ქართულმა სტარტაპმა TelAgri სტარტაპების მსოფლიო თასის ადგილობრივი შეჯიბრი მოიგო. გასულ წელს, სტარტაპი ევროპელ ანგელ ინვესტორთა ქსელ EBAN-ის გამარჯვებული გახდა, წელს კი, რეგიონული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს სახელით, მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს. „სტარტაპების მსოფლიო თასი“ სან-ფრანცისკოში იმართება. შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობენ და მისი საპრიზო ფონდი $1 მილიონია. TelAgri არის პლატფორმა, როემლიც აკავშირებს ფერმერებსა და აგრონომებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ კონსულტაციისთვის.
„ჩვენი მარკეტფლეისის მთავარი ღერძი ცოდნის გადაცემაა. ჩვენ გვყავს ფერმერები საქართველოდან, რომლებსაც კონსულტაციას უწევენ ფრანგი, ესპანელი, ამერიკელი აგრონომები. გვყავს რუმინელი ფერმერი, რომელსაც კონსულტაციას გერმანელი აგრონომი უწევს,“ – ამბობს ირაკლი ჩიქავა, TelAgri-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპების მსოფლიო თასზე გამარჯვების გეგმებს გვიზიარებს.
M: რატომ იყო TelAgri-ისთვის მნიშვნელოვანი მასში მონაწილეობა?
სტარტაპების მსოფლიო თასზე მონაწილეობა ჩვენთვის საინტერესოა იმით, რომ ეს ღონისძიება თავს უყრის ძალიან მნიშვნელოვან ინვესტორებს სილიკონის ველიდან და მთელი მსოფლიოდან. ისინი მოდიან, ეცნობიან სტარტაპებს და თუ მოეწონებათ, დებენ ინვესტიციას. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, 2000-ინვესტორიანი აუდიტორიის წინაშე წარვადგინოთ ჩვენი სტარტაპი, დავამყაროთ ახალი კავშირები, მოვიზიდოთ თანხები და ჩვენი გადაწყვეტა მთელ მსოფლიოს გავაცნოთ.
სტარტაპების მსოფლიო თასის ფინალში მოსახვედრად, 50-მდე ქვეყანაში ტარდება ადგილობრივი შეჯიბრი. რეგიონულ კონკურსებში გამარჯვებულები ხვდებიან სან-ფრანცისკოში და სწორედ ეს სტატუსი მოვიპოვეთ ჩვენ. აღსანიშნავია, რომ შარშან გაიმარჯვა „არტისიომ“ და მათი გამოცდილება ჩვენც ძალიან დაგვეხმარება, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.
M: რა კრიტერიუმებით ხდებოდა შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა?
რა თქმა უნდა, ჟიური აფასებს იდეას, გლობალურობას, გუნდს, გაწეულ სამუშაოს და გუნდის მზაობას წარდგეს დიდი ინვესტორების წინაშე და მოიზიდოს თანხები განვითარებისთვის. აქ გამარჯვება ნიშანვს, რომ პროდუქტსა და გუნდს გავლილი აქვს ვალიდაცია და ნიშნავს, რომ მოწვეულმა ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ TelAgri-ს აქვს პოტენციალი შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ – სწორედ ასე დაგვახასიათეს.
M: რა ეტაპები გაიარეთ გამარჯვებამდე?
თავდაპირველად, გავაგზავნეთ აპლიკაცია და pitch-deck, საიდანაც ჟიურიმ შეარჩია 12 საუკეთესო, საიდანაც შეირჩა ერთი ფინალისტი სტარტაპი, ჩვენი სახით, რომელიც საქართველოს წარადგენს მსოფლიო თასის ფინალში, სან-ფრანცისკოში.
M: რა შესაძლებლობებს ხსნის TelAgri-ისთვის სტარტაპების მსოფლიო თასის რეგიონული პირველობა?
ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ვინაიდან ესაა პირველ რიგში, ძალიან კომპეტენტური ჟიურის მხრიდან მონიჭებული ვალიდაცია. გარდა ამისა, სან-ფრანცისკოში, ამ დიდ სცენაზე დგომაც დიდ შესაძლებლობას ნიშნავს. დარბაზში ერთი ადამიანიც რომ დაინტერესდეს ჩვენს სტარტაპთან პარტნიორობით, უკვე დიდი ნაბიჯი იქნება ჩვენთვის.
M: როგორი იქნება მომდევნო ეტაპი თქვენთვის, მსოფლიო თასზე?
მსოფლიო თასისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. ჩვენი მიზანია, ამ პერიოდში ჩვენი პლატფორმა კიდევ უფრო განვავითაროთ, რომ შედეგებზე მეტად შეგვეძლოს საუბარი, ასევე იმ დიდ სიკეთეებზე, რაც შეგვიძლია მოვუტანოთ ფერმერებს საქართველოში და გლობალურად და სოფლის მეურნეობას ცოდნის ეფექტი დავატყოთ.
M: როგორ განვითარდა TelAgri ჩამოყალიბებიდან დღემდე?
დასაწყისიდან დღემდე ძალიან განვითარდა TelAgri, ბაზართან ერთად ვსწავლობთ მომხმარებელთა მოთხოვნებს, რა სერვისის მიწოდება იქნება უკეთესი ბაზრისთვის. მაგალითად, უკვე დავამატეთ ე.წ Subscription ფუნქცია, რომელიც ერთჯერადი სერვისის გარდა, რეგულარული თანამშრომლობის საშუალებასაც აძლევს ფერმერსა და აგრონომს. უფრო მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება და კარგია როგორც ფერმერისთვის, ისე აგრონომისთვის, რომელსაც ერთხელ მოძიებულ ინფორმაციაზე განგრძობითაც შეუძლია კონსულტირება, რაც ბევრად ადვილია.
ჩვენ ვმუშაობთ არამხოლოდ ფერმერებთან, არამედ ისეთ დონორ ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებსაც შეხება აქვთ სოფლის მეურნეობასთან. ჩვენ უკვე დავიწყეთ პარტნიორობა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აქტიურად მიდის საუბრები კერძო სტრუქტურებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან. ეს ყველაფერი იმ დაკვირვებიდანაა მიღებული, რაც ბაზარმა გვიკარნახა. სწორედ ამის ჩვენება შევძელით ჟიურისთვის. მათ დაინახეს ჩვენი იდეის მასშტაბირების შესაძლებლობა და ალბათ, ამან და ძლიერმა გუნდმა განაპირობა ჩვენი გამარჯვება.
M: ამ დროის განმავლობაში, როგორ შეიცვალა სამიზნე ბაზარი?
სამიზნე ბაზარი არსებითად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით B2B სეგმენტს – ბანკები, ორგანიზაციები, საჯარო სექტორი. ჩვენი სამიზნე არეალი, პირველ რიგში, საქართველოა. გარდა ამისა, მყარად ვიკიდებთ ფეხს რეგიონში – სომხეთსა და აზერბაიჯანში. მომდევნო აგრარული სეზონიდან გვემატება მოლდოვა, იქაური დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. ზოგადად, სტარტაპი არის მუდმივი დაკვირვება, ექსპერიმენტირება. ჩვენც ვსწავლობთ ბაზართან ერთად და ვერგებით, შესაძლებლობების მიხედვით.
M: როგორ გეგმავთ TelAgri-ის სამომავლო განვითარებას?
TelAgri, პირველ რიგში, ფერმერებისა და აგრონომების დამაკავშირებელი საშუალებაა. ჩვენ გვაქვს წარმატებული შემთხვევები, როდესაც ფერმერებმა სულ რაღაც ერთი კონსულტაციით, 35-40%-ით გაზარდეს თავიანთი მოსავალი. რა თქმა უნდა, ეს ბაზისი ასე დარჩება და გაგრძელდება.
ამავდროულად, დღესდღეობით, დიდია მოთხოვნა მონაცემებზე და პირველივე დღიდან, ჩვენი სწორება ამ მიმართულებას ეხება, რომ ყველაფერზე, რაც აგრონომიას ეხება, გვქონოდა ინფორმაციის ბაზა. ეს არამხოლოდ მონეტიზაციის საშუალებას გვაძლევს, არამედ ძალიან ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელის ეფექტურად გაწვრთნის წინაპირობაა, რათა სამომავლოდ, ფერმერებს კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა და სისწრაფით გავუწიოთ კონსულტაცია.
საბოლოო მიზანია, რომ ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი ფერმერისთვის. ვთვლით, რომ სოფლის მეურნეობაში ცოდნის კომპონენტის გაძლიერებით ძალიან საინტერესო შედეგებზე შეიძლება გასვლა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი