in

პრობლემების ჭკვიანური გადაწყვეტები არატრადიციული მიდგომით – თემო თეთრაშვილის კონტენტ სტუდიო „სამსარა“

„სამსარაში“ მისული კლიენტი მიიღებს არა ვიდეო/ფოტო პროდუქტს, არამედ მის წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევის ჭკვიანურ გადაწყვეტას, რომელსაც ვიდეოს, ფოტოს ან ნებისმიერი სხვა social media content-ის სახე მიეცემა“.

სამსარა“ კონტენტ სტუდიოა, რომელიც სოციალური მედიის კონტენტის შექმნაზეა ორიენტირებული. კლასიკური ან თუნდაც, მცირე ფროდაქშენ კომპანიებისგან განსხვავებით, სტუდიოს სერვისი მთლიანად კონტენტზე მუშაობას მოიაზრებს – ჩანასახიდან დაწყებული – ფროდაქშენით დამთავრებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, „სამსარაში“ მისული კლიენტი მიიღებს არა ვიდეო/ფოტო პროდუქტს, არამედ მის წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევის ჭკვიანურ გადაწყვეტას, რომელსაც ვიდეოს, ფოტოს ან ნებისმიერი სხვა social media content-ის სახე მიეცემა.

„სამსარას“ ავტორი თემო თეთრაშვილია და მის გამოცდილებასა და კონტენტ სტუდიოს კონცეფციაზე დეტალებს სწორედ თემოსთან ინტერვიუს მეშვეობით გაგიზიარებთ:

M: თემო, შენი გამოცდილებით დავიწყოთ… „რედბერიდან“ წამოსვლის მიზეზი რა გახდა? ეს, უშუალოდ, კონტენტ სტუდიოს შექმნას უკავშირდება?
„რედბერიში“ 5 წლიანი მუშაობის შემდეგ დავინახე, რომ ჩემი უნარებიდან გამომდინარე, ბაზრისთვის ბევრად მეტის შეთავაზება შემეძლო. ამ ყოველივეს განხორციელებას სააგენტოს ფარგლებში ვერ შევძლებდი. მჭირდებოდა „ჩემი თამაშის წესების“ დამკვიდრება და ამის პირდაპირ საშუალებად კონტენტ სტუდიოს შექმნაში ვხედავდი. შესაბამისად, გადავწყვიტე, არსებული სარეკლამო ბაზრის კომფორტული გარემო დამეტოვებინა. რამე ალტერნატიული პოზიცია აღარც მიძებნია, პირდაპირ შევუდექი იმ საქმეს, რისიც ბოლომდე მჯერა.

ამ ბაზარზე მუშაობის პერიოდში ჩემთვის ყოველთვის არსებობდა  ძალიან ძლიერი და მომხიბვლელი იდეა, რომელიც ნებისმიერი ბრენდის  კომუნიკაციას მომხმარებელთან მეტად მოქნილს, ბუნებრივსა და საინტერესოს გახდიდა. ეს იდეა, განსაკუთრებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძლიერდა და საბოლოოდ, კონტენტ სტუდიო „სამსარას“ შექმნით დაგვირგვინდა.

M: რა არის კონტენტ სტუდიო… გვიამბე პროექტის კონცეფციაზე…
კონტენტ სტუდიო თავდაპირველი “code name” იყო, რომელიც ჯერ კიდევ „რედბერიში“ ყოფნის დროს გავაჟღერე. ამ ორ სიტყვაში მკაფიოდაა აღწერილი ის პროდუქტი და მუშაობის პრინციპი, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ბიზნესის კონცეფციისთვის კრიტიკულია.

პირველ რიგში, ყურადსაღებია სიტყვა „კონტენტი“ – ამ სიტყვის გამოყენება ძალიან მოხშირდა და შეიძლება, ზოგს რამე ძალიან სპეციფიკური და კონკრეტული ჰგონია. რეალურად, კონტენტია ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით და შემდეგ სინათლის შუქზე გამოგვაქვს. სოციალურ მედიებში ბიზნესის კომუნიკაციისთვის სიტყვა „კონტენტში“ შეგვიძლია, ყველა ის აქტივი მოვაქციოთ, რომელიც სარეკლამო დანიშნულებით იქმნება. სწორედ ეს იყო, არის და იქნება ჩემი სამუშაო პროდუქტის მთავარი ქვაკუთხედი – ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით, ბიზნესის იმ კონკრეტულ გამოწვევას ემსახურება, რაც წინასწარ ვიცით. ამისა და სხვა მდგენელების მიხედვით ვალაგებთ ჩვენს სამუშაო პროცესს და შედეგად მიზანმიმართულ კონტენტს ვიღებთ.

რაც შეეხება ამ სიტყვათა შეთანხმებაში მეორე ნაწილს, „სტუდიოს“ – ჩემს წარმოდგენაში აუცილებელი იყო კონტენტის კეთების უფრო მოქნილი, ბიუჯეტური და ეფექტური მეთოდები შეგვემუშავებინა, სწორედ სტუდიოს ტიპის გარემოში დავინახე ეს ყველაფერი და გადავწყვიტე, ასე დამებრენდა ახალი ტიპის სამუშაო გარემო.

ჩემთვის ,„რედბერიში“ მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იყო. გამიმართლა იმ პროექტებშიც, რომლებზეც ამ პერიოდის განმავლობაში გუნდთან ერთად ვიმუშავე.  საკუთარი სტუდიოს შექმნა ძალიან დიდი ნახტომია. მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც  მაინტერსებს და, ჩემი აზრით, ფროდაქშენის მომავალია.

M: სახელი „სამსარა“ რას ნიშნავს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი სწორედ მასზე?მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვას უკვე აქვს საკუთარი მნიშვნელობა და დანიშნულება, ჩემთვის ამ სახელს, უბრალოდ, ძალიან კარგი ჟღერადობა და ენერგეტიკა აქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ ფილმი „სამსარა“ ერთ-ერთი  საუკეთესო ნამუშევარია დოკუმენტურ კინოში. ესაა და ეს, არაფერი განსაკუთრებული.

M: რა პრობლემას ჭრით ბაზარზე ამ წამოწყებით?
ბაზარზე დღემდე არსებობს შემდეგი პრობლემა: როდესაც კომპანიას მომხმარებელთან კომუნიკაციაში პრობლემა ექმნება, როგორც წესი, გამომწვევი მიზეზები ბუნდოვანია.

სარეკლამო სააგენტოსთან  ურთიერთობის შემდეგ იწყება რამდენიმესაფეხურიანი პროცესი: მაგალითად, სტრატეგია, ბრენდის  სიღრმისეული შესწავლა, ბიზნესის მდგენელების გამოყვანა და სხვა.

ამ პროცესს ბრენდის სასიცოცხლო ციკლში საკუთარი ადგილი და დანიშნულება აქვს, ბაზარზე მისი პოზიციის, მასშტაბისა და სხვა გარემოპირობების გათვალისწინებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი კომპლექსურია და ხშირად დროში გაწელილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ურთიერთობა ხშირად მსუყე ბიუჯეტთანაც არის დაკავშირებული, რაც კომპანიების დიდი ნაწილისთვის ხშირად ფუფუნებაა და ისინი სხვადასხვა შორთქათით ცდილობენ, ამ კლასიკურ მოდელს თავი აარიდონ.

არის შემთხვევები, როდესაც ციფრულ პროდუქტს კონრეტულად ერთი ან ორი ადამიანი, ფრილანსერი ქმნის. თუმცა ამ შემთხვევაში არსბეობს რისკი, რომ შექმნილი კონტენტი ზედაპირული იქნება, ბიზნესგამოწვევებს არ უპასუხებს და მხოლოდ ფორმა და არა – შინაარსი ექნება.

ამ ეტაპზე სოციალურ მედიაში ყველაზე მარტივად ადაპტირდება ვიდეოკონტენტი, რაც ბრენდსა და მომხმარებელს შორის  კომუნიკაციას მეტად მარტივს ხდის.

პირადად მე ბევრჯერ მიმუშავია პროექტზე, რომელიც, ფაქტობრივად,  ნულიდან ქმნის ბრენდის ხასიათს, ზრუნავს მის განვითარებასა და ბაზარზე დამკვიდრებაზე.

შეიძლება, არსებობდეს ძალიან საინტერესო იდეა, მაგრამ ეს ცდებოდეს ბრენდის ჩარჩოებსა და მის ბიუჯეტს. ამიტომ, საჭიროა უფრო  ჭკვინური, smart-გადაწვეტილებები.

