6
Sep
2019

რა, თუ „რობოტები ჩაგვანაცვლებენ“, ანუ რატომ გვაშინებს ტექნოლოგიური პროგრესი

6 Sep 2019

ხშირად, როცა საკუთარ, თუ სხვის შიშზე ვფიქრობ, მახსენდება ერთი ვირუსული ვიდეო, სადაც აფრიკელი ქალი პირველად ხედავს დრონს. ეს ვიდეო ძალიან კარგი ილუსტრაციაა შიშის მოქმედების პრინციპის ასახსნელად და მინდა ის თქვენც გაჩვენოთ, სანამ ძირითად სათქმელზე გადავალ.

Alta
Alta

 

ეს ვიდეო სასაცილო არ არის, ისევე, როგორც ის, რომ ჩვენი პრეისტორიული წინაპრები თაყვანს სცემდნენ ამა თუ იმ მოვლენას (ქარს, მზეს, ელვას), რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდათ, მიაწერდნენ ზებუნებრივ ძალებს მოვლენებსა და ფაქტებს და ასე, თითქოს იქმნებოდა განსაზღვრულობის განცდა. განსაზღვრულობის, რომელიც დღემდე ასე გვჭირდება, ნებისმიერ ადამიანს. განსაზღვრულობის, რომელიც კომფორტის ზონაში გვამყოფებს, გვიქმნის ილუზიას, რომ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს სამყარო, თუ რა გველოდება. დროთა განმავლობაში, ცოდნა შიშის ანტონიმად იქცა, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ „შიში შეიქმს სიყვარულს“, უცოდინრობა შეიქმს შიშს. ყველაზე დიდი „უცოდინრობა“ კი მომავალია – ჩვენი შიშის მთავარი წყარო.

თუ ადრე მომავლის განსაჭვრეტად მკითხაობა (სხავადასხვა ფორმით) იყო პოპულარული, დღევანდელი, ტექნოლოგიური სამყარო მეტად პრაგმატულია (იმედი მაქვს), თუმცა, ცნობისმოყვარეობა, რომელიც, ამ შემთხვევაში, მომავლის ცოდნის სურვილადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, არსად წასულა. ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ცოდნას ვფლობთ, თავდაჯერებულები ვართ და სხვადასხვა შიში უკვე გადალახული გვაქვს, მაინც გვრჩება ერთი რამ, რომლის პროგნოზირებასაც მუდმივად ვცდილობთ. მაინც, როგორია ჩვენი მომავალი? მემუქრება, თუ არა საფრთხე მე, ან ჩემს საყვარელ ადამიანებს? ურთიერთობებს, რომლისთვისაც ამდენი ვიშრომე, რა ელოდება? რამდენად შეძლებს ჩემი კომპანია ამ წარმატებული რიტმის შენარჩუნებას? რაციონალური ადამიანის გონება მსგავს კითხვებზე პასუხს საკუთარი კანონზომიერებებით პოულობს – იმ გამოცდილებასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ფლობს და სრულიად ლოგიკურია, რომ ხშირად, ეს გამოცდილება და ინფორმაცია ძალიან მიკერძოებულია, კონკრეტული ადამიანის განწყობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. კონკრეტული ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობებისა და სოციალური განცდებიდან გამომდინარეც…

შესაძლო საფრთხეზე ფიქრი, რომელიც მომავალზე შფოთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც ადამიანს გარე სოციალური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული განწყობები აქვს. უფრო კონკრეტულად, უფრო მაგალითად, საფრთხის განცდა არის ის, რაც ეთნიკური, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური თუ სხვა ნიშნებით განსხვავებული ჯგუფების მიმართ არსებული მიუღებლობის საფუძველში, სხვა რამეებთან ერთად, დევს. ჯგუფთაშორისი საფრთხის თეორიის მიხედვით, როცა ჯგუფთაშორის (ჩვენ – ისინი) ურთიერთობებს ეხება საქმე, თავს იჩენს რეალისტური და სიმბოლური საფრთხის ცნება. რეალისტურია საფრთხე, რომელიც ხელშესახებ რესურსებსა თუ მოთხოვნილებებს უკავშირდება, როგორიცაა ფიზიკური უსაფრთხოება, მატერიალური რესურსები, ტერიტორია. ამ საფრთხეს აღვიქვამთ, როცა გვგონია, რომ ჩვენი ჯგუფის რეალურ – ფიზიკურ, ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ექმნება საფრთხე (Stephen, Ybarra, Morrison 2009). რეალისტურისგან განსხვავებით, სიმბოლური საფრთხის აღქმა მორალთან, ღირებულებებთან, ტრადიციებთან, რელიგიასთან დაკავშირებულ განცდებს მოიცავს, რომელიც ხელშესახები არ არის და რომელიც, სხვადასხვა დამკვიდრებული, ღირებულებითი თუ მორალური ნორმების დარღვევით, განუსაზღვრელობის განცდაში ჩავარდნის შიშია.

როგორ შეგვიძლია ავხსნათ ტექნოლოგიების შიში, იგივე, მოახლოებული ტექნოლოგიური საფრთხის აღქმა? 
ზემოთ აღვნიშნე, რომ გარე ჯგუფებზე – მიგრანტებზე, ეთნიკურ უმცირესობებზე (და ა.შ) განწყობების ფორმირებისას რეალისტური და სიმბოლური საფრთხის ცნებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შეგვიძლია, თუ არა ტექნოლოგიები, უფრო კონკრეტულად კი რობოტები წარმოვიდგინოთ „გარე ჯგუფად“, რომელიც ჩვენში რეალისტური საფრთხის განცდას სულ უფრო აღძრავს. ამას მოწმობს ნარატივი – „რობოტები ჩაგვანაცვლებენ და ჩვენთვის სამუშაო ადგილი აღარ დარჩება. ადამიანები უფუნქციოები გავხდებით და ტექნოლოგიები შეძლებენ ჩვენზე დომინირებას“. ტექნოლოგიური პროდუქტები დროდადრო გამოიხმობენ ჩვენგან რეალურ რესურსებთან – სამუშაო ადგილების დაკარგვასთან დაკავშირებულ შიშს. ჩვენ კი გვიჭირს ამ შიშის თარგმნა ახალ შესაძლებლობად. გვიჭირს, რადგან თანამედროვე ადამიანისთვის ჯერ კიდევ სირთულეა ტექნოლოგიებში, ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობასა და მიზნებში გარკვევა. სირთულეა იმ სტრატეგიების ცოდნა, რომელიც, თუნდაც, ციფრულ სამყაროში, ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი იქნება. სირთულეა ახალი, მეტად ინტელექტუალური ფუნქციების მოძებნა და შეთვისება.

მსგავსი გარდამტეხი გამოცდილება წარსულშიც აქვს კაცობრიობას და ეს არის ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის შედეგადაც გაჩნდა ქარხნები, ადამიანური რესურსის გარკვეული ნაწილი ჩაანაცვლა დანადგარებმა (მექანიზაციამ). ფიზიკური შრომის საჭიროება შემცირდა და მოგვეცა საშუალება, ჩვენი ფიზიკური, თუ გონებრივი რესურსები სხვაგან მიგვემართა. იქნებ, სწორედ ეს არის წინაპირობა, რის გამოც ბოლო საუკუნეებში, მსოფლიო იმაზე გაცილებით სწრაფად განვითარდა, ვიდრე ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. განვითარების ტემპის ასწრაფება ადამიანებისთვის მეტი ინტელექტუალური განვითარების საშუალების მიცემის შედეგი იყო. დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, იქმნება სულ უფრო მეტი პროდუქტი – რობოტი, ხელოვნური ინტელექტი, თუ სხვა რამ, რომელიც ადამიანის ფიზიკური შრომის შემცირებაზეა ორიენტირებული. იქმნება ისეთი პროდუქტებიც, რომლებიც ჩვენი მხრიდან, პირდაპირ, რეალისტურ საფრთხედ აღიქმება, რადგან გვგონია, რომ მალე ამ სამყაროში ჩვენი ადგილი აღარ იქნება. მალე, აღარ გავხდებით საჭირო ოფისებში, მშენებლობებზე, სამედიცინო დიაგნოსტირებისას. ჩვენს ადგილებს „გარე ჯგუფის“ წარმომადგენლები დაიკავებენ, რომელთა შესახებაც ცოტა რამ თუ ვიცით, რომელთათვისაც „კონკურენციის გაწევა გაგვიჭირდება“. ადამიანთა ნაწილის საწუხარი კი უკვე სცდება შიშისა და შფოთვის ფარგლებს. მათ უკვე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ ადაპტირდნენ ახალ სამყაროში, როგორ იმოქმედონ, ნაცვლად იმისა, რომ აპოკალიპტურ სცენარებზე ფიქრში დაკარგონ დრო. როგორ შეიძინონ საკმარისი ცოდნა, შესაძლო უსარგებლობის შიშის შესამცირებლად. 

