in

„ჩვენ ჩაგვანაცვლებს ადამიანი, რომელმაც იცის AI-ის გამოყენება“ — ინტერვიუ თემურ ჩიჩუასთან

2023 წლის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევაზე საუბრისას რთულია, გვერდი აუარო AI-სა და შიშებს, რომლებიც ადამიანური რესურსების ჩანაცვლებას უკავშირდება, თუმცა პროგრამული ინჟინერი თემურ ჩიჩუა გვეუბნება, რომ სწორედ ეს ყიდის ხელოვნურ ინტელექტს…

შიში, რომ AI ადამიანს ჩაანაცვლებს სამუშაო სფეროში ისეთივე რეალურია, როგორც თავის დროზე იყო ინდუსტრიული რევოლუციისას, რომ სამეწარმეო მიმართულებით ხელით მომუშავე ძალას რობოტები და ავტომატიზებული მანქანები ჩაანაცვლებდა. ეს გარდაუვალი იყო, მოხდა, მაგრამ ამან გამოიწვია სამუშაო ძალის მიმართულებების შეცვლა, ახალი პროფესიები გაჩნდა… სამყარო იცვლება, ძალიან სწრაფად ვვითარდებით, ერთადერთი გამოსავალი კი ადაპტირება და ამ ყველაფრის სწავლაა.

გვეგონა, რომ ვერ დახატავდა, თუმცა ესეც მოახერხა; გვეგონა, რომ ექიმებს ვერ ჩაანაცვლებდა, მაგრამ უკვე ამასაც იკვლევენ; ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი ჩვენსავე კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნდა, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ ამის დასწავლაც შეუძლია… ამ პროცესებს კი თემურ ჩიჩუასთან ერთად განვიხილავთ:

M: ყოველდღიურად არაერთი მეცნიერული თუ ტექნოლოგიური მიღწევის შესახებ ვიგებთ, თუმცა როგორ ფიქრობთ, 2023 წელს, რომელი იყო ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა?

ძალიან აქტიური წელი იყო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, უკვე შეგვიძლია სრულფასოვანი ვიზუალური, აუდიო და ტექსტური მასალების დაგენერირება. რომ დავიწყოთ ტექსტთან ურთიერთობით, ყველაზე პოპულარული და გარდამტეხი, ეს იყო ჩეტბოტები, რაც ახლა OpenAI-ის ChatGPT-ის სახით გვაქვს. რეალურად კი, ჩეტბოტების შემთხვევაში 3 მნიშვნელოვანი მომენტი გვქონდა — პირველი, როცა მარტივი Rule-based ჩეტბოტები შემოვიდა, მეორე AI-ზე დამოკიდებული ჩეტბოტები, როცა SIRI და Google Assistant გამოჩნდა, მაგრამ წელს ვნახეთ გენერაციული ChatGPT-ის საოცარი შესაძლებლობები. 

ზოგადად, ChatGPT გაწვრთნილია GPT-ზე (GPT Generative Pre-Trained Transformer). ეს არის მანქანური სწავლების მოდელი, რომელსაც ტექსტური მიმდევრობის დაგენერირება შეუძლია. ხოლო ChatGPT უშუალოდ კითხვებზე პასუხის დაბრუნების ამოცანაზე არის გაწვრთნილი. შემდგომში კი მულტიმოდალური გახდა, რაც GPT-4-მა განაპირობა. ამის შემდგომაც, თავდაპირველად ChatGPT-ს მხოლოდ ტექსტით მუშაობა შეეძლო, ახლა კი მასთან კომუნიკაცია ხმოვანი და ვიზუალური ფორმატითაც არის შესაძლებელი. გარდა ტექსტისა, მას შეუძლია ვიზუალური მასალის დაგენერირება, ინტეგრირებული Dall.e-ს მეშვეობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაკვირდებით ხელოვნური ინტელექტის დემოკრატიზაციის პროცესს. მეტამ გამოუშვა Llama, Opensource მოდელი, რომლითაც თითქმის GPT-4-ის დონეზე ასრულებს მიცემულ დავალებებს და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მკვლევარს, ბიზნესს, სრულიად უფასოდ შესთავაზა, რათა განავითაროს იგი კონკრეტული დომეინის ამოცანაზე. ამ კუთხით უკვე მედიცინის მიმართულებითაც გადატრენინგდა მოდელები, რომელთაც სამედიცინო ისტორიის ანალიზი შეუძლია… 

M: როგორ მივიდნენ მეცნიერები ამ ეტაპამდე?

ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც დავიწყეთ გამოთვლებზე საუბარი — თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეალური პროგრესი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. ჩემი განმარტებით:

ხელოვნური ინტელექტი არის პროგრამა, რომელსაც უნარი აქვს, წინა მონაცემებით ისწავლოს ინტელექტუალური ამოცანების შესრულება

შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის შედეგი არის იმდენად კარგი, რამდენად კარგი მონაცემებიც და დასწავლის ალგორითმიც გვაქვს. ამ ეტაპამდე მოსვლა გამოიწვია იმან, რომ, ჯერ გვქონდა მონაცემების ნაკლებობა, შემდგომ ინტერნეტმა მოიტანა მონაცემები. ამ მონაცემებაზე მუშაობამ განავითარა მონაცემთა მეცნიერება. პარალელურად განვითარდა ფიზიკურად კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელმაც დიდი რაოდენობის მონაცემების გადამუშავება შეძლო და საბოლოოდ მივიღეთ მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი, რომელიც ახლაც გრძელდება. ამ ყველაფერმა გამოიწვია დაინტერესება ხელოვნური ინტელექტის მიმართ, მივიღეთ ინვესტიციები და ფული, რის შედეგადაც ხელოვნური ინტელექტი ახლა, ალბათ, ყველაზე მეტად, სწრაფად და ეფექტურად ვითარდება.

M: რა შეგვიძლია ჩავთვალოთ ამ მიღწევის დადებით და უარყოფით მხარეებად?

ტექნოლოგიების წამოწევას ყოველთვის ახლავს მონეტის ორი მხარე, როცა კარგი და ცუდი ხდება. დადებითი მხარეებში შეგვიძლია მოვიაზროთ საოცრად ასწრაფებული პროდუქტიულობა და ეფექტურობა. ბევრი სხვადასხვა AI ხელსაწყო გაჩნდა, რომელიც რეალურად ბევრი ინტელექტის, ბევრი ადამიანის კოლაბორაციას უტოლდება… ასევე ზრდის კრეატიულობას, მე როგორც კოდის წერაში შემიძლია დავიხმარო, ისე ნებისმეირი კონტენტის შექმნისას შემიძლია დავიწყო მასთან კოლაბორაცია, იქნება ეს ხელოვნება, დიზაინები, ინჟინრული გადაწყვეტილება თუ სხვა რამ. ChatGPT უამრავ მონაცემზეა გაწვრთნილი და ადამიანზე მეტ ცოდნას ფლობს, ასე შესაძლებელია ბრეინშტორმინგი, მონაცემების კონტექსტით რაღაც ახალი იდეების გენერირება. ამგვარად, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც გამარტივებულია, მართალია, გვეუბნება, რომ ბოლომდე არ ვენდოთ, მაგრამ გვაძლევს საწყის მიმართულებას, ინფორმაციას იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს.

ეს კოლაბორაციას ჰგავს ადამიანებთან, ადამიანების გარეშე. შესაბამისად, ადამიანები გაქრნენ ამ ჯაჭვიდან, ანუ AI-ის გამოყენებით მოხდა ავტომატიზაცია იმ რესურსის, რასაც აქამდე ადამიანი სჭირდებოდა — ადამიანები კარგავენ სამსახურს ან მცირდება მათზე მოთხოვნა კონკრეტულ მიმართულებებში. ეს, ერთი მხრივ, აიძულებს მათ, გადახედონ თავიანთ უნარებს და, მეორე მხრივ, რაღაც ახალს დაეუფლონ. სინამდვილეში ამ ეტაპზე მომხიბვლელი ხდება ის პროფესიები და ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ AI-სთან კოლაბორაცია, რომ თუნდაც მეტად პროდუქტიულები გახდნენ. მეორე სერიოზული პრობლემა მიკერძოებებია, რაც ეთიკურ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ეს ადამიანის პრობლემაც არის — ხშირად AI-ზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს ადამიანებს ჰოლოკოსტი არ მოგვიწყვია და მონები არ გვყოლია…

სამწუხაროდ, როგორი ცუდებიც ვართ ჩვენ, ისეთი ცუდი მონაცემები იქმნება ჩვენგან, ისეთი ცუდი ხდება მოდელი, რომელსაც ჩვენ ვქმნით

მაგალითისთვის, ამას HR-ში რასისტულ შედეგებამდე მივყავართ… სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მგონია, რომ მონაცემებში უფრო მარტივად გავუმკლავდებით, ვიდრე ადამიანებში.

M: არის თუ არა შემოქმედებითი ნიჭი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა?

ყველა თავს იტყუებს, ვინც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაგვანაცვლებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია. მანქანებს დღეს შეუძლია ყველაფრის სწავლა, ყველაფერი შეიძლება დაიყვანო კომპიუტერულ მოდელამდე, აქამდე შეიძლება რთულად აღიქვამდნენ ადამიანები, თუ როგორ შეიძლება სურათი გააციფრულო, მაგრამ დღეს ეს აღარავის უკვირს. ზუსტად ასე შეიძლება ცვლადებად და მდგენელებად დაშლა იმის, რასაც ჩვენ დღეს კრეატიულობას ვეძახით. 

ამიტომ შენ თქვი, რისი გაკეთება გინდა, მე წავალ, გუნდთან ერთად დავჯდები და ვისწავლი, როგორ ვასწავლო — თუ ადამიანს შემიძლია ვასწავლო, კომპიუტერსაც ვასწავლი, საჭიროა საკმარისი დრო და რესურსი. თუმცა ეს ცოტა უსამართლობად შეიძლება ჟღერდეს ადამიანისთვის, რომელიც 40 წელი რაღაც პროფესიაში ხელოვნდება, და ახლა ეუბნები, რომ ნაკლებად მოთხოვნადია, რადგან AI უფრო იაფად და სწრაფად აკეთებს იმავეს… რეალურად, ეს არც არის მოცემულობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოჰყვა. პირიქით, რჩევა იქნება მოდი, ერთი კვირა დაუთმე ამ ხელსაწყოს სწავლას და ნახე, რამდენად მარტივად გააკეთებ იმას, რაზეც, პირობითად, 40 წელი დიდ დროს ხარჯავდი. 

ყველაზე დიდი პრობლემა არის შიში, ადამიანის თანმდევი სისუსტე, შიში სიახლის და ცვლილებების… ეს ძირითადად უმეცრებითაა გამოწვეული, რაღაცა ცვლილება რომ ხდება ჩვენ უნდა ვისწავლოთ და გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ იგი ჩვენს ყოველდღიურობაში.

ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს არის არასწორი დებულება, ჩვენ ჩაგვანაცვლებს ადამიანი, რომელმაც იცის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. 

M: რას მოუტანს ეს კაცობრიობას?

ჩემი აზრით, უფრო ინკლუზიური სამყარო შეიქმნება სწავლების, ინფორმაციის მიღების, გაცვლის კუთხით, შემოქმედებითი პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება, უკვე გახდა კიდეც… ინდუსტრიები იცვლება, ჯანმრთელობის მიმართულებით რამხელა ცვლილებები გვაქვს, მხოლოდ ექიმის ნაწილის კუთხით კი არა, არამედ კვლევის კუთხითაც ფარმაცევტულ სფეროში, ფინანსებშიც ძალიან აქტიურად ვიყენებთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუნდაც იმისათვის, რომ ჩვენი ტრანზაქციები დაცული იყოს, ტრანსპორტირების ოპტიმიზაციისას და ა. შ. 

M: სიცოცხლე რობოტს უნდა ვანდოთ?

როგორც წესი, ყოველთვის მაღიზიანებს, როცა ადამიანები წინასწარმეტყველებებს აკეთებენ, მაგრამ ახლა მე მოვიქცევი ასე — როგორც კი დაიწერება ნაშრომი, ჩატარდება ექსპერიმენტები, რომლებიც გვეტყვის, რომ AI აკეთებს თუნდაც 1%-ით უფრო სწორ დასკვნებს დაავადებულზე, ექიმთან შედარებით, ეს შეიცვლება. როგორც კი დაიდო ქარხანა, რომელიც ადამიანზე კარგად აწარმოებდა მასობრივად პროდუქტს, მაშინვე ყველა მიხვდა, რომ, რასაკვირველია, ადამიანი არ არის ასეთი განმეორებითი პროცესებისთვის შექმნილი. ანალოგიურად ხდება აქაც, AI-ს არ შეიძლება გაექცეს გონება სხვა რამეზე. როცა თქვენს ისტორიას განიხილავს, ოჯახის პრობლემები არ აქვს, არ შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე იმ დღეს… მესმის, რომ ეს ყველაფერი ექიმებსაც არ უნდა ახასიათებდეთ, მაგრამ დღის ბოლოს ყველანი ადამიანები ვართ, ხელოვნური ინტელექტის გარდა… მე მჯერა, რომ ექიმები დაიწყებენ AI-ის გამოყენებას თავიანთ საქმიანობაში, რათა მეტად პროდუქტიულები გახდნენ.

M: მოაწერდით თუ არა AI-ის განვითარების შეწყვეტის წერილს ხელს, რომელსაც ილონ მასკიც კი ეთანხმებოდა?

ბევრი პრობლემაა ეთიკურობის, უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვის კუთხით. მთლიანობაში არ ვიყავით მზად, ილონ მასკიც აბსოლუტურად მართალი იყო ამ მხრივ… თუმცა მე არ მოვაწერდი ხელს, თუ არ იქნებოდა ჩემი პირადი ინტერესი, რომ ჰაიპი შემექმნა, რაც ამ წერილის პირდაპირი დანიშნულება იყო — ნებისმიერ მეცნიერს ესმის, რომ მეცნიერების ხელოვნურად შეჩერება შეუძლებელია, ნებისმიერი კვლევა, რომელსაც აკეთებ შენ, შეუძლია სხვა მეცნიერს სხვაგან გააკეთოს. არის რეგულირებადი და არარეგულირებადი ადგილები, სადაც იმავეს გააკეთებს ეს ადამიანი. ჩემი აზრით, აქ იდეალურად იყენებენ შიშს ხელოვნური ინტელექტის გასაყიდად და ეს მუშაობს, დაინტერესებას იწვევს, თუნდაც ჩნდება კითხვა: როგორ ჩამანაცვლებს ეს მოდელი? — ამ კითხვაზე პასუხი კი შემდეგია, რომ ვართ რაღაც მოცემულობის წინაშე, სადაც ტექნოლოგია განვითარდა, ცვლილებები ხდება და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა არის ჩვენი როლი და პოზიცია ამ ცვლილებების ეპოქაში.

M: რა რეკომენდაციებს მისცემდით AI-ის მომხმარებლებს?

გავეცნოთ ტექნოლოგიას, რომელსაც ვიყენებთ, წარმოდგენა შევიქმნათ, რასთან გვაქვს საქმე, რა არის ChatGPT, რამდენად სანდოა, როგორ გვაწვდის პასუხებს, რათა ვისწავლოთ ცდომილების აღმოჩენა. შემდგომში გავიაზროთ, რა რისკების ქვეშ ვართ და რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ეს ტექნოლოგია. მათ კი, ვისაც ეშინია, ვეტყოდი, რომ შეისწავლეთ, ცადეთ, გამოიყენოთ და იფიქრეთ თქვენი ცხოვრების კონტექსტში, იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც ახალი იდეა დაგებადოთ, კითხვა გაგიჩნდეთ, რაც სრულიად ახალ კომპანიამდე მიგიყვანთ…

დღეს ძალიან სწორი ფიქრი იქნებოდა, ყველა ადამიანმა რომ დასვას კითხვა — როგორ შემიძლია ჩემი ცხოვრება, ჩემი საქმიანობა, ჩემი დღე რაღაც ტექნოლოგიის გამოყენებით უკეთესი გავხადო? ეს კულტურულად უნდა შემოვიდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მერე როგორც ტექნოლოგიური, ისე კულტურული განვითარება შევძლოთ და მსოფლიოსაც დავეწიოთ…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

,,თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნა – ინვესტიციის მოცულობა 60 მილიონი ლარია

როგორ გადავლახოთ კარიერული ცვლილების ბარიერები