commschool-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – თეო ზანგურაშვილი ბოლო წლებში ტექნოლოგიურ და სტარტაპ პროექტებში იყო ჩართული, ახლა კი საგანმანათლებლო პლატფორმას უხელმძღვანელებს. თეოს გამოცდილება საგანმანათლებლო და სტარტაპ ეკოსისტემას უკავშირდება. ჯერ კიდევ პირველ კურსზე, მან და მისმა კურსელებმა შექმნეს პირველი სტარტაპი. მოგვიანებით, შეუერთდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Noxtton-ს, სადაც სტაჟიორიდან და კომპანიის პარტნიორობამდე მივიდა. შემდეგ, დააფუძნა ProdAct Community – პლატფორმა, რომელიც ციფრული პროდუქტების მენეჯერებს აერთიანებს. მოგვიანებით, ციფრული პროდუქტების ლექტორობის პარალელურად, სამშენებლო და სარემონტო მასალების სტარტაპ BUILDY-ის ხელმძღვანელი გახდა. ამიერიდან კი, commschool-ისა და მისი სტუდენტების განვითარებაზე იზრუნებს. მისი თვალსაზრისით, განათლება იცვლება და კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. ის გეგმავს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებულობის შენარჩუნებით, განათლების ჭრილში ბევრი სიახლე დანერგოს და ეს ხედვა საქართველოს ფარგლებსაც სცდება. დეტალებზე თეო ზანგურაშვილი გვესაუბრა.
M: სტარტაპიდან ისევ განათლებაში – რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?
ბოლო წლები აქტიურად ჩართული ვიყავი ტექნოლოგიურ და სტარტაპ პროექტებში. სტარტაპში ყოფნა სწრაფად გზრდის – ყოველდღე სწავლობ როგორ გაუმკლავდე გამოწვევებს, როგორ გააციფრულო ერთი შეხედვით ყველაზე კომპლექსური პროცესები და შეუპოვრად იარო შენს მიზანსაც რომ მიაღწიო.
დღეს ვფიქრობ, დრო დადგა ეს დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა კიდევ უფრო დიდი იდეის შენებასა და ზრდას მოვახმარო. ამის შესაძლებლობას კი სწორედ განათლების სფერო იძლევა, მითუმეტეს მაშინ, როცა ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლის ჩვენს სურვილებსა და საჭიროებებს.
M: განათლების სფეროსთან აქამდეც გქონია შეხება – რით არის მნიშვნელოვანი შენთვის ეს სფერო და ის როლი, რაც ახლა ჩაიბარე commschool-ში?
ეს სფერო ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს დადებითი გავლენა მოვიტანოთ როგორც ინდივიდების, ისე მთლიანი ეკოსისტემის განვითარებასა და ზრდაში. ეს ერთი მხრივ ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და ინსპირაციაა, მეორე მხრივ კი – პასუხისმგებლობა. ვუხელმძღვანელო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც წლებია ქმნის მაღალი ხარისხის პროგრამებს და ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.
M: გვიამბე თავად როლზე, რაც commschool-ში გაქვს – როგორია შენი გეგმები და მოლოდინები ახალ პოზიციაზე?
ჩემი პირველი მიზანი, რა თქმა უნდა, commschool-ის კიდევ უფრო ზრდა და განვითარებაა იმ ძლიერ საფუძველზე, რაც წლების მანძილზე შეიქმნა.
ტექნოლოგიური პროდუქტების დახმარებით გვინდა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესები და შევქმნათ ისეთი ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, რომლებიც გლობალურ კონკურენციაში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.











