in

ქართული ჭაჭა მსოფლიოს გარშემო გემით სამოგზაუროდ მიემგზავრება – თელავის ღვინის მარანის ექსპერიმენტი

აღმოჩენებზე საუბრისას, ხშირად ჩვენი გონება საუკუნეებით ადრე გადაინაცვლებს ხოლმე, ხან ქრისტეფორე კოლუმბის, ნიუტონის თუ არქიმედეს ეპოქაში. ჩვენს დროს ლეგენდად შემორჩა უამრავი ამბავი, როდესაც ადამიანმა რაღაც ექსტრაორდინალური აღმოაჩინა და ამით საუკუნეების შემდეგ მცხოვრებ ადამიანებსაც კი დაგვამახსოვრა თავი. ეს ამბავიც ასე წარმოგვიდგენია – ქართული ჭაჭა, რომელმაც ახალი აღმოჩენებისთვის მსოფლიო ოკეანე უნდა გადაცუროს. ეს უჩვეულო ინიციატივა თელავის ღვინის მარანს ეკუთვნის, რომელმაც ქართული ჭაჭის შესაძლებლობების საზღვაო მოგზაურობაში გამოვლენა გადაწყვიტა და ის ხანგრძლივი თავგადასავლებისკენ გაამგზავრა.

ცოტას თელავის ღვინის მარანზეც გიამობთ, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ისტორიული წყაროების ცნობით, ის 1915 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად, ღვინის წარმოება ტრადიციული წესით მხოლოდ ქვევრებში ხდებოდა. მოგვიანებით, გასული საუკუნის შუა წლებში აქ ღვინის ინდუსტრიული ქარხანა აშენდა და ქვევრის ღვინის მარნის გაფართოებათან ერთად, ღვინის ბრენდის წარმოებასაც შეუდგნენ.

„გვიან 90-იან წლებში, მარანი მე და კახა ზუკაკიშვილმა შევიძინეთ და დავიწყეთ მისი აღდგენა, რაც დღემდე გრძელდება. ამჟამად, თელავის ჩრდილოეთით მდებარე თელავის ღვინის მარანი მოიცავს 7ჰა ფართობზე განთავსებულ მიწისზედა და მიწისქვეშა მარნებს და ასევე, ჭაჭის, ბრენდისა და ცქრიალა ღვინის ბოთლში ჩამოსასხმელ საამქროებს. აღსანიშნავია კომპანიის მფლობელობაში არსებული წინანდლის, ქინძმარაულის და ნაფარეულის მიკროზონებში 350 ჰექტარზე გაშენებული ვენახები. გასული 25 წლის მანძილზე, თელავის ღვინის მარანმა მიიღო 800-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის ჯილდო, მათ შორის, 10% გრან პრისა და ოქროს პრიზების სახით და ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ ფლაგმანად ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის, თელავის ღვინის მარანს პროდუქტი ექსპორტზე 35 ქვეყანაში გააქვს. საერთო წარმოება კი, დაახლოებით, 5 მლნ ბოთლია,“ – გვიამბო თელავის ღვინის მარანის თანადამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა.

M: როგორც ახსენეთ, „თელავის ღვინის მარანის“ განახლება საკმაოდ რთულ დროს დაიწყეთ. მიღწეული შედეგებიც შთამბეჭდავია. თავად თქვენთვის რას ნიშნავს ეს საქმე?

მაშინ, 90-იანებში, როცა ჯერ კიდევ საწყის ნაბიჯებს ვდგამდით, კარგად არ გვესმოდა ამ საქმის მნიშვნელობა და ღირებულება. როდესაც აქტიურად ჩავერთეთ, გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმეს მივაგენით, რომელიც წარმოუდგენელ სიყვარულს, ერთგულებას, ჩართულობასა და სულ სიახლეებსა და განვითარებაზე ზრუნვას საჭიროებს. ესაა საოცრად საინტერესო სფერო, რომელშიც იძირები და ვერ გრძნობ დროის სვლას.

M: როგორც ახსენეთ, თქვენს იდეას ისტორიული ფაქტები დაედო საფუძვლად. რომელმა ისტორიულმა მოვლენებმა შთაგაგონათ ექსპერიმენტი, ჭაჭა მსოფლიოს გარშემო გაგეგზავნათ სამოგზაუროდ?

ამაზე სასაუბროდ, ისტორიაში გადავინაცვლოთ, იმ დროში, როდესაც სასმლის ტრანსპორტირებისთვის კასრების გამოყენება დაიწყეს. ეს იყო მოცულობითი ჭურჭელი, რომელიც თიხის ჭუჭლისაგან განსხვავებით არ ტყდებოდა, გორავდა, ტივტივებდა და მარტივი გახლდათ ტრანსპორტირებისთვის. მისი მოცულობიდან გამომდინარე – სტანდარტული 225 ლიტრი – კასრის გადაადგილება ერთ ადამიანს თავისუფლად შეეძლო. საფრანგეთს, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთს შორის საზღვაო გადაზიდვებისას, კასრი კომფორტული საშუალება აღმოჩნდა. თავდაპირველად, კასრები ალკოჰოლური სასმელების დაძველებისთვის არც განიხილებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელები ალკოჰოლურ სასმელებს არ აწარმოებდნენ, ზღვაზე დავარგება მათი აღმოჩენილია. გვიან მე -17 საუკუნეში ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა, ინდონეზიის კუნძულ იავადან დაიწყეს ადგილობრივი დისტილატის ე.წ. „ბატავიას არაკის“ ევროპაში ტრანსპორტირება. ეს გახლდათ ბრინჯის ფერმენტაციის შედეგად მიღებული ალკოჰოლური სასმელი, რომლის გამოხდის შედეგად საკმაოდ მდარე ხარისხის პროდუქტი მიიღებოდა. სატრანსპორტო მარშრუტი, კეთილი იმედის კონცხის შემოვლით ამსტერდამამდე, საკმაოდ ხანგრძლივი იყო. პირველი მოგზაურობა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა უამინდობის და საჭმელი მარაგების შესავსებად ხშირი გაჩერებების გამო. მეზღვაურებმა გზაში სასმლის დიდი ნაწილი დალიეს, თუმცა გარკვეულმა მოცულობამ დანიშნულების ადგილამდე მაინც ჩააღწია, სადაც აღმოჩნდა, რომ კასრებში შემონახული მასა მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული ხარისხობრივად. გემთმფლობელები მიხვდნენ, რომ დავარგების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს და სულ მალე, „ბატავიას არაკი“ შემდგომი 100-ზე მეტი წლის მანძილზე მსოფლიოს N1 პრემიალური სასმელი გახდა, ვიდრე ადრეულ მე-19 საუკუნეში პირველობა კონიაკმა არ ჩამოართვა.

M: რას ცვლის დავარგების პროცესში, ასეთი მოგზაურობა?

ამ ექსპერიმენტით გვინდა დავარგების პროცესი დავაჩქაროთ და მას ხიბლი და რომანტიზმი შევმატოთ. ისტორია გვაჩვენებს, რომ დაძველების პროცესი ზღვაზე უფრო მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს. განხვავებით ტრადიციული მარნებისა, სადაც კასრები სტატიკურია, ხოლო ტემპერატურა და ტენიანობა მუდმივი, ზღვაზე ყველა ეს პარამეტრი ძალიან დიდ ამპლიტუდით მერყეობს. ეს ყოველივე იწვევს როგორც კასრში არსებული სითხის გადაადგილებას, ასევე მისი მუხის მერქანში შეღწევადობის ინტენსიფიკაციას. ამას ემატება ატმოსფერული წნევის ხშირი ცვალებადობა, რაც უფრო აძლიერებს ზემოაღნიშნულ პროცესს და შედეგად ვიღებთ ალკოჰოლური სასმელის ექსტენსიურ დავარგებას და ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა ეს ყოველივე ამ ეტაპზე თეორიაა, ხოლო პრაქტიკულ შედეგს ვნახავთ რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მარანის ჭაჭა მსოფლიო მოგზაურობიდან დაგვიბრუნდება.

M: სად და როგორ იმოგზაურებს თელავის ღვინის მარანის ჭაჭა?

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სატრანსპორტო კომპანია „ემ-ეს-სი ჯორჯიას“, რომელმაც უდიდესი სამუშაო გაწია, ტრანსპორტირების დაგეგმვაში, მარშრუტის ორგანიზებაში, სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი ნებართვების მიღებაში და რაც მთავარია, თანამედროვე საზღვაო კონტეინერი მოგვაწოდა, რომლის შიგთავსიც სანიტარულად დამუშავებული, ეკოლოგიური სუფთა ბამბუკის მასალითაა მოპირკეთებული. მარანის წინასწარ შერჩეული ჭაჭა განაწილდა 54 ცალ 225-ლიტრიანი კასრში, რომლებიც 3 იარუსად განთავსდა კონტეინერში, სპეციალურად ამ მოგზაურობისათვის შექმნილ სივრცულ თაროებზე, დაფიქსირდა მყარად, რათა მთელმა ამ სტრუქტურამ გაუძლოს ოკეანის მრავალბალიან ღელვას. კასრების საცობები დამცავის სალტეებითაა გამაგრებული, რომ გამოირიცხოს შიგთავსის გადმოღვრა და ამავდროულად, დალუქულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ლუქებით. თავად მოგზაურობის მთავარი სატრანზიტო პუნქტებია: ავსტრალია და არგენტინა, ხოლო რაც შეეხება შუალედურ პორტებს, ეს ცნობილი გახდება მოგზაურობის პროცესში, რის შესახებაც ინფორმაციას მუდმივად გავავრცელებთ სოციალური მედიის საშუალებით.

M: როგორ გაგრძელდება ექსპერიმენტი, კონტენინერის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?

ექსპერიმენტის მეორე ნაწილი კასრების საქართველოში დაბრუნებისას გაგრძელდება. ჩვენ გულდასმით შევისწავლით მოგზაურ სითხეს, შევაფასებთ და გადავწყვეტთ, როგორ წარვმართოთ კუპაჟირება. კიდევ მრავალი თვე გაივლის მარანის ჭაჭის დაბრუნების შემდეგ, სანამ ახალი „მსოფლიო“ ჭაჭა გამოჩნდება ბაზარზე, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ალკოჰოლური სასმელის კუპაჟირება (შერევა) საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და დროს და მოთმინებას მოითხოვს.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ექსპერიმენტები თქვენთვის?

ბევრი სიახლე ექსპერიმენტით ან შემთხვევითობით იწყება. თუნდაც მაშინ, როდესაც საუკუნეების წინ, ზღვით ტრანსპორტირებისას სრულიად ახალი სასმელი მიიღეს. ჩვენთვის ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისითაც, რადგან ღვინისგან განსხვავებით, ჭაჭა არ გახლავთ ძალიან ძველი ქართული პროდუქტი. მისი წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ჭაჭა და მეორე მხრივ, საფუძველი ჩავუყაროთ, აბსოლიტურად უნიკალური ქართული ჭაჭის მსოფლიო პროდუქტად გადაქცევის ეროვნულ საქმეს.

[R]

ადვოკატი AI ბრალდებულს სასამართლოში დაიცავს

მეცნიერებმა შფოთვის შემამსუბუქებელი ბალიში შექმნეს