმარტივებს და განვითარებაში ეხმარება.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა და რა არის ამ პროცესში თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?
როგორც პერფორმანს მარკეტერისთვის, საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებლების მოზიდვა საინტერესო ყოველდღიური გამოწვევაა. გლობალური მასშტაბით მუშაობა ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც ყველა რეგიონში თანაბრად იმუშავებს.
ამ პროცესში ჩემს მთავარ მამოძრავებელ ძალას ორი ფაქტორი განსაზღვრავს. პირველი ხელშესახები და გაზომვადი შედეგებია, ვინაიდან პერფორმანს-მარკეტინგში თითოეული ნაბიჯი მონაცემებს ეყრდნობა. საინტერესოა იმ პროცესზე დაკვირვება, თუ როგორ გარდაიქმნება ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ბიუჯეტის ეფექტიანი გადანაწილება და სხვადასხვა იდეა რეალურ კონვერსიებად. მეორე კი თავად Talkpal-ის პროდუქტის ღირებულებაა – იმის გააზრება, რომ ჩემი ყოველდღიური მუშაობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეხმარები ადამიანებს უცხო ენების შესწავლასა და პიროვნულ განვითარებაში, დამატებით მოტივაციასა და ენერგიას მომანიჭებს.
M: როგორია Talkpal-ის შიდა ატმოსფერო და სტარტაპისთვის დამახასიათებელი სამუშაო დინამიკა?
სტარტაპის დინამიკა მუდმივი ცვლილებებით, მოქნილობითა და სისწრაფით გამოირჩევა, რაც Talkpal-ში განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობა. ბიუროკრატიული ბარიერების არარსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარკეტინგში, რადგან ეს ახალი იდეების სწრაფად ტესტირების, მონაცემთა ანალიზისა და კამპანიების ოპერატიულად ოპტიმიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს.
გუნდური ატმოსფერო მთლიანად დაფუძნებულია ორმხრივ ნდობაზე, მჭიდრო კოლაბორაციასა და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებაზე. გუნდის თითოეული წევრი ყოველთვის მზად არის ახალი ინიციატივების განსახილველად, რაც ქმნის გარემოს, სადაც ინდივიდუალური აზრი და იდეა ყოველთვის ფასდება. ეს აყალიბებს უსაფრთხო გარემოს, სადაც არ გვეშინია შეცდომების დაშვების, ვინაიდან თითოეულ მათგანს სწავლისა და განვითარების შანსად მივიჩნევთ. მსგავსი დინამიკა ყოველდღიურად მიწყობს ხელს პროფესიული ტონუსის შენარჩუნებასა და ახალი უნარების ათვისებაში.
M: ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიები და ალგორითმები სწრაფად იცვლება. როგორ ახერხებთ ამ ცვლილებებთან ფეხის აწყობას და რომელი მიმართულებები გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
ციფრული მარკეტინგი და კონკრეტულად პერფორმანს მიმართულება არის სფერო, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და პლატფორმების ალგორითმები თითქმის ყოველდღიურად იცვლება. ის, რაც გუშინ ეფექტიანად მუშაობდა, შეიძლება დღეს აქტუალური აღარ იყოს. ამიტომ ჩემთვის მუდმივი თვითგანვითარება და სწავლის პროცესი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. რეგულარულად ვადევნებ თვალს საერთაშორისო ინდუსტრიის სიახლეებს, ვეცნობი წარმატებულ ქეისებს და ვცდილობ, პრაქტიკაში აქტიურად გამოვცადო ახალი სარეკლამო არხები თუ მიდგომები.
ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მარკეტინგულ პროცესებში – სარეკლამო კამპანიების ავტომატიზაცია, აუდიტორიების უფრო ზუსტი სეგმენტაცია და პერსონალიზებული მასალების შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ Talkpal თავად არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამავე ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენივე აუდიტორიის მოსაზიდად. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვუთმობ მონაცემთა ანალიზს, რათა უფრო სიღრმისეულად გავაანალიზო ჩვენი სამომავლო ნაბიჯები.
M: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერული და პიროვნული განვითარება Talkpal-ის წინსვლის პარალელურად?
სტარტაპის ზრდასთან ერთად, გუნდის თითოეული წევრის როლი და პასუხისმგებლობებიც ბუნებრივად იზრდება და უფრო კომპლექსური ხდება. Talkpal-ის წინსვლა და გლობალურ ბაზარზე პოზიციების გამყარება ჩემთვის ნიშნავს უფრო მასშტაბურ და მრავალმხრივ სარეკლამო კამპანიებზე მუშაობას, ახალი გეოგრაფიული მიმართულებების ათვისებასა და ბიუჯეტების კიდევ უფრო ეფექტიან ოპტიმიზაციას.
კარიერული თვალსაზრისით, ეს პროცესი დამეხმარება ჩამოვყალიბდე უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე სტრატეგიულ სპეციალისტად, რომელიც მხოლოდ მიმდინარე ტაქტიკურ ამოცანებზე კი არ არის ფოკუსირებული, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს პროდუქტის ზრდის შესაძლებლობებს. პიროვნულ დონეზე, საერთაშორისო ბაზრის გამოწვევებთან გამკლავება და სტარტაპ-გარემოში მუშაობა მეხმარება, განვივითარო სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ეს ზრდის ჩემს მოქნილობასა და პასუხისმგებლობას – თვისებებს, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.
[R]











