ციფრული სამყარო ელვის სისწარფით ვითარდება. დღე არ გავა, რაღაც ახალი და საინტერესო არ გამოჩნდეს. ტელევიზორები, ტელეფონები, ტაბლეტები, საათები, ტექნოლოგიები, პროგრამირების ენები და სხვა მრავალი საინტერესო ინოვაციური მოწყობილობა. ეს ყველაფერი კი, რამდენადაც დეველოპერებს გვირთულებს ცხოვრებას და გვაიძულებს ერთი წუთითაც არ მოვდუნდეთ, იმდენად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის ჩვენს ცხოვრებას. შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის ახალ, ინოვაციურ და საინტერესო პროექტებზე ვიმუშაოთ. სიახლე ყოველთვის გამოწვევაა, გამოწვევის დაძლევა კი – სიამოვნება.
ტექნოლოგია ვითარდება, ტელეფონი ერთბაშად ფოტო აპარატიცაა და მუსიკის ფლეიერიც. ტელევიზორები დაჭკვიანდნენ, უკვე არა მხოლოდ არხების გადართვა, არამედ სკაიპით საუბარი და თამაშიც შეგიძლიათ. მაჯის საათები ახორციელებენ სატელეფონო ზარებს და შეუძლიათ შეხვედრების ჩანიშვნა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღვნიშნავ, რომ დღევანდელი მოწყობილობები არიან მრავალფუნქციური და შესაბამისად, ამუშავებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. თითოეული ჩვენგანი, რამდენიმე მსგავსი მოწყობილობის მფლობელია, აქედან გამომდინარე დგება ინფორმაციაზე წვდომის საკითხი. ყველა ჩვენგანს გვსურს ჩვენს ინფორმაციაზე წვდომა გვქონდეს ყველა ამ მოწყობილობიდან. მაგალითად, ტელეფონში ჩაწერილი საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ლეპტოპშიც ან ტაბლეტში. უამრავი მსგავსი სისტემა არსებობს, მაგალითად ცნობილი Apple-ის iCloud, რომელთანაც ალბათ ყველა თქვენგანს ქონია შეხება.
ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დეველოპერებს, არამედ მარკეტერებსაც დიდ თავსატეხს უჩენს, რადგან ჩნდება უამრავი არხები, სადაც შეიძლება საკუთარი კომპანიების თუ ბრენდების პოპულარიზაცია და რეკლამა. საჭირო ხდება ამ არხების შესწავლა და ათვისება, შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. ერთის მხრივ, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი, გვეძლევა შესაძლებლობა გაცილებით ფართო აუდიენციას მივაწვდინოთ ჩვენი მესიჯები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში შეგვიძლია ყველაფერი დავითვალოთ. რიცხვები კი მარკეტინგში წარმატების საწინდარია.
ყოველი ჩვენთაგანისთვის ინფორმაცია აღარ ასოცირდება კონკრეტულ მოწყობილობასთან და მასთან წვდომა სხვადასხვა მოწყობილობიდან შეგვიძლია, თანამედროვე მარკეტერი უნდა ცდილობდეს თითოეულ კამპანიაში ყველა შესაძლებელი არხი ჩართოს ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალიზაციისათვის და ასევე შეეცადოს, მისთვის საჭირო ინფორმაცია შეაგროვოს და გამოიყენოს საკუთარი კომპანიის მიზნებისათვის.
მარკეტერების უმეტესობა ტექნოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს. ეჭვის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი მაინც არსებული “გამოცდილი” მეთოდების გამოყენება და ახალი მეთოდებისადმი “შიში”-ა. მაგალითად, BTL აქციებზე თავგამოჭრილი დიდი ფონების დადგმა, სადაც მომხმარებელი თავს ჰყოფს და სურათს იღებს. მომხმარებლის ასეთ აქციაში ჩართულობა, მხოლოდ თავის გაყოფით შემოიფარგლება. თუკი, იგივე აქციას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩავატარებთ, შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შემდეგი: დაიწეროს აპლიკაცია ტაბლეტისათვის. ტაბლეტის გამოყენებით პრომო გოგონამ (გოგონებმა, შესაძლებელია იგივე აქცია რამოდენიმე ადგილზე ერთდროულად ჩატარდეს), მომხმარებელს გადაუღოს სურათი, შეიყვანოს მომხმარებლის მონაცემები: სახელი, გვარი, იმეილი, დაბადების თარიღი და ტელეფონი. გადაღებული სურათი მომხმარებელს ავტომატურად გადაეგზავნება მითითებულ იმეილზე, გამოქვეყნდება კომპანიის/ბრენდის ფეისბუქის და ტვიტერის გვერდზე, სადაც ონლაინ რეჟიმში სხვა ფანებიც იხილავენ. აქციის ბოლოს კი გვექნება მომხმარებლების მონაცემთა ბაზა, რომელიც სამომავლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ. დაგვრჩება ასევე სტატისტიკური მონაცემები: მონაწილეების რაოდენობა, ასაკი, სქესი, თითოეული აქციის ადგილმდებარეობაზე აქტივობის მაჩვენებელი.

შეიძლება ასეთი აქციის ბიუჯეტი გაცილებით მაღალი იყოს, მაგრამ მიღებული მონაცემები გაცილებით ფასეული და სამომავლოდ გამოყენებადია (email და sms მარკეტინგში). ჩატარებული აქციის შედეგი კი ,დათვლადი და ხელმძღვანელობასთან ხარჯების არგუმენტირება გაცილებით ადვილი.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი ერთ-ერთი გზაა აქციის ჩასატარებლად, რომელსაც შეიძლება მრავალი განვითარება მოეძებნოს და გაცილებით საინტერესო გახდეს. BTL აქცია კი, ერთ-ერთი არხია კომპანიის/ბრენდის პოპულარიზაციისათვის.
თუკი, ტექნოლოგიას აბობოქრებულ ზღვას შევადარებთ და კომპანიებს თევზებს, მაშინ აუცილებელია ყველა მარკეტერი გრძნობდეს ტალღებს, რადგან თევზი, რომელიც ტალღის მწვერვალზეა და მას მიჰყვება ყოველთვის გადარჩება. თევზი, რომელსაც ტალღა გადაუვლის კი, შეიძლება დაიღუპოს. ტექნოლოგიური წინსვლის ტალღა რომ დაძრულია, ფაქტია. მთავარია, რამდენ ჩვენთაგანს გვინდა ვიყოთ მწვერვალზე?!
ავტორი: ოთო ფერაძე











