in

„გულწრფელობა, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ხელოვანისთვის“ – თეონა კოხოძე

„დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როგორც არტისტს, კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, თუმცა ძებნის პროცესი დაუსრულებელია“, – ამბობს თეონა კოხოძე.

მისთვის ეს ძიება და გაურკვევლობა, თუ სად იქნება ხვალ როგორც არტისტი, უფრო საინტერესო და ამაღელვებელია. პირველად, დაახლოებით, 7 წლის წინ ვისაუბრეთ. მას შემდეგ თავადაც შეიცვალა, მისი ნამუშევრებიც. პრინციპში, ეს გარდაუვალიცაა, როცა ადამიანი მუდმივ ძიებაშია და სიახლეების არ ეშინია. არც შთაგონება აკლია, რადგან ის ყველგანაა.

თუ ხელოვანს ფიქრის უნარი აქვს, ის შთაგონებას ყველაფერში ხედავს-თეონა კოხოძე.

ჩვენი ბოლო საუბრიდან 7 წელი გასულა . . . რას საქმიანობდით ამ ხნის განმავლობაში? 

თეონა კოხოძე: ზუსტად 7 წლის წინ მიმიწვიეს არტ რეზიდენციაში, ლაიფციგში. დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა არტისტებთან ერთ სივრცეში, განვახორციელეთ არაერთი ჯგუფური გამოფენა. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიაში დავრჩენილიყავი და აქ გამეგრძელებინა ჩემი კარიერა.

იმ დროს ინტენსიურად ვმუშაობდი ფერწერაში და დაინტერესებული ვიყავი რკინიგზის სადგურით, მისი დინამიკით,  ფორმით,  ფერით,  ექსპრესიით. როდესაც მთლიანი სერია შევკარი, გამოფენილი ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობდი ამ პროექტით, ბოლოს კი პერსონალური ექსპოზიციით დასრულდა, ბერლინში.

რკინიგზის სადგურების სერია
რკინიგზის სადგურების სერია

რატომ რკინიგზის სადგურები?  იქნებ, ამ სერიაზეც უფრო დეტალურად გვიამბოთ . . . 

რკინიგზის სადგურით, დაახლოებით, მეორე კურსზე დავინტერესდი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი.

დინამიკა, რიტმი, ემოცია და განწყობა მისი განსაკუთრებული მახასიათებლებია. ამით რკინიგზა ჩემს ხასიათს ძალიან ჰგავდა. ამიტომ, ეს პროექტი ჩემთვის პირადულია და ძალიან ახლოსაა. შეიძლება ითქვას, ნამუშევრები ავტოპორტრეტის იმიტაციაა. სადგურიდან სადგურში, ერთი გაჩერებიდან მეორეში, დავდიოდი და ჩანახატებს ვაკეთებდი, ვუსმენდი, ვეძებდი, ვეძებდი ფერს, ფორმას და კომპოზიციას.

გერმანიაში რომ ჩამოვედი, ლაიფციგის სადგურში წავედი. გერმანულმა ჩქაროსნულმა მატარებლებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, პირველად რომ ლაიფციგის მთავარ სადგურზე წავედი, მახსოვს ძალიან ციოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა მიღებული ემოცია ფურცელზე გადმომეტანა საღამომდე დავრჩი, გულმოდგინედ ვაკვირდებოდი მიმავალ მატარებლებს და ვფიქრობდი რამდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ექსპრესიის განცდის საშუალება მქონდა.

რკინიგზის სადგური წვიმაში/რკინიგზის სადგურების სერია

ლაიფციგის შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები? 

მაქსიმალისტი ვარ და თუ კი რაიმეს ვიწყებ,  მინდა რომ ბოლომდე შევისწავლო ესა თუ ის საკითხი.

სწავლა გავაგრძელე მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებით. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში თავისუფალი სტუდიოს სისტემაა, რაც ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო, მყავდა არაჩვეულებრივი პროფესორი და ორი წელი დავრჩი მიუნხენში.

