in

ტელეფონი, როგორც საკვების, ამბების, განათლების მიღებისა და ქორწინების საშუალებაც კი – „ესპანური გრიპი“, 1918 წელი

პანდემიის დროს, სახლში გამოკეტვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა დღეს, ინტერნეტის არსებობის პირობებში, იზოლაცია სულაც არ გულისხმობს ინფორმაციის მიღების შეზღუდულ შესაძლებლობებს. პირიქით, მისი სიჭარბის გამო, ადამიანები საინფორმაციო დიეტის დაცვის აუცილებლობასაც კი ხედავენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მსოფლიოს ცხოვრება 102 წლით უკან რომ გადავახვიოთ, თავს 1918 წლის „ესპანური გრიპის“ პერიოდში ამოვყოფთ – სწორედ მასში, ჩვენი დღევანდელი გლობალური მოცემულობა ძალიან რომ ჰგავს: მაშინაც ხომ დაიკეტა ბაღები თუ სალონები, ადამიანები უმუშევრად დარჩნენ და იზოლირება მეგობრებისა და მათ შორის, ოჯახის წევრებისგანაც მოუწიათ.

მაშინ, ტექნოლოგიური გამოსავალი – ადამიანებს ცხოვრება, მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში რომ გაეგრძელებინათ – ტელეფონი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერ გრემ ბელს ტელეფონი იმ დროისთვის უკვე 42 წლის გამოგონებული ჰქონდა, ის ჯერ კიდევ არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი – Statista-ს მიხედვით, 1920-იან წლებშიც კი, ტელეფონი ამერიკელების მხოლოდ 35 პროცენტს ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, კარანტინის დროს, ეს იყო გარესამყაროსთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად სატელეფონო სისტემა 1918 წლის გრიპის კატასტროფის მსხვერპლი აღმოჩნდა.

და მაინც, რა არის საინტერესო 102 წლისწინანდელ გამოცდილებაში?

გულს ნუ გაიტეხთ, დაავადებულო!
„ესპანური გრიპის“ დარტყმამ სატელეფონო სერვისის ბაზარზე, საწყის ეტაპზე, პოზიტიური გავლენა იქონია. ქვემოთ მოცემულია ილუსტრაცია გზავნილით: „კარანტინში მყოფი ადამიანები თავს იზოლირებულად არ გრძნობენ იმ შემთხვევაში, თუ მათ „ბელის“ ტელეფონი აქვთ“.

ეს რეკლამა Twitter-ზე როგორც „ესპანური გრიპის“ ანტიკვარული მონაპოვარი, ისე გავრცელდა. თუმცა სინამდვილეში, ის 1910 წლის 17 ნოემბრით თარიღდება და ამ კონკრეტული პანდემიის პერიოდს არ ემთხვევა. უბრალოდ, ადრეულ 20-იან წლებში, დიფტერიის, ყვავილის, მენინგიტისა თუ სხვა გადამდები დაავადებების გამო, საგანგებო მდგომარეობა ხშირად ცხადდებოდა და ეს რეკლამაც რომელიმე მათგანთანაა დაკავშირებული. სწორედ დაავადებების გავრცელების სიხშირის გამო, ამერიკული მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი AT&T ამ ყველაფერში ბიზნეს შესაძლებლობებს ხედავდა. „ესპანური გრიპის“, ე.წ. „ისპანკას“ პერიოდში, ადამიანები ტელეფონებზე იმდენად დამოკიდებულები გახდნენ, კომპანიები რომ ამას ვერასდროს წარმოიდგენდნენ. 1918 წლის იანვარში, ჯარისკაცი ჯონ კალდუელი, რომელიც ლუიზიანას ბანაკში კარანტინში იმყოფებოდა, თავის საცოლე ლორენა სმიტზე ტელეფონით დაქორწინდა. სახელმწიფო გენერალური პროკურორი ამტკიცებდა, რომ სატელეფონო ქორწილები, ლეგალურობის მიუხედავად, სასურველი არ იყო. თუმცა მისმა წინააღმდეგობამ გავლენა ვერ იქონია და ბედნიერი წყვილი ამ ფორმით დააქორწინეს.

კალდუელის საკურთხევლიდან შორს, კარანტინში ყოფნის მიზეზი შემდეგი იყო: 1918 წლის მარტში, რიგითმა ალბერტ გიტჩელმა, აშშ-ში, კანზასის შტატში, ფენსტონის სამხედრო ბანაკში გრიპის სიმპტომებით გაიღვიძა, საავადმყოფოს მიმართა და ძლიერი გაციების შესახებ დაიჩივლა: ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი აწუხებდა. ალბერტი ინფექციური პაციენტების პალატაში მაშინვე მოათავსეს, მაგრამ სანიტარმა მისთვის თერმომეტრის ჩადება ძლივს მოასწრო, რომ ლაზარეთში იმავე სიმპტომებით კაპრალი გამოცხადდა, მას სხვებიც მიჰყვნენ და შუადღისთვის საავადმყოფოში მისულთა რაოდენობამ 107 შეადგინა. კვირის ბოლოს რაოდენობა 522-მდე, ხოლო აპრილის ბოლოს – 1127-მდე გაიზარდა.

