in

როგორ უნდა მოიზიდოთ საუკეთესო ტექნიკური ტალანტი?

ეკონომიკური ინფლაციის დროს ბიზნესი ე. წ. „კუნთების მეხსიერებას“ იყენებს და აკეთებს იმას, რასაც ადრე აკეთებდა. ხშირ შემთხვევაში ეს მოიცავს ბიუჯეტის შემცირებას ტექნოლოგიების თუ ადამიანური რესურსების კუთხით. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი იცვლება — კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ ტექნიკურ ნიჭს, როგორც რთულად მოპოვებულ სტრატეგიულ ინვესტიციას და მისი დაკარგვა არ სურთ.

McKinsey & Company-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში გამოკითხული 1 100 კომპანიის 55%-ს უჭირს მონაცემთა და ტექნოლოგიების ძირითადი პროფესიონალების დაქირავება — მათ შორის მონაცემთა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების, მონაცემთა არქიტექტორების, მანქანათმცოდნე ინჟინრებისა და მონაცემთა მეცნიერების. და ბევრი მათგანის თქმით, ეს სულ უფრო რთულდება, მოუხედავად მზარდი მიმზიდველი კომპენსაციების პაკეტებისა და მოქნილი სამუშაო მოდელების შეთავაზებისა.

ამდენად, აღმასრულებლებისთვის რეალური კითხვა ის კი აღარ არის, როგორ უნდა შეამცირონ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარჯები, არამედ როგორ შეინარჩუნონ და შთააგონონ თავიანთი უმაღლესი ტექნიკური ტალანტი. ან, უფრო მარტივად: როგორ გაახარონ ისინი. მაგალითად, ტექნიკურმა ინვესტორმა მარკ ანდრეესენმა თქვა, რომ კომპანიებმა „აუცილებლად უნდა იპოვონ შესაბამისი გზა ყველაზე ჭკვიანი ტექნიკური თანამშრომლების მოსაზიდად“.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ აღმასრულებლები, რომლებსაც კოდირება არ შეუძლიათ, უმუშევრები იქნებიან — ბიზნეს ლიდერების უმეტესობა არასოდეს ყოფილა მონაცემთა მეცნიერი ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი… უბრალოდ, მათ უნდა ისწავლონ, როგორ მართონ ტექნიკური ჯგუფები სწორად.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ IT დეპარტამენტები გადადიან კულტურაზე, სადაც შედეგები წარმატების ენაა. შედეგებზე ორიენტირებულ კულტურაში კომპანიები თავიანთ ტექნიკოსებს საშუალებას აძლევენ, რეალური პრობლემები გაზომვადი და ეფექტური გზებით გადაჭრან — ნაცვლად „კარნახისა“, ვინ რა უნდა გააკეთოს. ეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას იძლევა, რაც თანამშრომლებისთვის ბედნიერების პირდაპირპროპორციულია.

რა თქმა უნდა, ციფრული პროდუქტებიც ხელს უწყობს ბიზნესის ზრდას და მდგრად, ინკლუზიურ განვითარებას. უბრალოდ, პროექტებს განსაზღვრული ბიუჯეტი და ვადები აქვს, არასწორი მართვა კი მათ კოლაფსს იწვევს. ხოლო თუ ტექნიკური სფეროს თანამშრომლებს ზედმეტად დაამძიმებთ ბიუროკრატიით, ისინი მალევე წავლენ და მათ საქმეებთან გამკლავება თავად მოგიწევთ.

რეალურად თუ შევაფასებთ, ტექნიკური ტალანტის შენარჩუნება და განვითარება არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან ტრადიციული კომპანიებიც ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვას. პრაქტიკულად ყველა ძირითადი პრობლემა, რომელსაც დღეს ბიზნესი აწყდება — იქნება ეს მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, მომხმარებელთა მოთხოვნის გაძლიერება, გეოპოლიტიკური დაძაბულობა თუ გადახდების შეგროვება — ტექნოლოგიების დახმარებით გვარდება. და როდესაც ტექნიკური ტალანტი სწორად არის ჩამოყალიბებული, საუკეთესო გადაწყვეტილებები ქვემოდან ზემოთ მიდის და არა, ზემოდან ქვემოთ.

ეს კულტურა გადამწყვეტია, თუ კომპანიებს სურთ, არა მხოლოდ შეინარჩუნონ ტალანტი, არამედ სწრაფად იმოძრაონ, შექმნან ღირებულებები და იყვნენ სწრაფად ცვალებად გარემოზე მორგებულები.

წყარო: Wired

2023 წლის მთავარი PR ტენდენციები

„პორშე ცენტრი თბილისი“ — პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება