დღეს AI-ს ხელსაწყოების ყოველდღიურ პროცესებში იმპლემენტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესაძლებლობებთან ზრდასთან ერთად კი იზრდება კითხვების რაოდენობაც, რომლებზეც პასუხების მიღება არც თუ ისე მარტივია. ხელოვნური ინტელექტის შესახებ მეტი ინფორმაციის შესაგროვებლად, მისი სპეციფიკის უკეთ გასაგებად სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბევრს იკვლევენ, სწავლობენ და მსჯელობენ AI-ს შესაძლებლობებსა და რისკებზე, რაც მათ პროცესების ეფექტურობის გაზრდაში და სხვადასხვა გამოწვევის პრევენციაში დაეხმარებათ.
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ბანკი, აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. AI-სთან ერთად მუშაობის შესახებ საკუთარ გამოცდილებას კი საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის წევრი, უფროსი გრაფიკოსდიზაინერი, თემო დიდებაშვილი გვიზიარებს.
M: როდის დაიწყეთ საქართველოს ბანკის დიზაინის გუნდში AI-ს ხელსაწყოების გამოყენება?
საქართველოს ბანკის დიზაინის გუნდში ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენება გასული წლის მარტში დავიწყეთ. დღეს კი აღნიშნულ ხელსაწყოებს თითქმის ნებისმიერი სახის სტატიკური ვიზუალური გამოსახულების შესაქმნელად ვიყენებთ, იქნება ეს სხვადასხვა სტილის ფოტო თუ ილუსტრაცია. თავდაპირველად, ალბათ ჩვენი სფეროს წარმომადგენლების უმეტესობის მსგავსად, გაგვიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ რაღაც არნახული მასშტაბის მქონე ინოვაციას ვეჭიდებოდით. ე.წ. AI-მოდელისთვის მიცემულ ყოველ დავალებას ჩვენი გაოგნება მოსდევდა იმის გამო, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებდა ხელსაწყო მას.
M: რა იყოს ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი, რომელმაც უბიძგა თქვენს გუნდს, გამოგეყენებინათ AI ხელსაწყო ვიზუალური მასალის შექმნის პროცესში?
იმ ტექნოლოგიის დანერგვა, რომელსაც დღეს ხელოვნურ ინტელექტს ვუწოდებთ, გარდაუვალი იყო, თუმცა ჩვენს შემთხვევაში დამაჩქარებელ ფაქტორად ერთი კონკრეტული პროექტი იქცა, კერძოდ, სურვილების კამპანია, რომელიც თავდაპირველად 50-ამდე ილუსტრაციის შექმნას გულისხმობდა.
მომხმარებელი მობილბანკში საკუთარ სურვილს აფიქსირებდა, ახალი წლისთვის კი ამ სურვილის შესაბამისი ილუსტრაცია მის Apple/google pay-ს ინტერფეისში, პლასტიკურ ბარათზე აისახებოდა. ამ მასშტაბის პროექტის შიდა რესურსებით განხორციელება წარმოუდგენელია, მაგრამ არც ე.წ. Outsource-ში გვქონდა წარმატების იმედი, რადგან 20-ამდე დამოუკიდებელ ადამიანთან თანამშრომლობა ერთი პროექტის ფარგლებში ძალიან რთულია. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილმა Midjourney AI-მ სულზე მოგვისწრო. 50 ილუსტრაცია რომ მარტივად შეიქმნა, მათი რიცხვი 200-ამდე გაიზარდა და ჩვენთვის ამ ტექნოლოგიის ყოველდღიურ პროცესებში გამოყენების მნიშვნელობა მარტივად გასაგები გახდა.
M: რა იყო ის მთავარი გამოწვევა, რომლის დაძლევის მიზნითაც დაიწყეთ AI ხელსაწყოების სპეციფიკის შესწავლა და რა შესაძლებლობა დაინახეთ მასში?
დაახლოებით 2 წლის წინ ინტერნეტსივრცეში უცნაური ტექნიკით შესრულებულმა ილუსტრაციებმა და ფოტოებმა დაიწყო გამოჩენა. დიზაინერი, ილუსტრატორი, ფოტოგრაფი თუ სხვა შემოქმედებითი საქმიანობის ადამიანი მაღალ დონეზე შესრულებულ ნამუშევარს ყოველთვის აკვირდება, ინახავს, იმახსოვრებს ავტორს. აღნიშნული გამოსახულებები მანამდე ნანახ არცერთ ტექნიკას არ შეესაბამებოდა. მალევე გაირკვა, რომ საქმე სრულიად ახალ რეალობასთან გვქონდა. „AI-რევოლუცია“ გარდაუვალი გახდა. ამის გააზრება წარმოუდგენელია გარკვეული დისკომფორტის გარეშე. ნებისმიერ რევოლუციას გარკვეული „კატაკლიზმები“ მოჰყვება და ჩემს შემთხვევაში ეს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი კონკურენტის გამოჩენა გახლდათ. ამ დროს ყველაზე მართებულია, გაერკვე ყოველივე იმაში, რაც შენ გარშემო მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზნით დავიწყე ახალი ტექნოლოგიის შესწავლა და მისი გამოყენების ეფექტური გზების ძიება.
M: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის ვიზუალების შესაქმნელად იყენებს თქვენი გუნდი AI-ს?
დღეს მხოლოდ სტატიკური გამოსახულების გენერირებაა შესაძლებელი. არსებობს ვიდეოგენერირების ინსტრუმენტებიც, თუმცა ჯერჯერობით ისეთ შედეგს ვერ აღწევს, რომ დიდი ბიზნესის კონტექსტში გამოვიყენოთ. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ უკვე რამდენიმე თვეში ველოდებით Open AI-ს SORA-ს მოდელს, რომელიც, ანონსის თანახმად, დიდი ნახტომი იქნება ამ მიმართულებით.
M: მოგვიყევით, როგორია AI-სთან ერთად ვიზუალების შექმნაზე მუშაობის პროცესი?
AI-სთან მუშაობის პროცესი მარტივია. ჩვენ AI მოდელს ვაწვდით იმ გამოსახულების ტექსტურ აღწერას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს. ჩვენი მოთხოვნის მიხედვით, იგი თავის ე.წ. Dataset-ში ეძებს შესაბამის მასალებს და მათზე დაყრდნობით ქმნის ახალ გამოსახულებას. შედეგად, გარდა კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად დროის შემცირებისა, AI ინსტრუმენტებმა ე.წ. Reference-ების საკითხიც გაგვიმარტივა. მაგალითად, ხშირად ილუსტრაციაზე მუშაობისას გვჭირდება ე.წ. Pose Reference, რომლის ძებნაც არცთუ მარტივი იყო. ახლა, ჩვენი საჭიროების მიხედვით, შეგვიძლია ასეთი Pose Reference-ის შექმნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სტატიკური მასალების სხვადასხვა ზომაზე მორგების გამარტივებაც. ეს უკანასკნელი Generative Expand-ის სახით, Adobe firefly-ს დახმარებით გახდა შესაძლებელი.
თუმცა AI-სთან ერთად მუშაობის პროცესში ტექსტის დაწერა მთავარი გამოწვევაა, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინგლისური ენის ცოდნას, მაგრამ ზოგჯერ არც ეს არის საკმარისი. ამ პროცესს კინოინდუსტრიაში სცენარის წერას ვამსგავსებ. სცენის აღწერისას უნდა ფლობდე კამერის პარამეტრებს, კუთხეს, დაშორებას, კამერის მოძრაობას, განათებას, სტილს და ა.შ. თავდაპირველად, როდესაც პირადი ინტერესისთვის ვცდილობდი ვიზუალების დაგენერირებას, ფილმების სცენარების კითხვაც დავიწყე.
M: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ის გაკვეთილები, რომლებიც AI-ს ხელსაწყოს გამოყენებამ გასწავლათ?
თავდაპირველად, სანამ Adobe Firefly გახდებოდა ხელმისაწვდომი, Midjourney-ს სწავლა დავიწყე. რამდენიმე კურსი გავიარე Udemy-ზე, ვუყურებდი Youtube არხებს, გავწევრიანდი Facebook ჯგუფებში Prompt-ის წერის თავისებურებებისთვის რომ ამეღო ალღო. ტექნიკური ნაწილი, რა თქმა უნდა ყველასთვის მარტივად ათვისებადია, თუმცა იმის გასაგებად, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა – გვემუქრება თუ არა „მასობრივი ჩანაცვლება” ცოტა უფრო ღრმა კვლევა-ძიება გახდა საჭირო.
