in

„ჩემთვის, შეცდომებზე სწავლა განვითარების ყველაზე სწრაფი მეთოდია“ – თეო ზანგურაშვილის სტარტაპ-გამოცდილება

შეცდომების დაშვება და მათზე სწავლა – ეს არის გზა, რომელიც ყველა წარმატებულ მეწარმეს გაუვლია. სწორედ ამ გზაზე მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პირველი წარუმატებელი მცდელობები ხშირად ხდება საფუძველი მომავალი მიღწევებისთვის. ასე მოხდა ერთი ახალგაზრდა ანტრეპრენერის შემთხვევაშიც, რომელმაც უნივერსიტეტის პირველი კურსიდანვე დაიწყო სტარტაპების შექმნა. მისი გზა დაიწყო ინტუიციური გადაწყვეტილებებით, როდესაც ბოლომდე არც კი ჰქონდა გააზრებული რას აკეთებდა, მაგრამ სწორედ ამ პროცესმა და დაშვებულმა შეცდომებმა დაანახა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გუნდის სწორად შერჩევას, დროის მართვას და რაც მთავარია – საკუთარი გამოცდილების გააზრებას. დღეს, ის სამშენებლო აპლიკაციის სტარტაპის ხელმძღვანელია და თვლის, რომ სწორედ წარსული გამოცდილება ეხმარება ახალი გამოწვევების გადალახვაში.

M: პირველ რიგში, გაგვეცანი – რას საქმიანობ დღეს და როგორია შენი გამოცდილება? 

ჩემი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიური პროდუქტების 0-იდან შექმნა და ამით როგორც ინდუსტრიების გაციფრულება, ასევე მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივება – ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, რადგან ყოველდღე გამოწვევების გადაჭრის ახლებული, ინდივიდუალური და ინოვაციური გზის მოფიქრება გიწევს.

დღეს, ვარ რეგიონში პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების აპლიკაციის, სტარტაპ BUILDY-ის აღმასრულებელი დირექტორი (სამშენებლო ტექ მიმართულებით). სტარტაპის მისიაა სამშენებელო სფეროს გაციფრულება და მომხმარებლისთვის რემონტის პროცესის გამარტივება.

ჩემი ძირითადი პროფესია ციფრული პროდუქტების მენეჯმენტია. ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა დავიწყე 2017 წელს, BTU-ში, სადაც ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის  მიმართულებით ვსწავლობდი და პარალელურად, რამდენიმე სტარტაპზე ვმუშაობდი 

მესამე კურსზე, შევუერთდი საერთაშორისო ტექნლოგიურ კომპანია Noxtton-ს, სადაც სტაჟიორად დავიწყე მუშაობა და კომპანიის პარტნიორობამდე 6 პოზიცია შევიცვალე, Noxtton-ში  გუნდთან ერთად, 0-დან ვქმნიდი ციფრულ პროდუქტებს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც არის: Gulf, m2, Cityzen, Motif, Zedazeni და ა.შ. 2022 წლიდან, ვარ ProdAct Community-ის დამფუძნებელი, რომელიც ციფრული პროდუქტების მენეჯერებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს, სადაც ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. 2023 წელს, დავბრუნდი ჩემს უნივერიტეტში, BTU-ში ციფრული პროდუქტების კურსის ლექტორად და მენტორის როლში შევუერთდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.

M: სანამ დღევანდელ საქმიანობამდე მოხვიდოდი საკუთარი სტარტაპის არაერთი მცდელობა გქონდა – როგორი იყო ეს გამოცდილება?

სტარტაპ ეკოსისტემასთან ჩემი პირველი ინტერაქცია უნივერსიტეტს უკავშირდება. პირველ კურსზე, როცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ ვიყავი რა მიმართულებით მინდოდა კარიერის გაგრძელება, მაქსიმალურად ყველა აქტივობაში, ჰაკათონებში და სხადასხვა კლუბებში ვერთვებოდი. ერთ-ერთ ასეთ კლუბ „მედია ლაბორატორიაში“, ჩემს კურსელებთან ერთად, შეიქმნა ჩემი პირველი სტარტაპი, იმ პერიოდში ბოლომდე გააზრებული არ მქონდა რას ვაკეთებდით, ინტუიტურად მივყვებოდი პროცესს. მაგალითად, არ ვიცოდი UI/UX დიზაინი, მაგრამ დახატული მქონდა ვებგვერდის სრული დიზაინი და დროის გასვლასთან ერთად, როცა პროფესიუნალურად ვისწავლე ეს მიმართულებები, გავიაზრე, რომ პრაქტიკაში უკვე გამოცდილი მქონდა ეს ყველაფერი.

მიუხედავად დიდი მონდომებისა და MVP-ის შექმნისა, გუნდის ყველა წევრს განსხვავებული მიზნები და ხედვები გვქონდა. ამიტომ საბოლოოდ აღარ გავაგრძელეთ ჩვენს იდეაზე მუშაობა, მაგრამ დაგროვებული, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგვრჩა.

ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი მცდელობა, ამჯერად მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონში გამარჯვების შემდეგ დაბადებული იდეის სტარტაპად ქცევის, მე და ჩემმა თანადამფუძნებელმა, სტარტაპის ლოგო, სახელი, პროდუქტის მონახაზი – ყველაფერი 0-დან შევქმენით და რაც უფრო მეტად ვცდილობდით წინ წასვლას, ჩვენგან კიდევ უფრო მეტი ჩართულობა და დროითი რესურსი იყო საჭირო, ამ დროს უკვე მეორე კურსზე ვიყავით და  პარალელურად არაერთი გამოცდისთვის გვიწევდა მომზადება, ყველაფერთან პარალელურად გამკლავება რთული აღმოჩნდა, ამიტომ საბოლოოდ ჩვენი გამოცდები და ლექციები დავაპრიორიტეტეთ. 

M: შენთვის, რა იყო ის შეცდომები, რაც ამ საქმიანობებიდან დაგამახსოვრდა?

ამ გამოცდილებებმა კარგად დამანახა გუნდის როლი და მნიშვნელობა, რაც არ უნდა მაგარი იდეა გქონდეს, თუ გუნდის წევრებს საერთო მიზნები,  ხედვები და თანაბრად დიდი მოტივაცია არ აქვთ, ძალიან რთული არის რომ წარმატებულ შედეგამდე მიხვიდეთ, ასევე როცა ახალი საქმის კეთებას იწყებ, სწორი დროის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია, თუ რაღაც არ გამოვიდა უნდა გვახსოვდეს რომ ყველა მცდელობა მნიშვნელოვან გამოცდილებას გვიტოვებს.

M: რა უნარები და ხედვა დაგეხმარა, რომ ეს გამოცდილება შემდგომში გონივრულად გამოგეყენებინა და აქედან რაღაც ნამდვილად გესწავლა?

გამოცდილებების გააზრების დროს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ობიექტურობის შენარჩუნება, ზოგჯერ როცა რაღაც არ გამოგვდის ან ისე არ მიდის როგორც გვინდა, ძალიან მარტივი არის რომ ყველაფერი გარე ფაქტორებს დავაბრალოთ და საკუთარი შეცომები თითქოს „ვერ“ დავინახოთ, ეს პირველ რიგში სწავლის და განვითარების პროცესს ბლოკავს, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ამ ყველაფრის გაანალიზება და მნიშვნელოვანია რომ არც პესიმიზმში  გადაგვეზარდოს, რაც გაგვაჩერებს. უნდა ვიყოთ ობიექტურები და ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება, რომ აუცილებლად კიდევ ვცადოთ, სხვა მეთოდებით, მიდგომებით და ღია ვიყოთ ახალი და უცხო გამოცდილებებისთვის.

M: იყო ისეთი შეცდომები, რომლებსაც დღეს, გამოცდილების ფონზე, სხვანაირად მიუდგებოდი?

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ მიუხედავად გამოცდილებისა, მაინც არაფერს შევცვლი იმ დროინდელ გადაწყვეტილებებში, პირველ რიგში იმიტომ, რომ მომწონდა და სწავლის პროცესში ვიყავი. ის დაშვებული შეცომებიც ამ ყველაფრის ნაწილი არის და ჩემთვის ასეთი დასამახსოვრებელიც არ იქნებოდა ყველაფერი იდეალურად რომ წასულიყო, ალბათ უფრო ნაკლებსაც ვისწავლიდი ამ შემთხვევაში.

M: შენი გამოცდილებით, რა მნიშვნელობა აქვს შეცდომების გააზრებასა და მათგან გაკვეთილების მიღებას?

ვთვლი, რომ შეცდომებზე სწავლა, განვითარების ყველაზე სწრაფი მეთოდია, რადგან რაც უნდა ბევრი ვიკითხოთ, ვიმეცადინოთ და მოვუსმინოთ, საბოლოოდ ყველაზე მეტს მაინც ჩვენივე გამოცდილებებიდან ვსწავლობთ, ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ მათ სწორად გააზარებას დროს დავუთმოთ და ფიქრისთვის დროის გამოყოფა არ დაგვეზაროს. 

M: გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის მთავარი რჩევა, რასაც დამწყებ სტარტაპერებს მისცემდი?

არ მოითხოვოთ თავიდანვე ყველა კითხვაზე პასუხის ქონა. ზოგჯერ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რომ ერთი შეხედვით გადაუჭრელი გამოწვევების მოგვარების გზები იპოვოთ. ნუ დანებდებით პირველივე დაბრკოლებაზე.

ეტაპობრივად შეისწავლეთ ის ინდუსტრია, რომლის ტრანსფორმაციასაც ცდილობთ. შეაგროვეთ მაქსიმალური ინფორმაცია და ყოველდღიურად ადევნეთ თვალი სიახლეებს – ტექნოლოგიების სფეროში ერთ დღეშიც კი შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

გახსოვდეთ, გრძელვადიანი პარტნიორების გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებთანაც საერთო ხედვა და მიზანი გაკავშირებთ.

პირადად ესაუბრეთ თქვენს მომხმარებელს, განსაკუთრებით დასაწყისში. ერთი უკმაყოფილო მომხმარებლის უკუკავშირმაც კი შეიძლება სრულიად სხვა კუთხით დაგანახოთ პრობლემა და შეცვალოს თქვენი პროდუქტის განვითარების ხედვა.

დაბოლოს, გახსოვდეთ – წარმატებული და წარუმატებელი ეპიზოდები მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს. სტარტაპში არც ერთი მათგანი არ არის მუდმივი.

კრიპტალზე BEP-20-ის ქსელში სტაბილური ქოინების – USDT & USDC გატანა და გადარიცხვა უფასოა!

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის – რას ისწავლი STEM სკოლაში?