31
Jan
2019

ვითიბი ბანკი და Gita ტექნოპარკში კრეათონს გამართავენ

31 Jan 2019

ვითიბი ბანკი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 1-4 თებერვალს ტექნოპარკში კრეათონს გამართავენ. მისი მიზანია, შეირჩეს გუნდი, ვისთან ერთადაც ბანკი შექმნის ახალ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს წვდომას არაფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებზე ელექტრონულ არხებში.

 

“ჩვენ შევდივართ ჩვენთვის ახალ სფეროში და ეს არის არასაბანკო/არასაფინანსო სერვისები. გვინდა, შევქმნათ ციფრული პლატფორმა, სადაც სტარტაპები და უკვე დამკვიდრებული დიდი კომპანიები განათავსებენ თავიანთ სერვისებს ონლაინ არხებში. მეორე მხრივ, მთლიანი საზოგადოება ჩვენი მომხმარებლების ჩათვლით, შეძლებს ამ სერვისების მიღებას. მომსახურებების ნაწილი შესაძლოა პირველად გახდეს ხელმოსაწვდომი ონლაინ სივრცეში.”ალექსანდრე გოგიბერიძე, ციფრული ბანკინგის განვითარების სამმართველოს უფროსი 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრეათონის ფარგლებში, ვითიბი გეგმავს, იპოვოს პარტნიორი, რომელიც თავისი გამოცდილებით, ხედვებით, ბიზნეს და ტექნიკური უნარებით შეძლებს ბანკის გამოწვევებთან გამკვლავებას. ხოლო თავად პარტნიორობას რაც შეეხება, გამარჯვებული გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს, ბანკთან თანამშრომლობას. 

ბანკი დავალებას პარასკევს, 1 თებერვალს, საღამოს 7 საათზე წარადგენს ტექნოპარკში. ამის შემდეგ, გუნდებს მიეცემათ 2 სრული დღე სამუშაოდ, ხოლო ორშაბათს, 4 თებერვალს, გუნდები წარდგებიან ჟიურის წინაშე, რომელიც ვითიბისა  და GITA-ს წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ეს იქნება გუნდების შერჩევის პირველი ეტაპი. გამარჯვებული გუნდი  პრიზის სახით მიიღებს 3,000 ლარს და რაც მთავარია, შეძლებს, ვითიბისთან ერთად განახორციელოს მასშტაბური პროექტი.

 

“რამდენიმე კრიტერიუმი იქნება, რომლებსაც ყურადღებას მივაქცევთ. პირველი იქნება გუნდის გამოცდილება და მათ მიერ წარსულში შექმნილი პროდუქტები. მეორე – მათი ხედვა, თუ როგორ აპირებენ, განავითარონ პროექტი/პლატფორმა, რომელსაც კრეათონზე წარადგენენ. მესამე კრიტერიუმი კი იქნება ბიუჯეტი და ვადები – გუნდმა უნდა დაგვანახოს, გამარჯვების შემთხვევაში, რა ვადაში შეასრულებს პროექტს და რა იქნება ამ პროექტის ჯამური ბიუჯეტი.”

კრეათონში მონაწილეობის მიღების მსურველები გადადით ბმულზე.

განხილვა