in

5 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც საქართველოში ტალანტებს ეძებენ

ტექნოლოგიური პროფესიები, როგორებიცაა: პროგრამირების სხვადასხვა მიმართულება, დიზაინი, ციფრული მედია მარკეტინგი თუ სხვა, მოთხოვნადობასთან ერთად კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ისინი მოქნილია დროსა და სივრცეში, ანუ შესაძლებელია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ვიმუშაოთ, ონლაინ შევათანხმოთ თანამშრომლობის დეტალები და დავიწყოთ პროექტი. 

თავის მხრივ, უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ტალანტებით და მათ შორის, ქართველი ტექსპეციალისტებითაც. პლატფორმაზე Linkedin არაერთ დიდ თუ საშუალო ორგანიზაციას შეხვდებით, რომელიც ქართველ დეველოპერებს, პროდუქტის დიზაინერებს და სხვა მსგავსი განხრის ადამიანებს ეძებს. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

Slack

მთელ მსოფლიოში პოპულარული ციფრული პლატფორმა, რომელიც ბიზნეს პროცესების მარტივად სამართავად ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს გვთავაზობს, ხშირად ათავსებს საქართველოზე გათვლილ ვაკანსიებს. ეს ვაკანსიები ძირითადად software engineer პოზიციას ეხება და სლეკის გუნდი მოთხოვნებში ყურადღებას გამომგონებლურ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და გუნდურად მუშაობის პრაქტიკაზე ამახვილებს. 

Epam

ამერიკული კომპანია „ეპამი” საკმაოდ აქტიურად ეძებს ტალანტებს საქართველოში, რადგან ისევ და ისევ ლინკდინზე ამ ორგანიზაციის მიერ დადებული საკმაოდ ბევრი პოსტი გვხვდება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „ეპამი” ითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებსაც და სამუშაო ვაკანსიებს მათთვისაც ათავსებს. 

რადგანაც თავად Epam ციფრული კომპანიაა, მისი ვაკანსიებიც ასეთივეა. აქ ნახავთ ვაკანსიებს javascript დეველოპერებისთვის, Devops engineer-ისთვის, Angular დეველოპერისთვის და სხვა. ძირითად მოთხოვნებში კი კომპანია ყურადღებას ამახვილებს ყურადღებიანობაზე, გადაწყვეტილებების მარტივად და სწრაფად მიღების უნარზე, გუნდურად მუშაობის გამოცდილებასა და სხვების მოსმენის კულტურაზე. 

Upwork

ეს პლატფორმა თავად არის ერთგვარი ხიდი დამსაქმებლებსა და დასასაქმებელ კანდიდატებს შორის. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო არხია ტექნოლოგიებზე მომუშავე ადამიანისთვის საზღვარგარეთ სამუაშოს საპოვნელად. ასევე, იგი ეხმარება საერთაშორისო კომპანიებს ტალანტების პოვნაში. მისი მეშვეობით ყოველწლიურად 2 მილიონი დოლარის სამუშაო კეთდება და მას თავად ჰყავს ე.წ. TIP გუნდი, რომელიც აძლიერებს Upwork-ის ბიზნესს. 

საქართველოში იგი პერიოდულად ეძებს ტალანტებს, თუმცა მოცემულ მომენტში upwork-ის ვაკანსიები Senior front-end developer-ს ეხება. როგორც პლატფორმა აცხადებს, ის ეძებს ადამიანს, რომელსაც პირველ რიგში ექნება დიდი გამოცდილება ამ პოზიციაზე მუშაობის და ამასთან, იქნება მოტივირებული, ექნება თვითშემეცნებისა და თვითორგანიზებულობის უნარები.

რადგანაც სტატია საერთაშორისო კომპანიებსა და ქართველ ტალანტებს ეხება, რამდენიმე ისეთ ტექგიგანტზეც მოგიყვებით, როგორებიც Google და Microsoft არიან. ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთ კომპანიებში დასაქმება ჩვენნაირი პატარა ქვეყნიდან რთულია, მაგრამ როგორც უკვე გამოცდილი ადამიანები გვეუბნებიან, ეს ასე არ არის. 

Google

მე მუშაობა Googleში დავიწყე, Shopping Product Specialist პოზიციაზე. ამ პოზიციაზე ტექნიკური პრობლემების მოგავრებაში ვეხმარები დიდ კომერციულ კომპანიებს. 

გუგლს აქვს თავისი გვერდი,სადაც შეგიძლიათ სასურველ ლოკაციაზე სასურველი პოზიციის მოძებნა. ასევე LinkedIn-ზეც ხშირად იდება პოზიციები. მე სწორედ აქ ვნახე ეს ვაკანსია და სივიც იქიდან გავუგზავნე. ქართველებისთვის რამე განსხვავებული პროცესი არ არის მსგავსი ტიპის დიდ კომპანიაში მოხვედრა. Google-სთვის ყველა კანდიდატი და თანამშრომელი თანასწორია და ყველანაირად ცდილობენ, რომ წარმატებული ონბოარდინგი გქონდეს. 

გუგლში მუშაობის დაწყებისთვის არაა საჭირო მარტო  ტექნიკური უნარების ქონა. მაგალითად, მე ონლაინ მარკეტინგთან მქონდა გამოცდილება, როგორიც არის Google Ads და კლიენტებთან მუშაობა, სარეკლამო კამპანიების შექმნა და პრობლემების მოგვარება. ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა  წარმატებული ინტერვიუს გავლაში”, – ვიქტორია კვარაცხელია, Google-ის Shopping Product Specialist.

Microsoft

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყება ზუსტად იგივენაირად ხდება, როგორც ქართული კომპანიების უმრავლესობის შემთხვევაში. უფრო ზუსტად კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შევიდეს ამ კომპანიების ოფიციალურ ვებგვერდებზე, სადაც შეუძლიათ, ნახონ მიმდინარე ვაკანსიების სია, ამოარჩიონ მათთვის სასურველი ვაკანსია და გაგზავნონ სივი. შემდეგ კი ელოდები პასუხს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მისდის ყველა აპლიკანტს (იგულისხმება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხებიც).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასეთი კომპანიები არ ითხოვენ კანდიდატებისგან უშუალოდ იმის ცოდნას, რაზეც შემდეგ მოუწევთ მუშაობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გასაუბრებებზე ამოწმებენ არა რაიმე კონკრეტულ ცოდნას, არამედ უფრო ზოგად უნარებს, მაგალითად: რამდენად კარგად შეუძლია კანდიდატს სხვადასხვა ტიპის პრობლემების გადაჭრა, ამოცანის ამოხსნის დროს როგორია მისი ფიქრის პროცესი, როგორ შეკითხვებს სვამს, ითვალისწინებს თუ არა ყველა შესაძლო შემთხვევას და ა.შ. შესაბამისად, ამ გასაუბრებების წარმატებით გასავლელად არ არის აუცილებელი, რომ დიდი პროფესიული გამოცდილება გქონდეს, საჭიროა მხოლოდ კარგი ვარჯიში გასაუბრებების ტიპის ამოცანებზე, რისთვისაც უამრავი პლატფორმა არსებობს.

მე უკვე ერთი წელია, რაც Microsoft-ში ვმუშაობ Software Developer-ის პოზიციაზე. ვაკეთებთ ვებაპლიკაციას, რომლის მიზანიცაა, ხელმისაწვდომი გახადოს განათლება ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც, რა თქმა უნდა, მასშტაბიდან გამომდინარე, რთულთან ერთად საკმაოდ საინტერესოცაა”, – სტეფანე გურგენიძე, Microsoft-ის Software Developer-ი.

როგორც ხედავთ, თანამედროვე ეპოქა ნამდვილად მოქნილია იმისთვის, რომ ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ და დავსაქმდეთ ისეთ კომპანიებში, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილები არიან. მთავარია მონდომება, უცხო ენის საშუალო დონეზე ცოდნა, რათა მარტივად შეძლოთ ინტერვიუს გავლა, იმ სფეროს სიყვარული, რომელსაც წარმოადგენთ და თანამშრომლობისთვის საჭირო მთავარი უნარები. ვაკანსიების მოძიება შეგიძლიათ Linkedin-სა და Upwork-ზე, ასევე, თუ კონკრეტული კომპანიით ხარ დაინტერესებული, შეგიძლიათ გამოცხადებული სამუშაოები მოიძიოთ მათ ვებგვერდებზე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

კერძო სექტორის როლი სამოქალაქო განათლებაში