“არ მახსოვს ასაკი, როცა არ ვხატავდი” – ამბობს მხატვარი თენგიზ ჭოლოკავა. როგორც მხატვრების უმეტესობამ, ხატვა ბავშვობიდან დაიწყო და თანდათან, სრულიად ბუნებრივად მისი ცხოვრების “წესად იქცა”. ეს არის მხატვარი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი ახასიათებს, თავისი ხატვის მანერითა თუ ხედვით.
ახლახან საზოგადოებამ Gallery 9-ში მისი კიდევ ერთი გამოფენა “ფერადი სამყარო” იხილა, რომელშიც დაბალანსებული და განეიტრალებულია ფერადოვნება.
M: როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში თეთრ და მონაცრისფრო პალიტრას ანიჭებთ უპირატესობას. რატომ და როგორ შეცვალა ჭარბი ფერადოვნება ამ “სისადავემ”?
იყო დრო, როდესაც ძალიან ჭარბად ვიყენებდი ფერებს და გოეთეს ფერთა თეორიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, როგორც ჩანს, ერთ დღესაც ამან დამღალა – ძირითადი ადგილი თეთრმა და ნაცრისფერმა დაიკავა. გარდა იმისა, რომ თეთრი სისუფთავესა თუ უბრალოებასთან ასოცირდება, განსაკუთრებული ყურადღება მარმარილოსებრივი ეფექტის შექმნამ მიიქცია. ზოგადად, ყოველთვის მაინტერესებდა ქანდაკებაზე მუშაობა და ახლა ამ გზით ვცადე, ფერწერაში ქანდაკების ილუზია შემექმნა.
M: ამ მიდგომასთან კონტრასტში, რას უკავშირდება გამოფენის სახელწოდება – “ფერადი სამყარო”?
ეს ფერზე მეტად, უშუალოდ ნამუშევრების მრავალფეროვნებას უკავშირდება – აქ წარმოდგენილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი სურათები. მსურდა, მეჩვენებინა, რა შემიძლია სრულად – დაწყებული ძველით, დასრულებული უახლესი ნამუშევრებით. სამომავლოდ კი, ალბათ, ერთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ სურათებს გამოვფენ.
შეგვიძლია, თენგიზ ჭოლოკავას იმპრესიონისტების “ტრადიციის” გამგრძელებელიც კი ვუწოდოთ – ამ მხრივ მისი ბუნების წიაღში მუშაობის სურვილი იგულისხმება. “არ მიყვარს ქალაქში ცხოვრება, მოღვაწეობა… ძირითადად ქალაქგარეთ ვმუშაობ, ისევე, როგორც მაგალითად, კლოდ მონე” – ამბობს მხატვარი.
M: გარდა ბუნებისა, რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?
ისე არ არის, რომ “აი, მუზა მოვიდა და ახლა ეს უნდა დავხატო”… არა, უბრალოდ მუშაობის პროცესში იკვეთება, რას შევქმნი – ასე ვთქვათ, შრომაზე ორიენტირებული მხატვარი ვარ. ეს ფიქრისა და გრძნობების ერთობლიობით წარმოებული პროცესია.
M: რადგან გრძნობები და ფიქრი ახსენეთ – გრძნობებზე ორიენტირებული ხართ, თუ – გონებაზე?
გრძნობებზე, თუმცა, “რეტრო მანქანების სერიაში” გონებას მივანიჭე უპირატესობა. ერთხელ მითხრეს, “ამას რა უნდა, მეც დავხატავ” და გადავწყვიტე, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდგომ სხვებისთვის დამემტკიცებინა, რომ ჰიპერრეალისტური ნამუშევრის შექმნაც შემიძლია, რომელზეც ასე უბრალოდ ვერ იტყვიან, თუ რამდენად ადვილია ამის დახატვა…
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თენგიზ ჭოლოკავას ქალაქგარეთ, განმარტოებით უყვარს მუშაობა. თუმცა მის შემოქმედებით ცხოვრებაში მოიძებნება ისეთი პერიოდიც, როდესაც არა სხვებისგან შორს, არამედ ძველ თბილისში – ხალხმრავალ ქაოსში ხატავდა. “ადგილზე ვასრულებდი ნამუშევრებს და ტურისტები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ ვიყავი, დიდი სიხარულით ყიდულობდნენ ჩემს ნახატებს. მათ არ აინტერესებდათ, რამდენად სახელგანთქმული ვარ – მთავარი იყო ის სუფთა დამოკიდებულება და ემოცია, რომელიც უშუალოდ ნამუშევრის მიმართ უჩნდებოდათ” – აღნიშნავს მხატვარი.
საგულისხმოა, რომ თენგიზი ახალ სახელოსნოს ახალ კუმისში აშენებს, იქ, სადაც საკუთარი სამყაროს სრული იდილიის შექმნას შეძლებს… თანაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, ხელოვნება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან უნდა იყოს, რათა ადამიანებმა უფრო ახლო კავშირი დაამყარონ მასთან.
ავტორი ქეთია ბელქანია