ჩვენი მიდგომა ასეთია: პრობლების გადაჭრა კონტენტთან ერთად იგეგმება (with content in mind) და სწორედ ამით განსხვავდება კონტენტ სტუდიო სააგენტოსგან. ჩვენ არ ვმუშაობთ კომპლექსურ ბიზნესსტრატეგიებსა- და მოდელებზე. თუ კლიენტის ბრიფიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე ჩვენ მივაგენით ამოხსნას და მას შევთავაზებთ დამკვეთს, ამ ამოხსნას ყოველთვის ექნება კონტენტის სახე და ჩვენი მხრიდან ეს ურთიერთობა იქნება 0-დან საბოლოო პროდუქტამდე გაწერილი, შესრულებული და მიწოდებული.

M:ინ იმუშავებს „კონტენტ სტუდიოში“? და მხოლოდ სივრცის დაქირავებაც შესაძლებელია, თუ აუცილებლად სერვისიც მოჰყვება კონტენტ სტუდიოსთან თანამშრომლობას?
„სამსარა“ სფეროში მომუშავე ადამიანებს აერთიანებს. ამ ეტაპზე ბირთვი შედგება რამდენიმე ადამიანისგან, რომელთაც სტუდიოს ძირითად მიმართულებებზე კომუნიკაცია აქვთ კომპანიებთან. პარალელურად, უკვე ჩავუშვით ჩვენი საპილოტე პროექტიც. ხოლო გუნდის დამატებითი წევრები, რომლებთანაც რეგულარულად ვთანამშრომლობთ, კონკრეტული პროექტების დროს გვიერთდებიან. თითოეული პროექტი უნიკალურია და ამიტომ, სამუშაო გუნდიც სწორედ ამის მიხედვით იქმნება.

„სამსარას“ სივრცე ძალიან მოქნილი და, რაც მთავარია, დიდი და სეგმენტირებადი გადასაღები მოედანია. შესაძლებელია პავილიონების ან მცირე დროებითი სტუდიოების გაკეთება. სივრცეში ძალიან ბევრი რბილი სინათლე და კომფორტული გარემოა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სტუდიოს ქირაობა, პრაქტიკულად, ნებისმიერი დანიშნულებით, რაშიც ორივე მხარე ინტერესს ვნახავთ.

M: რა ტიპის კომპანიებზე აკეთებთ სწორებას? განსაზღვრული გაქვთ მიმართულება, ვისთან ითანამშრომლებთ?
ჩვენთვის კომპანიების გამოკვეთილი ტიპი ან სპეციფიკა არ არსებობს. მთავარი მიმართულებაა – მოკლედ და ბიუჯეტურად გადაიჭრას კომპანიის კონკრეტული  პრობლემები. შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტის უნიკალურობისa და ბაზარზე სიახლიდან გამომდინარე, ჩვენც ცოტა ექსპერიმენტობის ფაზაში ვართ. ასე რომ, ჩვენი კარი ღიაა, პრაქტიკულად, ყველასთვის, ვისთვისაც შეიძლება, ჩვენი სივრცე სარგებელის მომტანი იყოს – დაწყებული ცალკეული ინდივიდებისგან, გაგრძელებული საშუალო და მცირე ბიზნესით და დამთავრებული დიდი კომპანიებით – კონტენტი ყველას თავისი დანიშნულებით სჭირდება.

M: რა არის თქვენი მიმდინარე გამოწვევები და როგორ წარმოგიდგენიათ „კონტენტ სტუდიოს“ შემდეგი ნაბიჯები?
ამ ეტაპზე სტუდიოსთვის მთავარი გამოწვევა ბაზარზე სრულიად ახალი კონცეფციის  დამკვიდრება და ამის მკაფიოდ დაფიქსირებაა. მე მჯერა, რომ თუ ბაზარს სათანადოდ გასაგებად მივაწოდეთ ის, რისი გაკეთება შეიძლება კონტენტ სტუდიოსთან ერთად, ძალიან ბევრი აიტაცებს ჩვენთან მუშაობის იდეას და სამომავლო გეგმებიც  სწორედ  ამის  ირგვლივ ერთიანდება. „სამსარას“ შემდეგი ნაბიჯები პროექტები იქნება – ყველაზე საინტერესო გამოცდილება და მთლიანი ძალების მოსინჯვა როგორც  ჩვენთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც  ახლა თანამშრომლობენ ან მომავალში გახდებიან ჩვენი პარტნიორები.

როგორ ვთქვათ “არა” მას შემდეგ, რაც თანხმობა უკვე განვაცხადეთ?

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს? – ინტერვიუ შალვა ამონაშვილთან