შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საკონფერენციო გრანტის ფარგლებში, 10-11 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა რიგით მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“ და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია (ComCom), „კავკასიის უნივერსიტეტი“, კავკასუს ონლაინი, RIPE NCC, Integra, Fortinet და ERC.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოსა და მთელ რეგიონში პირველი მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ტელეკომუნიკაციებისა და უსაფრთხოების, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიური დონის სტუდენტები, დოქტორანტები, მკვლევრები და ყველა, ვინც დაინტერესებულია ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების პრობლემებით, მუშაობს მოცემული მიმართულებით და სურს, კიდევ უფრო გაიღრმაოს ცოდნა და შესაძლებლობები.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თავისთან აერთიანებს მონაწილეებს აკადემიური სექტორიდან, ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების დარგების წამყვან მეცნიერ-მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთის, ავსტრიის, უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, უზბეკეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ყაზახეთის, სომხეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს აკადემიური სექტორის, კერძოდ, ამ ქვეყნების წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა თუ ლაბორატორიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობის პროცესში წარმოდგენილი იყო ისეთი ფუნდამენტალურად პრობლემური ამოცანები, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიებისა და მიწისზედა თანამგზავრული კომუნიკაციების არსებული გამოწვევები და, რაც ყველაზე მთავარია, კონფერენციის მიზნებიდან გამომდინარე, მათი უსაფრთხოების, პირველ რიგში, საუბარია კიბერუსაფრთხოებით მიმართულებაზე, უზრუნველყოფის საკითხები.
მაქსიმ იავიჩი, ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA)“, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი
„მადლობა მინდა ვუთხრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს და ღონისძიების მხარდამჭერებს, კომუნიკაციების კომისიას, კავკასიის უნივერსიტეტს, კავკასუს ონლაინს და RIPE NCC.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ მთავარ მიზანს წარმოადგენს, შეკრიბოს აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დარგის წამყვანი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა თუ ლაბორატორიების მკვლევრები ერთ სივრცეში, რათა მოხდეს მათ შორის ახალი იდეებისა და ინიციატივების გენერირება, არსებული გამოცდილებისა და ინფორმაციის ერთმანეთში გაცვლა, აკადემიურ დონეზე დისკუსიებისა და დიალოგების გახსნა, სავარაუდო სამეცნიერო თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება და უკვე არსებული თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა. სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლების მიერ კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებები ხელს შეუწყობს ორივე სფეროს აკადემიურ დონეზე განვითარების პროცესს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და აბსტრაქტები განთავსდება ა(ა)იპ „სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის“ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ, კიბერუსაფრთხოების ჟურნალში, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან დარგის სამეცნიერო წრეების წამყვანი წარმომადგენლები“.
ვლადიმერ სვანაძე, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI)“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კავკასიის უნივერისტეტის აფილირებული პროფესორი
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს: კომუნიკაციების კომისიას, კავკასიის უნივერსიტეტს, კავკასუს ონლაინს, RIPE NCC-ს და, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ფონდს ამ შესაძლებლობისთვის.
კონფერენცია არის საქართველოში და, ზოგადად, რეგიონში ერთადერთი საუკეთესო მასშტაბური პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარმოდგენილი ამოცანებიდან სულ უფრო აქტუალური ხდება მიწისზედა თანამგზავრების უსაფრთხოება, რაზეც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობენ დარგის წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები და რაც ხდება ჰაკერთა სულ უფრო მეტი დაინტერესების ობიექტი. ამიტომაც, მის კიბერუსაფრთხოებით უზრუნველყოფაზე აკადემიური სექტორის მიდგომების განვითარება და გამყარება სხვადასხვა სახის კვლევებით, წარმოადგენს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან ფაქტორს. კონფერენცია არის საერთაშორისო და მასში მონაწილეობას იღებენ ორივე სფეროს სამეცნიერო და აკადემიური წრეების წამყვანი სპეციალისტები, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს მოწინავე კვლევების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო გამოცდილებების შესწავლის პროცესის დაწყება უცხოელ კოლეგებთან ერთად. ყოველივე ეს ბიძგს აძლევს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ისეთი მნიშვნელოვანი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“.
[R]











