საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ისტორია 1990-იან წლებში იწყება – მაშინ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ შორს იყო გლობალური ტექნოლოგიური პროგრესისგან. მიუხედავად ამისა, ენთუზიასტი მასწავლებლებისა და მოტივირებული მოსწავლეების ძალისხმევით, ჩამოყალიბდა პირველი თაობა, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი წარმატებით გაიტანა. ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ არაერთი მედალი მოიპოვა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აღზარდა ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში საქმიანობენ.
დღეს ეს მემკვიდრეობა ახალ ეტაპზე გადავიდა – გადაფასდა მისი კონცეფცია და 2025 წელს თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შეიქმნა საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი, ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების სისტემატიზაციას, მასშტაბირებას და ახალი თაობისთვის უფრო ხელმისაწვდომად ქცევას. თუმცა ჰაბი მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება არ არის – ის წარმოადგენს ოლიმპიადების „ახალ სიცოცხლეს“, რომელიც გამოიხატება როგორც შინაარსობრივ, ისე ვიზუალურ ტრანსფორმაციაში.

ამ სტატიაში ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს გარდაქმნა – როგორ იცვლება ოლიმპიადების გამოცდილება, რა როლი აქვს ახალ ვიზუალურ ენას და როგორ ქმნის ეს ყველაფერი სრულიად ახალ პლატფორმას მომავალი თაობებისთვის, რომელთა წარმატების ისტორიებსაც უფრო ფართო აუდიტორია შეიტყობს.
ანა ბოლქვაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი:
M: როგორ ცვლის ტექოლიმპიადების ჰაბი იმ მრავალწლიან, თუმცა არასისტემურ პრაქტიკას, რომელიც აქამდე არსებობდა?
წლების განმავლობაში ოლიმპიადები დიდწილად ინდივიდუალური ადამიანების ენთუზიაზმზე იდგა და არ ჰქონდა ერთიანი, სისტემური ჩარჩო. ჰაბი ამ მრავალწლიან გამოცდილებას ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს – უფრო გამართული ხდება როგორც ოლიმპიადების ორგანიზება, ისე ნაკრების მომზადება და საერთაშორისო ასპარეზზე გამგზავრება. შედეგად, პროცესი უფრო სტაბილური და მასშტაბურია.
M: თქვენი დაკვირვებით, რა როლი აქვს ასეთ ინიციატივებს ახალი თაობის მოტივაციაში?
მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ რეალური შესაძლებლობები და წარმატების მაგალითები. ტექოლიმპიადების ყოფილი მონაწილეების ისტორია აჩვენებს, რომ ეს გზა კონკრეტულ შედეგებამდე მიდის – იქნება ეს განათლება თუ კარიერა. სწორედ ასეთი მაგალითები აჩენს ინტერესს და უბიძგებს ახალ თაობას, დაიწყონ ამ მიმართულებით განვითარება.
M: რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროცესში ჩართვა და ოლიმპიადების მხარდაჭერა?
თიბისისთვის ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ წლების განმავლობაში დაგროვილი წარმატების ისტორიები, აუდიტორიას გავაცნოთ ქართველი ოლიმპიელები და შევქმნათ პლატფორმა, რომელიც მათ ერთმანეთთან დააკავშირებს.
განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის მიღება – ეს არის თავისუფლი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მზადყოფნა, სწრაფად ცვალებად სამყაროში საკუთარი ადგილი იპოვო. ჩვენ გვჯერა, რომ განათლებით ადამიანები თავიანთ მიზნებს რეალობად აქცევენ და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ. სწორედ ამიტომ თიბისი მრავალი წელია ქმნის და მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას ეხმარება თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებაში. ბრენდის მიზანია, ახალ თაობას მისცეს შესაძლებლობა, განათლების გზით შექმნან საკუთარი წარმატების ისტორია, განავითარონ კრიტიკული აზროვნება და მზად იყვნენ მომავლის პროფესიული გამოწვევებისთვის.
M: რა ტიპის გავლენას ელით ამ ჰაბისგან არა მხოლოდ ოლიმპიადების შედეგებზე, არამედ ზოგადად საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე მომავალ წლებში?
მოკლევადიან პერიოდში ჰაბის გავლენით, შესაძლოა, გაიზარდოს მონაწილეების რაოდენობა და გაუმჯობესდეს შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეფექტია – მეტი ტექნოლოგიური ტალანტი, უფრო ძლიერი ეკოსისტემა და საქართველოს უკეთესი პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.

ვინაიდან ტექნოლოგიური ჰაბისთვის ახალი ვიზუალური იდენტობაც შემუშავდა, კომენტარი მარი სუხიშვილს, კრეატიული კონცეფციის ავტორსაც ვთხოვეთ:
M: როგორ გადაიქცა მრავალწლიანი ისტორია ახალ ვიზუალურ იდენტობად?
პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ძლიერი, დასამახსოვრებელი სიმბოლო, რომელიც ერთდროულად გამოხატავდა ჰაბის შინაარსსაც და იქნებოდა შთამაგონებელი ახალგაზრდებისთვის. კონცეფცია შეიქმნა დიზაინ სტუდია Low Contrast Studio-სთან თანამშრომლობით.
M: როგორ ასახავს ვიზუალური ენა „ახალი სიცოცხლის“ იდეას?
ერთ-ერთი მთავარი ელემენტია მელიის სიმბოლო. ის ასოცირდება გამჭრიახობასთან, ადაპტაციის უნართან და მოხერხებულობასთან. სიმბოლოში ინტეგრირებულია დროშაც, რომელიც მეტაფორულად „მედროშის“ როლს ასრულებს, იმ ძალას, რომელიც ახალგაზრდებს გზას უკვალავს ტექნოლოგიურ სამყაროში.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი პროექტები ემოციურ კომუნიკაციაში გადაითარგმნოს?
ჩვენთვის მთავარი აუდიტორია სკოლის მოსწავლეები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ იდენტობა, რომელსაც შეიყვარებენ და ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარს. ამიტომ დიდი ყურადღება დაეთმო ბრენდირებულ ნივთებს – მერჩს, რომელიც მათ ყოველდღიურ გამოცდილებასთან იქნება დაკავშირებული და დამატებით მოტივაციას შექმნის.

M: თქვენთვის, როგორც ავტორისთვის, რითაა ეს პროექტი გამორჩეული?
ყველაზე ამაღელვებელი ისაა, რომ იდენტობა მსოფლიოს მოივლის და მრავალ წარმატებასთან იქნება დაკავშირებული. ეს არ არის უბრალოდ დიზაინი – ეს არის სიმბოლო, რომელიც მომავალ თაობებთან ერთად განვითარდება.
საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი სწორედ ამ იდეას აერთიანებს – მემკვიდრეობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს იძენს, და მომავალს, რომელიც უფრო მასშტაბური, ინკლუზიური და შთამაგონებელია.
[R]













