ჩემი პროფესიული მოგზაურობა, 2019 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Noxtton-ში მივედი სტაჟიორად. ეს ნაბიჯი ჩემი კარიერის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა – დროთა განმავლობაში 6 სხვადასხვა პოზიცია გავიარე და უამრავი გამოცდილება შევიძინე. კომპანიაში ჩემი მოსვლა ემთხვეოდა ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის დასაწყისს – Gulf-ის Self-service & ERP სისტემას. თავდაპირველად, ჩემი როლი პროცესების კოორდინირება და კომუნიკაციის უზრუნველყოფა იყო დამკვეთსა და დეველოპერებს შორის.
პროექტი საკმაოდ კომპლექსური და ტექნიკურად მოთხოვნადი გამოდგა. ყოველდღე ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი და ჩემი მენტორებისგან ვსწავლობდი. მათი დამსახურებით მქონდა თავისუფლება ექსპერიმენტების, შეცდომებისა და სწავლისთვის.
დღესაც მკაფიოდ მახსოვს პირველი შეხვედრა დამკვეთთან. ინდუსტრია, რომლისთვისაც პროდუქტს ვქმნიდით, ჩემთვის სრულიად უცხო იყო. ამიტომ ყველა შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდი – ვინახავდი ბევრ ჩანაწერს და წინასწარ ვიკვლევდი ყველა საჭირო ინფორმაციას.
თანდათანობით, სულ უფრო მეტად ჩავერთე ტექნიკურ საკითხებში და სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი მისწრაფება – ციფრული პროდუქტების მენეჯმენტი. გუნდთან ერთად ვმუშაობდი მრავალფეროვან პროექტებზე სხვადასხვა ინდუსტრიაში.
პარალელურად, ვსწავლობდი BTU-ს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. თეორიისა და პრაქტიკის ეს იდეალური ბალანსი ჩემი სწრაფი განვითარების საწინდარი გახდა – ლექციაზე ნასწავლს მეორე დღესვე ვიყენებდი პრაქტიკაში, ხოლო სამსახურში მიღებული ცოდნა ხშირად სალექციო მასალებშიც მხვდებოდა.
აღმოვაჩინე, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების კვეთა – სფერო, სადაც როგორც ტექნიკური ცოდნა, ისე სტრატეგიული აზროვნებაა საჭირო – ჩემთვის იდეალური იყო.
„ოფიციალურ“ სამსახურამდე, უნივერსიტეტის პერიოდში, რამდენიმე სტარტაპზე ვმუშაობდი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს შემდგომ განვითარებას.
პირველმა სამსახურმა გარდამტეხი გავლენა იქონია ჩემზე როგორც პროფესიონალურად, ისე პიროვნულად. მიღებულმა გამოცდილებამ უფრო გამბედავი გამხადა, რამაც საბოლოოდ ისევ სტარტაპების სამყაროში დამაბრუნა – ამჯერად სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველ აპლიკაციასთან, Buildy-ისთან. აქ გაერთიანდა ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებული სტარტაპებით გატაცება და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტის სიყვარული.
თეო ზანგურაშვილი – Buildy-ის აღმასრულებელი დირექტორი, BTU-ს მოწვეული ლექტორი და ProdAct Community-ის თანადამფუძნებელი.












