“Last Lonely Menopause” სახალისო და გულწრფელი ვიდეორგოლია, რომელიც დედა-შვილის ურთიერთობის ლინზიდან ასახავს მენოპაუზის დროს არსებულ პრობლემებს — მათ შორის იმას, თუ რამდენად რთულია ამაზე საუბარი. თუმცა სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ქალების 92% მზად არ არის ამისათვის და Tena-მ, AMV BBDO-სთან თანამშრომლობით, შესაბამისი კამპანიაც წამოიწყო.
„რადგანაც ეს ამდენად სტიგმატიზებული იყო, ადამიანებს უბრალოდ არ სურდათ ამაზე საუბარი და თითქოს რაღაც ჩარჩოებში მოექცნენ. ქალები მენოპაუზის სამყაროში სრულიად დაბრმავებულები მოდიან, მზაობის ნაკლებობას კი შოკისმომგვრელი შედეგები აქვს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“, — ამბობს ბეა ფარმელო, AMV BBDO-ს უფროსი სტრატეგი.
კვლევის ფარგლებში Tena-მ და AMV BBDO-მ დაადგინეს, რომ ათასობით ქალი ტოვებს სამსახურს კარიერული წარმატების პიკზე, რადგან კოლეგებისგან მხარდაჭერას არ გრძნობენ. ასევე, ბევრი მათგანი ქორწინებისა და ურთიერთობების რღვევას განიცდის. კომუნიკაციისა და გაგების ნაკლებობა თითოეული ამ პრობლემის მთავარი გამომწვევი ფაქტორია. „ამის ნაწილი განპირობებულია ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით, დამახინჯებებითა და ტაბუებით, რომლებიც მენოპაუზას უკავშირდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალებისთვის ძალიან რთული იყო დადებითი გამოცდილების მიღება“, — განმარტავს ფარმელო.
გარდა იმისა, რომ რეკლამამ აპრილიდან მოყოლებული დიდი მოწონება დაიმსახურა, მან 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო ბრიტანეთის მე-4 არხისგან. კამპანიამ სწავლის მრავალი შესაძლებლობა შექმნა, რათა საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში დახმარებოდა.
„ეს არის სიმართლის თქმა და ისტორიების მოყოლა, მაგრამ ბევრი თანაგრძნობითა და მყარი კვლევით. არ მგონია, რომ ბევრ ბრენდს შეუძლია ამ უზარმაზარი, ძალიან ემოციური, ხშირად პირადი და მტკივნეული თემების ასახვა“, — აღნიშნავს ავგუსტინ სერფი, AMV BBDO-ს გუნდის წევრი.