ამისთვის, ბუნებრივია, ერთი და ორი სტატიის წაკითხვა საკმარისი არ არის და საბოლოო ჯამში გადაჭრით თქმა არავის შეუძლია, თუმცა მაინც ჩემი საკუთარი შეხედულება ჩამომიყალიბდა. ბევრგან წააწყდებით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად „AI არ ჩაგვანაცვლებს, ჩაგვანაცვლებს ადამიანი, რომელიც AI-ს ფლობს“. დიდწილად მართალიცაა და სწორი მიდგომის შემთხვევაში, AI მართლაც ჩვენი დამხმარე ხელსაწყო გახდება, თუმცა საქმე არც ასე მარტივადაა. მე ილუსტრატორი და დიზაინერი ვარ და მიმაჩნია, რომ ჩემს სათქმელს ყველაზე კარგად ამ მიმართულებით ვიტყვი. სხვაგვარად, ეს ჩემი ცხოვრების მოწოდებაა, რომლის დაუფლებაშიც დრო, ფინანსები და ინტელექტუალური რესურსი მაქვს გაღებული. ჩემ მსგავსად, მილიონობით ადამიანს აქვს გავლილი საკმაოდ რთული გზა თავის პროფესიულ კარიერამდე. ვიზუალური AI გენერატორები (Midjourney, Stable Diffusion, Dall-e) ე.წ. Dataset-ზე დაყრდნობით ფუნქციონირებენ, რომელიც მილიარდობით ვიზუალურ მასალას შეიცავს. აღნიშნულ Dataset-ში შემავალი ილუსტრაციებისა და ფოტოების ავტორები არავითარ სარგებელს არ იღებენ იმის სანაცვლოდ, რომ მათივე ნაშრომის საფუძველზე, მათი გვერდის ავლით, AI მოდელი ქმნის ახალ გამოსახულებას, რომლის კომერციული გამოყენებაც მთლიანად მომხმარებლის ხელშია. შეუძლებელია, არ გაგიჩნდეს უსამართლობის განცდა. აქ ჩნდება საპირისპირო არგუმენტი, რომ Dataset-ების მსგავსად, არც Pinterest იღებს ნებართვას, რომელიც ინსპირაციის წყაროა თითქმის ყველასთვის. გამოდის, რომ პრობლემა AI-ს სისწრაფეშია, რომ ის გაცილებით ნაკლები გარჯის სანაცვლოდ გვაძლევს შედეგს და, შესაბამისად, საშიშროებაც მატულობს. მართალია, „მასობრივი ჩანაცვლება“ ჯერ კიდევ რეალობის მიღმაა, თუმცა გარდაუვალია ის გამოწვევა, რომელსაც ეს კონკრეტული კომუნა მიიღებს. ამის გააზრება ჩემთვის მარტივი არ იყო, მაგრამ ეს რეალობაა და როდესაც ბაზრის მოთხოვნებს ინოვაცია განსაზღვრავს, ამ დინების საპირისპიროდ წასვლა არაგონივრულია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიები მიმდინარეობს. ჩემი აზრით, აღნიშნული პრობლემის პარალელურად, ჩვენი თვითგამოხატვისთვის ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.
M: Human creativity vs AI creativity – თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ გამოცდილება, რამდენად განსხვავებულია, როდესაც უშუალოდ ადამიანი მუშაობს ვიზუალის შექმნაზე და როგორია პროცესი, როდესაც მუშაობ არა ვიზუალზე, არამედ AI-სთვის ქივორდების შემუშავებაზე?
ამ მხრივ არაერთი ექსპერიმენტია ჩატარებული. ილუსტრატორებს აჩვენებენ მათი “name reference”-ით შექმნილ AI ილუსტრაციებს. ბევრი მათგანი მათ იწონებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათ „სული“ აკლია. პირადად მე მათი მესმის, მაგრამ ინდუსტრიას „სულით“ თავს ვერ მოაწონებ. ყოველ შემთხვევაში, მასობრივად ასეა.
M: როგორ განსაზღვრავთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ვიზუალის ეფექტურობას – რა მეტრიკებს იყენებთ ამისთვის?
თითქმის ყოველთვის გვიწევს დაგენერირებული გამოსახულების ჩასწორება, დეტალებზე მუშაობა, გამართვა. ჯერჯერობით ჩვენი დონის კომპანიის მასშტაბისთვის AI მზა მასალას ვერ გვაძლევს, მაგრამ მომავლის კონტურები მარტივად შესამჩნევია.
M: როგორ ხედავთ AI-ს მომავალს ვიზუალური ხელოვნების და კომერციული დიზაინის სფეროში?
ვიზუალური ხელოვნების რა გითხრათ, ხელოვნების არსის შესახებ ანტიკური ხანიდან მოყოლებული მიმდინარეობს ძიება, თუმცა, ჩემი აზრით, ხელოვნება მაინც ადამიანურ გარჯას დააფასებს. რაც შეეხება კომერციულ სფეროს, აქ საქმე სხვაგვარად წარმომიდგენია. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინის ინდუსტრიას ჯერ დიდად არ განუცდია ცვლილება, ეს მაინც გარდაუვალი მგონია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთ მშვენიერ დღეს AI-მ ე.წ. Key Visual-ის დაგენერირება ვერ შეძლოს.
[პარტნიორის კონტენტი]