ერთი ადამიანის დინფიცირებით როგორ დაავადდა ამდენი? – ალბერტი შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სასწავლო ბანაკში – რომელიც სამხედროებს ევროპაში აგზავნიდა – მზარეული იყო და მიუხედავად ავად ყოფნისა, გადაწყვიტა, რომ „სურდოს“ მსუბუქად გადაიტანდა და ამიტომ, საკვების მომზადება და გაყიდვა არ შეწყვიტა. ბანაკში, დაახლოებით, 50 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა – ისინი, ვინც პირველ მსოფლიო ომში წასასვლელად ემზადებოდნენ. სამხედროების პირველი ნაკადი ევროპაში 1918 წლის გაზაფხულზე უნდა გამგზავრებულიყო და ეს ზუსტად ის პერიოდია, გიტჩელი რომ დაინფიცირდა. სწორედ პირველი მსოფლიო ომის სამხედრო დანაყოფებმა გაავრცელეს და საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, გრიპმა 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

პანდემიასთან გამკლავების წესები მაშინაც დღევანდელივით გამოიყურებოდა: ქალაქებმა და სახელმწიფოებმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს, მიიჩნევდნენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის საუკეთესო გზა ადამიანების ერთმანეთისგან იზოლირება იყო. ბიზნეს, საგანმანათლებლო თუ რელიგიური დაწესებულებები დროებით დაკეტეს და ზოგიერთ სივრცეში სამედიცინო ნიღბებით სიარული სავალდებულო გახადეს.

სოციალური დისტანცირების პირობებში, ტელეფონის როლი გაიზარდა. კანზასის შტატში, წითელმა ჯვარმა პლაკატებიც კი გაავრცელა, სადაც ადგილობრივ ვაჭრებს მოუწოდებდა, რომ გრიპის ვირუსის მატარებელი პოტენციური მომხმარებლებისთვის დისტანციური ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცათ ისე, რომ მათ შენობაში შესვლა არ დასჭირვებოდათ და  მომსახურება ისე მიეღოთ (აღსანიშნავია, რომ ეპიდემიამდეც კი, ტელეფონით შეკვეთა პოპულარული იყო სასურსათო მაღაზიებში, მომხმარებლებს, დაახლოებით Instacart-ის მსგავს მომსახურებას უწევდნენ – საკვების სახლში მიტანის სერვისზე).

კალიფორნიაში, კარანტინში მყოფი ბავშვები, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტის მონაწილეები აღმოჩნდნენ და პირველად, დისტანციური სწავლების მოდელი მათზე გამოცადეს. „საშუალო სკოლის მოსწავლეები სახლში მეცადინეობდნენ და ინსტრუქტორებისგან შენიშვნებსა და დავალებებს რეგულარული სატელეფონო საუბრის საშუალებით იღებდნენ“, – იუწყებოდა Oakland Tribune.

იმ ეპოქაში, როდესაც რადიო, ჯერ კიდევ, არ იყო მასობრივი მედიასაშუალება – ტელეფონი ახალი ამბების გავრცელების ინსტრუმენტადაც იქცა. ახალი ამბების გაზიარების ყველაზე მიზანშეწონილ გზად გაზეთებს მიიჩნევდნენ, როცა ე.წ. სტერეოპტიკონის ცნობები იგზავნებოდა (სამგანზომილებიანი ეფექტის მქონე პრინტერზე დაბეჭდილი ამბები) და მასობრივი ამბებიც ასე ვრცელდებოდა. თუმცა როცა შუალედური არჩევნების დრო მოახლოვდა, 1918 წლის 5 ნოემბერს, ისევ და ისევ, გრიპის გამო, ზოგიერთმა გაზეთმა ეს მომსახურება გააუქმა და მომხმარებლებს, სთხოვა, რომ შედეგები ტელეფონის საშუალებით გაეგოთ (ეპიდემიის არარსებობის დროსაც კი, გამოცემა The Sacramento Bee წერდა, რომ წინა არჩევნების ღამეს, მასთან წუთში 1000-მდე ზარი შედიოდა).

ოპერატორები პანდემიას შეეწირნენ
ეპიდემიის განმავლობაში, ტელეფონების მოხმარებამ, სატელეფონო კომპანიები საგონებელში ჩააგდო. ასეთი კომპანიები იმ თანამშრომლებზე (ძირითადად, ახალგაზრდა ქალებზე) იყვნენ დამოკიდებულები, რომლებიც ზარის ავტორსა და სავარაუდო მიმღებს შორის შუამავალი რგოლის როლს ასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნომრის ავტომატური ამკრეფი მე-19 საუკუნეში  გამოიგონეს, ის საზოგადოდ ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული.

სატელეფონო ოპერატორები, „ესპანური გრიპის წინაშე“, ისეთივე თუ არა უფრო მეტად დაუცველები იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენები. მათ ზარების პასუხი პატარა სივრცეში, ერთმანეთის გვერდიგვერდ უწევდათ და რაც უფრო მეტად ვრცელდებოდა გრიპი, ზარის ოდენობაც იზრდებოდა.

22 ოქტომბერს, New York Times წერდა, რომ New York Telephone Company-ის 2000 ოპერატორი, რომელიც კომპანიის თანამშრომელთა მესამედს შეადგენდა, გრიპის გამო, ავად იყო. სერვისზე მოთხოვნის დაკმაყოფილება უკვე შეუძლებელი გახდა და კომპანიას გარკვეული შეზღუდვების განსაზღვრა დასჭირდა – 50%-ით შეამცირა ზარები ტელეფონ-ავტომატებიდან და მომხმარებლებს თხოვნა ფოსტით გაუგზავნა, რომ გადაუდებელი სიტუაციის არარსებობის შემთხვევაში, ზარებისგან თავი შეეკავებინათ.

კომპანიიდან იუწყებოდნენ: „მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლები ფუნქციონირებას ჩვენი დახმარებით აგრძელებდნენ, შეუძლებელია დარჩენილი ადგილების შესაფერისი კადრებით უზრუნველყოფა. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სატელეფონო კომუტატორის ოპერატორი მაღალკვალიფიციური თანამშრომელია და მისი მარტივად ჩანაცვლება შეუძლებელია“.

იმის მაგივრად, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებს რეკლამები გაეკეთებინათ, ისინი პირიქით, მოსახლეობას საპირისპიროსკენ მოუწოდებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სატელეფონო სერვისების კომპანია Michigan State Telephone ერთ-ერთ გაზეთში წერდა, რომ აუცილებელ ზარებად მიიჩნეოდა ის შემთხვევები, როცა სატელეფონო ზარის ავტორს ექიმთან სურდა დაკავშირება, მედიკამენტით უზრუნველყოფა სჭირდებოდა ან სხვა, საგანგებო სიტუაციაში იმყოფებოდა. ნებისმიერი სხვა მოცემულობის დროს, კომპანია მომხმარებლებს სთხოვდა, რომ ზარებისგან თავი შეეკავებინათ.

ფლორიდაში, Peninsular Telephone-ის რეკლამაში დაავადებულ ოპერატორებზე იყო საუბარი და კომპანია აუდიტორიას მიმართავდა თხოვნით, რომ „სანამ მდგომარეობა ნორმალურს არ დაუბრუნდებოდა“, ნუ გამოიყენებდნენ მათ სერვისს. რეკლამა თავად ოპერატორებსაც სთხოვდა, რომ საუბრის პროცესში გაერკვიათ, რამდენად აუცილებელ ზართან ჰქონდათ საქმე.  

„გახსოვდეთ, რომ ოპერატორებიც ადამიანები არიან!“ – წერდა ლუიზიანაში ადგილობრივი სატელეფონო კომპანია, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 4000-ს უტოლდებოდა. „ჩვენს 6 ოპერატორს აქვს გრიპი და სერვისით სარგებლობა შეზღუდულია, მით უფრო იმ დროს, როცა დაავადებულთა ზარები დღითი დღე იზრდება“.

1918 წლის არჩევნებზე The Sacramento Bee-მ გამოაცხადა, რომ „კომპანია არჩევნების შედეგებს ტელეფონის საშალებით არ გაავრცელებდა!“ ამის ნაცვლად, მომხმარებლებს მოუწოდებდა, სტერეოპტიკონის ცნობები გამოეყენებინათ, მაგრამ მათ უსაფრთხოების ზომებსაც ახსენებდა: კომპანიის თქმით, ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციით, ღია ცისქვეშ შეკრებილი ადამიანები ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, თუ ისინი ნიღბებით შეიარაღებულები იქნებოდნენ.

1918 წლის პანდემიამ წარმოაჩინა ტელეფონის როლი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. „პანდემიამდე 40 წლით ადრე, ის საოცარი სათამაშო იყო და 20 წლის განმავლობაში, ფუფუნების საგნად იქცა. ბოლო დროს კი, უმეტესობისთვის ყოველდღიური მოხმარების ნივთის ფუნქცია შეიძინა. ახლა ვერავის წარმოუდგენია, მის გარეშე, როგორ ვცხოვრობდით“, – წერდა New York Times-ის რედაქტორი.

დღეს, ინტერნეტს შეუძლია, რომ სახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეგვასრულებინოს და სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროებით უზრუნველგვყოს.

ცადეთ, სულ რამდენიმე წამით, გაჩერდით და წარმოიდგინეთ, როგორი შეიძლება, იყოს დღეს, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, ჩვენი ცხოვრება, ინტერნეტის გარეშე?

წყარო: fast company



რეგიონში ყველაზე მსხვილი სამაგიდო თამაშების პლატფორმად ქართული ბრენდი გამოვლინდა

„სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“ – ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური გამოფენა