ეს ის პერიოდია, როდესაც სხვადასხვა მასალებში ვმუშაობდი და მათ შორის გრაფიკულ დიზაინში, იმდენად გამიტაცა ამ სფერომ, რომ გადავწყვიტე, საფუძვლიანად შემესწავლა და გადმოვედი ბერლინში, კომუნიკაციის დიზაინის სასწავლებლად.

დღეს რას საქმიანობთ? 

ამჟამად ჩემი რუტინა მთლიანად ვიზუალურ კომუნიკაციაში განვითარებით არის მოცული. გარდა სწავლისა, ვმუშაობ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტებზე, ასევე სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე ინტერნშიფი გრაფიკულ დიზაინერად ერთ-ერთ ლოკალურ მსხვილ კომპანიაში. თავისუფალ დროს ვაკეთებ ჩანახატებს.

„საგნები, რომლებსაც ვეხები“ (Things That I Touch)
„საგნები, რომლებსაც ვეხები“ (Things That I Touch)

მაგალითად? 

პროექტის „საგნები, რომლებსაც ვეხები“ (Things That I Touch) იდეა პირველად „ლოქდაუნის“ დროს გაჩნდა. დავიწყე იმ ობიექტების ხატვა, რომლებიც ჩემს რუტინას წარმოადგენდა, რომლებიც გამოხატავდა, თუ როგორ მიდიოდა იზოლაციაში ჩემი დღეები. მე გულმოდგინედ ვაკვირდებოდი იმ გარემოს, სადაც ისინი არსებობდა.

ვიზუალური გამოხატვის მსგავსი ხერხი მეხმარება სამუშაო სტრუქტურასა და დისციპლინის შენარჩუნებაში.

თქვენი პროექტის “WE MISS GETTING LOST”-ის შესახებ გვიამბეთ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მისი პრეზენტაცია – ბერლინში, Mercedes Benz Arena-ზე ანიმირებული პოსტერების ჩვენება მოეწყო.  

პირველი რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს პლატფორმა ARCHIVEUE. ეს არის სტუდენტების ნამუშევრების არქივი. ერთ-ერთი სემესტრის გამოფენა იყო “WE MISS GETTING LOST“, რომელიც ამ პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება თავად პროექტს, “WE MISS GETTING LOST“, ის მიზნად ისახავდა ექსპოზიციის ვიზიტორების ინფორმირებას. ეს ჩემთვის, საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მასშტაბური სივრცეა და შესაბამისად, ანიმაციებიც დიდ ფორმატზე იყო წარმოდგენილი. ბედნიერებაა, როდესაც შენს ნამუშევარს ხედავ არა მხოლოდ ციფრულ, არამედ ფიზიკურ სივრცეშიც.

მთლიანობაში, „ონლაინ საგამოფენო“ სივრცის შექმნა საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, რაც მოიაზრებდა UI დიზაინში მუშაობას. ასევე, პირველად ვიყავი გამოფენის კრეატორი და არა უბრალოდ მონაწილე.

ჩემი აზრით, ჯამში, საკმაოდ საინტერესო შედეგს მივაღწიეთ, მქონდა ბედნიერება, რომ მემუშავა არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, მე ამაყი ვარ ჩემი და გუნდის თითოეული წევრის ჩართულობით.

ამ კონკრეტული გამოფენის საკვანძო ვიზუალია ლაბირინთი. თითოეული ფორმა (ლაბირინთი) ეხმიანება თითოეულ სასწავლო პროგრამას.ინტერაქტიული ლოკაციის ბურთის თანახმად, მომხმარებელს საშუალება აქვს, დაათვალიეროს სტუდენტების საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნამუშევრები.

ასევე, ატმოსფეროს შესაქმნელად თანდართულია „საუნდი“, რომელიც კიდევ უფრო ხელს უწყობს იმ რეალისტურ შეგრძნებას, როცა მუზეუმში ვიმყოფებით.

თავად პლატფორმა ARCHIVEUE-ზეც ვისაუბროთ . . . 

გახსოვთ,  ბოლოს როდის მოინახულეთ მუზეუმი და დაიკარგეთ თქვენს ირგვლივ მოცემულ ნამუშევრებში? დღევანდელობიდან გამომდინარე, პრივილეგიაა საგამოფენო სივრცეებში დაკარგვა. სულ რაღაც ორი თვის წინ, შემომთავაზეს მემუშავა პროექტზე  ARCHIVEUE, რომელიც არის სტუდენტური ნამუშევრების ინოვაციური და ტექნიკურად დახვეწილი ონლაინ არქივი. ჩვენი მისია იყო, არქივის ფარგლებში, შეგვექმნა „ონლაინ“ საგამოფენო სივრცე არტ და დიზაინ კურსდამთავრებულებისთვის. ჩემს გუნდთან ერთად, ინტენსიური მუშაობის შემდეგ,  შევქმენით კომპლექსური და ინტერაქტიული „ონლაინ“ სივრცე სტუდენტებისთვის.

ჩვენი შემდეგი მიზანია,  AI-სა და ინტელექტუალური საძიებო ფუნქციის ვებგვერდზე ინტეგრირება.

ადრე ჩვენი საუბრისას თქვით: „ჩემი აზრით, მხატვარი ერთ მიგნებულ გამომსახველობით ხერხს არ უნდა დაეყრდნოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას, მის მრავალფეროვნებას. სხვა შემთხვევაში იგი უსიცოცხლო და მკვდარია“. დღეს როგორ უყურებთ ამ საკითხს? 

კომუნიკაციის დიზაინის შესწავლის ადრეულ ეტაპზე, ვეკითხებოდი საკუთარ თავს, არის კი იგი ხელოვნება? სად არის საზღვარი არტსა და დიზაინის შორის? სადავო საკითხია.

ხელოვნება კითხვებს სვამს, დიზაინი კი მათ პასუხებზეა ორიენტირებული.

მე ყოველდღიურად ვცდილობ, შევიმეცნო, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოვაჩინო, მათ განვითარებას საშუალება მივცე, ეს იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ საკუთარი თავის ახლიდან გაცნობის შეგრძნებას ტოვებს.

ვფიქრობ, ერთ ადგილას გაჩერება შეუძლებელია, ან წინ მიდიხარ ან უკან რჩები. დღეს საკუთარ თავს ინტერდისციპლინარულ არტისტად მოვიაზრებ.

მაშინდელ ინტერვიუში ისიც თქვით, რომ გქონდათ ხატვის ძლიერი სურვილი, პროტესტი, უამრავი სათქმელი, ბევრი მუშაობა, ექსპერიმენტები, ემოციები, თავგადასავლები . . . 

ახლაც ასეა, მუშაობის და განვითარების ძლიერი სურვილი. შეიძლება,  ამ ეტაპზე ჩემს სათქმელს არ ჰქონდეს პროტესტის ფორმა, თუმცა სიღრმისეულად ვმუშაობ ამა თუ იმ დიზაინის პრობლემის გადაჭრაზე, ვცდილობ, ჩემს დიზაინ ნამუშევრებში გადმოვიტანო ფერწერის მრავალწლიანი გამოცდილება, მოვახდინო მათი სინთეზი და რაღაც საინტერესო შევქმნა.

დღეს, როგორც არტისტი, რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავს? 

დღეს შემიძლია თამამად ვთქვა რომ როგორც არტისტს კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, თუმცა ძებნის პროცესი დაუსრულებელია და ეს ასეც უნდა იყოს.

ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია, როდესაც ფიქრობ, კიდევ რა მედიუმში შეგიძლია საკუთარი თავი გამოსცადო.

ხვალ რა შეიძლება იყოს თქვენი გადმოცემის ფორმა? რა მედიუმში შეიძლება, გიხილოთ? 

