15
Oct
2019

თეო ლეჟავა – #პირველისამსახური

15 Oct 2019

პირველი სამსახური, სადაც „ხელფასს“ ვიღებდი, 11 წლის ასაკში დავიწყე, რადიოში იყო ასეთი გადაცემა „წიგნების აუქციონი“, სადაც პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ ოჯახიდან გასაყიდ წიგნებს, ან იმას, ვინმე რამეს თუ ეძებდა. სწორედ ამ გადაცემაში, რამდენიმე წუთი მქონდა დათმობილი და ვიქტორინა მიმყავდა. ჩემი ხელფასი წიგნი იყო, თუ ჩემ მიერ დასმულ კითხვას ვერავინ გამოიცნობდა, წიგნი ჩემი იყო, ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება უცნაური ამბავი ამომექექა რომელიმე წიგნში. ცოტა მოგვიანებით, საღამოები მიმყავდა ცნობილ ადამიანებთან ერთად. მოკლედ, ჩემი ასაკისთვის მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემთვის ძალიან უცნაურ სფეროში მოვხვდი. ჩემმა მეგობარმა დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ საერთაშორისო ბანკში, სადაც ახალი ფილიალი იხსნებოდა და დირექტორისთვის ჩემი თავი შორიდან გაუცვნია. დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. მაშინ 19 წლის ვიყავი. სასაცილო ის იყო, რომ მივედი გასაუბრებაზე და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ მკითხეს ზუსტი დრო, როდის შევძლებდი მუშაობის დაწყებას, მივხვდი – მოვეწონე და გასაუბრების ბოლოს ვუთხარი: „იცით რა, ვფიქრობ, არ მინდა აქ მუშაობის დაწყება-მეთქი“. თან ისე გულწრფელად ავუხსენი ყველაფერი, ღიმილით გამომიშვეს და რამდენიმე თვეში დამირეკეს, ხომ არ გადაიფიქრეო, დავთანხმდი. ძალიან სასაცილო იყო, ახლა ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ. ამ ქეისს, მოგვიანებით, ტრენინგებზე ხშირად სიცილით ყვებოდნენ.

სირთულე ის იყო, რომ სულ სხვა რეჟიმს ვიყავი მიჩვეული და წესები და სტანდატები ჩემთვის უცხო იყო. სანამ ახალი ფილიალი გაიხსნებოდა, ქოლ-ცენტრში ვიჯექი, რომ ყველა დეტალი კარგად გამეაზრებინა. უამრავ ზარს ვპასუხობდი. ძალიან კარგი გუნდი იყო და ადვილად შევეჩვიე რეჟიმს. თუმცა, ყოველთვის უფრო არასტანდარტული ინიციატივებით და იდეებით გამოვირჩეოდი, ამიტომ კლიენტთა მოზიდვების, აქციებისა და აქტივობების მიმართულება დამიმატეს. ძალიან საინტერესო იყო, შემოქმედებით თავისუფლებას მაძლევდა ჩემი დირექტორი. სულ სხვადასხვა სახის აქტივობებს ვატარებდით მეზობლებთან, ორგანიზაციებთან, ბავშვებთან… საუკეთესო ფილიალი ვიყავით ყველა მაჩვენებლით. სულ მალე, მარკეტინგის განყოფილებაში გადამიყვანეს და ყველა ფილიალის აქტივობების კოორდინატორი გავხდი. ასე დაიწყო ჩემი და ბანკის ურთიერთობა, 15 წლის წინ.

თეო ლეჟავა – თიბისი ლიზინგის ბრენდისა და ადამიანებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

განხილვა