როცა მომავლის სამყაროში „გადარჩენის“ გზებზე ვფიქრობ, მახსენდება ინტერვიუ მათემატიკოს ნანა დიხამინჯიასთან. ის მიყვებოდა, თუ რა საჭიროა STEM განათლება ბავშვებში. „იმისათვის, რომ არ ვიყოთ უბრალოდ მომხმარებლები და ჩვენ თვითონ მივიღოთ მსოფლიოში მოწინავე სფეროების განვითარებაში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლამდელი ასაკიდან ბავშვებს განვუვითაროთ ტექნიკური აზროვნება. ეს უნდა დავიწყოთ ახლა, იმისათვის, რომ საზოგადოება მზად იყოს ახალ ეპოქაში საცხოვრებლად“, – ამბობდა ის და იმასაც მეუბნებოდა, რომ „კაცობრიობა ჰუმანისტურად და სწორად რომ აზროვნებდეს, დღეს ისეთ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, რომ ძალიან მცირე იყოს ფიზიკური შრომა, ან ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ ადამიანებს თვითგანვითარებისთვის გვქონდეს დიდი დრო. ყველა ადამიანს ინტელექტუალური განვითარებისთვის, აზროვნებისთვის უნდა ჰქონდეს მეტი დრო“.

საქმე მხოლოდ ბავშვების განათლებას როდი ეხება. დღესაც და არამხოლოდ მომავალში, თანამედროვე ადამიანმა უნდა იპოვოს ტექნოლოგიური განვითარების შიშის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობად ქცევის გზა. უკან მოიტოვოს შესაძლო უსარგებლობის საფრთხეზე ფიქრი, რობოტების მიერ ჩანაცვლების შიში. საჭიროა ცოდნა, განათლება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ადამიანის ახალი ფუნქციების პოვნა (ოფისების, მშენებლობებისა თუ სავაჭრო ცენტრების მიღმა). მაგალითად, სწორედ ტექნოლოგიური პროგრესია ე.წ. ციფრული მომთაბარეობის (Digital Nomads) კულტურის წინაპირობა. ახალი ორგანიზაციული კულტურის, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის შესაძლებლობას გულისხმობს.

იქნებ, საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ გამართლდეს ჩვენი შიში – არ გვმართონ მანქანებმა, არ მოიპოვონ რობოტებმა ადამიანებზე დომინირება, არამედ იქცნენ „ხელებად“, ადამიანი კი – „გონებად“, რომელიც ქმნის და მართავს ტექნოლოგიებს. ადამიანი კი ადამიანად, რომელსაც აქვს მეტი დრო თვითგანვითარებისთვისა და თვითგამორკვევისთვის, ანუ იმ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელსაც მის გარდა ვერავინ უპასუხებს – ვინ ვარ? რატომ ვარ? რა მინდა? როგორ ვიმოქმედო? რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა