in

შიშებთან მეგობრობა – როგორ იქცა თეკო მამალაძის ფანტაზია საერთაშორისო კომიქსად

შიში ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ ის გვიცავს, ზოგჯერ გვზღუდავს, მაგრამ რა მოხდება, თუ შიშებს სხვა კუთხით შევხედავთ? სწორედ ამ იდეამ მისცა დასაბამი თეკო მამალაძის “Acro & The Cat”-ს – კომიქსს, რომელიც ქართველი ავტორის თეკოს წარმოსახვიდან მსოფლიო ბაზარზე აღმოჩნდა.

ისტორია, რომელიც თავდაპირველად პირად ჩანახატებში გამოჩნდა, დღეს დისნეისა და მარველის წამყვანი ილუსტრატორების მიერ სიცოცხლეშესხმული ფორმით მოგზაურობს მკითხველამდე. ემირატებში მოქმედი გამომცემლობა Sandstorm-ის კონკურსის მხარდაჭერით, ქართული ფანტაზია გლობალურ პროექტად გარდაიქმნა და უკვე აბუ-დაბის კომიკ-კონის ფესტივალზე გაიბრწყინა.

კომიქსში წარმოდგენილი სამყარო, სადაც ფობიები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, არა მხოლოდ გასართობი, არამედ ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. “Acro & The Cat” გვასწავლის, რომ შესაძლებელია დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობა მასთან, რაც ოდესღაც ყველაზე მეტად გვაშინებდა. ნამუშევარი ინგლისურ და არაბულ ენებზე გამოიცა. როგორ გარდაიქმნა მოთხრობა ვიზუალურ ხელოვნებად და რა გზა გაიარა ავტორმა საბოლოო შედეგამდე – ამ და სხვა საინტერესო დეტალებს თეკო მამალაძე გვესაუბრა.

M: თეკო, პირველ რიგში, გვიამბე, როგორ ჩამოყალიბდა Acro & The Cat-ის პროექტის ინიციატივა?

მოთხრობების წერა ყოველთვის ჩემი თანდართული გატაცება იყო, ალბათ რომ დავიბადე პირდაპირ პარამეტრებში მომყვა რომ უნდა მეწერა. თუმცა ყოველთვის მხოლოდ ჰობი იყო სანამ სხვა კარიერულ ქარცეცხლებზე ვიყავი გადართული. აკროს და ფისოს ამბავიც ასე დაიბადა, მორიგი ფანტაზიორობის დროს. ერთხელაც შიშებზე ჩავფიქრდი და წარმოვიდგინე თუ როგორი იქნებოდა სამყარო სადაც ფობიები იცხოვრებდენ, ალბათ თავისი დარდები და სიხარულები ექნებოდათ და ეგებ შიშებსაც შეეშინდებოდათ რამის… ეს ფიქრები მალევე ფურცელზე გადმოიწერა და ასე დავატარებდი გულის ჯიბით ჩემი შიშების სამყაროს.

M: როგორ დააკავშირე ღრმად დაბუდებული შიშები კომიქსებთან და რატომ აირჩიეთ კომიქსის გზა?

ამ მოთხრობის შექმნიდან ორ წელიწადში გადავეყარე კონკურსს, რომელიც ემირატებში არსებული კომიქსების სტუდიის Sandstorm-ის გამოცხადებული იყო. Sandstorm-ი ფოკუსირებულია ადგილობრივი ნიჭის განვითარებასა და კომიქსების პლატფორმის გამოყენებაზე ავთენტური და უნიკალური ისტორიების წარმოსაჩენად. კონკურსი შემდეგნაირი იყო – უნდა გაგეგზავა შენი წიგნის იდეა და თუ მოეწონებოდათ მის კომიქსად გადაქცევაში დაგეხმარებოდნენ.

M: სამუშაო პროცესზე გვიამბე…

რამდენიმე ასეული ნამუშევრიდან სულ ათიოდე ადამიანი აგვარჩიეს და აქედან დაიწყო ყველაფერი. საქმე ისაა რომ კომიქსის წერა ძალიან სპეციფიკურია, რისი გამოცდილებაც არ მქონდა. ამიტომ პირველი ორი თვე, ვსწავლობდი თუ როგორ უნდა დამეწერა კომიქსი, ამას კი ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწერალი და ედიტორი – ვინს ჰერნანდესი მაწავლიდა. ორი თვის შემდეგ, უკვე დრო იყო რომ თავად წიგნიც დამეწერა, ამისათვის მქონდა განსაზღვრული დრო და მხოლოდ მთლიანი სკრიპტის დაწერის შემდეგ გადაწყვეტდნენ Sandstorm-ელები ღირდა თუ არა ამ იდეის კომიქსად გამოშვება. როდესაც გავიგე, რომ წიგნი ყველას მოეწონა და მასზე მუშაობას ვიწყებდით, ამას საოცარი ამბავიც მოაყოლეს თან, რომ ჩემს წიგნზე დისნეის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ილუსტრატორი – ფრანჩესკო დიპოლიტო იმუშავებდა, წიგნის არტ დირექტორი კი მარველის და DC-ის კომიქსების არტისტი – პაოლო პანტალენა იქნებოდა. აქედან დაიწყო საოცარი კოლაბორაცია, მე ვუყვებოდი მათ თუ როგორი წარმომედგინა ეს სამყარო და პერსონაჟები, ისინი კი ჩემს ოცნებებს ხორცს ასხამდნენ და ფურცლებზე გადმოყავდათ, ერთწლიანი პროცესის მერე კი შეიქმნა უსაყვარლესი კომიქსი Acro & The Cat.

M: როგორც ვიცით, კომიქსი ორ ენაზე გამოვიდა – სად და ვისთვის იქნება ის ხელმისაწვდომი?

კომიქსი ჯერ ინგლისურად დავწერე და შემდეგ არაბულადაც გადაითარგმნა. ერთი კვირის წინ დარელიზდა აბუ-დაბიში კომიკ-კონის ფესტივალზე. ასევე, ამ კვირაში იქნება გამოტანილი აბუ-დაბის წიგნის ფესტივალზეც, ოქტომბერში კი ნიუ-იუორკის კომიკ-კონზე წარდგება. ამასობაში, წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ემირატების, მთელი ევროპისა და ამერიკის მასშტაბით წიგნის მაღაზიებში და ასევე დაიდება ამაზონზეც.

M: რით არის გამორჩეული ეს პროექტი შენთვის?

Acro & The Cat ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც აქამდე შემიქმნია, რადგან ის არა მხოლოდ საყვარელი თავშესაქცევი ამბავია, არამედ ამბავი რომელიც გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ვიცხოვროთ ჰარმონიაში, იმასთან რაც ოდესღაც ყველაზე მეტად გვაშინებდა, და იქნებ ჩვენი საწოლების ქვეშ მყოფ ურჩხულებს უბრალოდ ჩვეთან თამაში უნდოდათ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„არგაჩერება“ საბავშვო კონსტრუქტორებიდან ტექნოლოგიურ ინჟინრობამდე – ლევან კონტუაძე

Disney-მ გუფის 30 წელი მუსიკალური ვიდეოთი აღნიშნა