იმის ცოდნა, რომ არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი ამაღელვებელია. ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ადრეული ასაკიდანვე საკუთარი თავი ხელოვნებას ვაჩუქე, ეს ჩემი აბსოლუტური კომფორტის ზონაა და სულ ასე იქნება.

თქვენ, თავად როგორი ხელოვნება მოგწონთ, როგორც დამთვალიერებელს/მაყურებელს? 

რთულია როგორც დამთვალიერებლის პოზიციაში ყოფნა. რა თქმა უნდა, თუ კარგი გამოფენაა, გარდა დიდი სიამოვნებისა, განვიხილავ ნამუშევარს, ვარჩევ მას დეტალურად, ტექნიკურად, ვკითხულობ ავტორზე, როგორ არის ესა თუ ის, ვთქვათ ფორმა, მიღწეული. ხანდახან, ვფიქრობ, არახელოვანს უფრო დიდი სიამოვნების განცდა შეუძლია ამ მომენტში. აბსოლუტურად ყველა მიმართულება საინტერესოა ხელოვნებაში. შეიძლება, რომელიმეს მიმართ უფრო ობიექტურად ვიყო განწყობილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი რამ ნახოს არტისტმა, ჰქონდეს დღევანდელობის აღქმა და მსოფლმხედველობა კიდევ უფრო გაიფართოოს.

თქვენთვის გამორჩეული ხელოვანი? 

ყოველთვის მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პერმანენტულად იცვლება, რადგან ჩემი ინტერესებიც ცვალებადია, იქნება ეს ფერწერა, კინო თუ მუსიკა.

თქვენზე როგორც არტისტზე გავლენას ვინ ახდენს? 

ზეგავლენას აღვიქვამ, როგორც კოლაბორაციულ აზროვნებას. შთაგონება შეიძლება მოდიოდეს არა მხოლოდ არტისტისგან, არამედ რადიკალურად განსხვავებული პროფესიის ადამიანისგან.

ბევრს შევხვედრივარ, ვისაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, ასეთია თუნდაც ჩემი ფერწერის პროფესორი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მამაჩემი, მეგობრები.

ინდივიდუალიზმი და ხელოვნება?! 

სიტყვა ინდივიდუალიზმი გამოიყენებოდა პიროვნების აღსანიშნავად, რომელსაც აქვს ძლიერი მიდრეკილება თვითშემოქმედებისა და ექსპერიმენტებისკენ, ეწინააღმდეგება ტრადიციას ან მასობრივ მოსაზრებებს და ქცევებს.

ფრანგ-ბულგარელი სოციოლოგი, ცვეტან ტოდოროვი ინდივიდუალიზმს გულწრფელობასთან ერთად მოიაზრებს და მას მოქანდაკის სამუშაო პროცესს ადარებს, „გულწრფელი ადამიანი ამუშავებს მის რაობას მოქანდაკის სტილში, რომელიც ეძებს თავისუფლებას მარმარილოს ფორმებში, რომ სიმართლის არსი გამოსახოს“.

როცა ნამუშევარი ინდივიდუალიზმს მოკლებულია, ეს ნიშნავს იმას რომ ავტორი ცრუობს. გულწრფელობა, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ხელოვანისთვის. ასევე საქმისადმი სიყვარული და დისციპლინა განსაზღვრავს შედეგს.

თქვენს სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

სამომავლოდ  ვაპირებ საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას, აქტიურად ვარ ჩართული რამდენიმე დიზაინ პროექტში, ასევე დაგეგმილია ჯგუფური ექსპოზიციები, მათ შორის ფოტო გამოფენაც, თუმცა, რთულია თქვა დღეს რა იქნება ხვალ.

მონაცემთა მეცნიერება ცხადყოფს, რატომ ერიდებიან მწერლები ზმნიზედების ხშირ გამოყენებას

CoinLore – “პირველი პლატფორმა, რომელიც მთელ კრიპტო სამყაროს ერთ სივრცეში აერთიანებს“