in

რატომ წერენ ტექნოლოგიური გიგანტები მანიფესტებს?

Lenovo
Lenovo

მარკ ცუკერბერგი, სემ ალტმანი, დარიო ამოდეი, მარკ ანდრისენი – ეს იმ ტექნოლოგიური ლიდერების არასრული სიაა, რომლებმაც ბოლო დროს საკუთარი მანიფესტები გამოაქვეყნეს. ტრადიციულად, მანიფესტებს წერენ სისტემის მიღმა მყოფი, ძალაუფლებას მოკლებული ადამიანები, რომლებსაც არსებული წესრიგის შეცვლა სურთ (მაგალითად, კარლ მარქსი ან „დოგმა 95“-ის რეჟისორები). თუმცა AI-მანიფესტების ავტორები მსოფლიოს უმდიდრეს და უძლიერეს ინსტიტუციებს მართავენ, აქვთ უზარმაზარი კაპიტალი და მთავრობებზე პირდაპირი წვდომა. 

მაშ, რატომ დასჭირდათ მათ მანიფესტების წერა? პასუხი მარტივია: მიუხედავად მათი ძალაუფლებისა, ისინი მომავალს სრულად ვერ აკონტროლებენ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

მანიფესტების ავტორები გვარწმუნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სრული დომინაცია და სუპერინტელექტის შექმნა გარდაუვალია. მაგრამ თუ რამე მართლა გარდაუვალია (მაგალითად, მზის ამოსვლა), მასზე მანიფესტებს არავინ წერს.

რეალურად, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან „სუსტი“ და „ძლიერი“ გარდაუვალობა:

  • სუსტი გარდაუვალობა (რაც სიმართლეა) ნიშნავს, რომ AI უკვე არსებობს და მისი ტექნოლოგიური ბაზა არსად გაქრება.
  • ძლიერი გარდაუვალობა (რასაც ავტორები გვიმტკიცებენ) გულისხმობს ეკონომიკის სრულ ტრანსფორმაციას, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სუპერინტელექტის შექმნას.

ეს უკანასკნელი სულაც არ არის გარდაუვალი. მის განსახორციელებლად საჭიროა ჩიპები, ენერგია, კაპიტალი და, რაც მთავარია, მომხმარებლები – ანუ ადამიანთა არჩევანი.

AI-ის მანიფესტების ავტორები ხშირად ახსენებენ ბირთვულ ენერგიას და საზოგადოების მხრიდან მის შეზღუდვას ისტორიულ შეცდომად მიიჩნევენ. 1960-იან წლებში ვარაუდობდნენ, რომ 2000 წლისთვის აშშ-ში 1000-მდე ბირთვული რეაქტორი იარსებებდა, თუმცა დღეს მათი რიცხვი 100-საც ვერ აღწევს. ტექნოლოგიური გიგანტები შიშობენ, რომ AI-საც იგივე ბედი ეწევა — უპრეცედენტო ძალის მქონე ტექნოლოგია საზოგადოებრივი შიშებისა და რეგულაციების გამო შეიზღუდება. ეს კი მათი ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება.

ბიზნესლიდერების როლი და პასუხისმგებლობა

იდეალურ სამყაროში ისეთ საკითხებს, რომლებიც ეკონომიკასა და მილიონობით ადამიანის ბედს ცვლის, დემოკრატიული ინსტიტუტები და საზოგადოება უნდა წყვეტდეს. თუმცა, რეალურად, ტექნოლოგია ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კანონმდებლობა.

სწორედ ამიტომ, მთავარი ძალაუფლება ახლა რიგითი ბიზნესლიდერების ხელშია. AI კომპანიების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, იყიდიან თუ არა სხვა ბიზნესები მათ პროდუქტს. შესაბამისად, როდესაც კომპანია წყვეტს, დანერგოს თუ არა ახალი AI სისტემა, ის მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტილებას კი არ იღებს, არამედ მხარს უჭერს მომავლის იმ ვერსიას, რომელსაც ტექ-გიგანტები გვთავაზობენ.

სტატიის ავტორი, რომელიც თავადაც ოპტიმისტურად არის განწყობილი AI-ის მიმართ, მოუწოდებს ბიზნესლიდერებს: ტექნოლოგია მართლაც სასარგებლოა, მაგრამ გადაწყვეტილებები, თუ როგორ, რა ტემპით და რა პირობებით დაინერგება ის, მიზანმიმართულად და დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ, ნაცვლად იმისა, რომ ბრმად მიჰყვეთ ტექნოლოგიური გიგანტების მიერ დაწერილ მანიფესტებს.

ლონდონის ბირჟაზე აქციის შეძენა უკვე ელემენტარულია – თიბისის ახალი ვიდეორგოლი

სასექტემბროდ ყველაფერი გეგულება – extra-სა და SOLO-ს ერთობლივი შეთავაზება